სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების რეფორმამ შესაძლოა პოტენციური საფრთხე შეუქმნას გამოხატვის თავისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას დონორი ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები აქვს. დეკემბრის ბოლოს, საარჩევნო კოდექსის ყოველმხრივი გაუმჯობესების ფარგლებში, პარლამენტმა ცვლილებები მიიღო. ამ ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაუწესდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ან დაკავშირებულნი არიან პოლიტიკურ პარტიებთან ან გაცხადებული აქვთ ”პოლიტიკური მიზნები.”
თუ აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ნებისმიერი სხვა პირი არღვევს ამ კანონს, მას სასტიკი ფინანსური ჯარიმები ელის. ყველაზე უარეს შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს 60,000 ლარიანი ზედა ზღვარი და სწორედ ამ რაოდენობის დაფინანსების მიღება შეუძლია არაკომერციულ ორგანიზაციებს დონორებისგან. თუ სახელმწიფო აუდიტორული ინსტიტუტი კონტროლის პალატა გადაწყვეტს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო არასათანადო დაფინანსება, ან მომსახურება, ფული ან დონორს უნდა დაუბრუნდეს, ან შესაძლოა სახელმწიფომ მისი კონფისკაცია მოახდინოს.
ზოგიერთი მედიაჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩასოწრებები ძალიან ბუნდოვნადაა ფორმულირებული და ამიტომ შეიძლება პოლიტიკური მანიპულირებისთვის მათი გამოყენება. მაგალითად, ზოგიერთი აქტივისტის ვარაუდით, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება, შეიძლება გახდეს ბიზნესსაწარმოს, ორგანიზაციის ან ინდივიდის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი, თუ ამ მოსაზრების გამოთქმას თან ახლავს რაიმე სახის ფინანსური აქტივობა, რომელმაც სარგებელი მოუტანა ამომრჩეველთა ჯგუფს.
უკვე ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – ”ახალი თაობა, ახალი ინიციატივა”, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკური პარტიების წრთვნაში და საარჩევნო მონიტორინგში, და ახალ რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიასთან, კონტროლის პალატამ მოსთხოვა ფინანსური დოკუმენტები. გამოძიება მიმდინარეობს.
200-ზე მეტი ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა კამპანიას ”ეს შენც გეხება!”, რათა მოსთხოვონ პარლამენტს დაფინანსების ამ კანონის გაუქმება.
კამპანიის დაწყებიდან 4 დღეში, 20 თებერვალს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ მმართველი პარტიის დეპუტატებს მოსთხოვა გადაეხედათ საკითხისათვის და ეცადათ გამოეძებნათ გადაწყვეტილება, რომელიც ”დაამშვიდებდა (არასამთავრობო ორგანიზაციების) შეშფოთებას.”
ამ თხოვნამ, რომელიც ჯერაც არ შესრულებულა, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერაფერში დაარწმუნა. ქეთი ხუციშვილი ”ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF) აღმასრულებელი დირექტორი, კამპანიის მონაწილე და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი აქტიური დონორი, ეთანხმება იმ აზრს, რომ კანონის ზედმეტად ბუნდოვანი ფორმულირება მთავრობას მოქმედების ძალიან დიდ თავისუფლებას ანიჭებს.
”არავის არ გვინდა, რომ არჩევნებში პოლიტიკური კორუფცია ჩაერთოს. არავის არ გვინდა, რომ ხმების მოსასყიდად ფარული რესურსები გამოიყენონ და რაიმენაირი ზეგავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე,” გვითხრა ხუციშვილმა. ”მაგრამ ამ ტიპის ცვლილებები არ არის სრულად და ბოლომდე გააზრებული.”
”ამ კანონის თანახმად, თითოეული ჩვენგანი შეიძლება განიხილებოდეს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ პირად,” დასძინა ხუციშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და კამპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ სიცხადის ნაკლებობა ერთნაირად უქმნის პრობლემას დონორებსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. „არ მესმის რა არ უნდა გავაკეთო და რა არის აკრძალული… ეს უქმნის პრობლემას დონორ ორგანიზაციებსაც (და არასამთავრობო სექტორსაც), რადგან, ერთის მხრივ ფრთხილად უნდა იყვნენ და მეორეს მხრივ, არასდროს ეცოდინებათ, რისი უნდა ეშინოდეთ,“ განაცხადა ჩუგოშვილმა. ასოციაციამ უკვე წარადგინა კანონის ალტერნატიული ვერსია განსახილველად.
გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის კანონმდებლები ამბობენ, რომ ცვლილებები შეიქმნა, რათა შეეჩერებინათ ვითომდა არაპოლიტიკური სუბიექტების მეშვეობით განხორციელებული დაფინანსება. ისინი არ ეთანხმებიან განცხადებებს, რომელთა თანახმად ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს გამოხატვის თავისუფლებას. „ეს სტანდარტები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ ორგანიზაციებს ერთნაირი რეგულაციები დაუწესდა,“ ამბობს პარლამენტარი “ნაციონალური მოძრაობიდან” და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი.
თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ის ყურადღებით აკვირდება კონტროლის პალატის გამოძიებებს და არ შეუნიშნავს ძალის ბოროტად გამოყენება. „ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოების რომელიმე აქტივობას, ისეთს, როგორიცაა გრანტის გამცემი ორგანიზაცია, ან რაიმე ამგვარი,“ განაცხადა მან. „ეს არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად.“
OSGF და სხვა დონორი ორგანიზაციები ამბობენ, რომ მათ აქვთ შეშფოთების მიზეზი გრანტის გაცემაზე ცვლილებათა შესაძლო ზემოქმედების გამო. OSGF-ის აღმასრულებელი დირექტორი ხუციშვილი ამბობს, რომ დონორმა შეიძლება დაკარგოს გრანტი, რომელიც გამოძიების სამიზნედ იქცა მაშინაც კი, თუ დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტს არაფერი აკავშირებს პოლიტიკასთან.
კანონით გამოწვეული დაბნეულობა, დასძინა მან, როგორც ჩანს გავლენას ახდენს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე და სახელმწიფო აუდიტორულ ორგანიზაციაზეც. „ერთის მხრივ, ისინი თითქოს მზად არიან თანამშრომლობისთვის“, რათა გადაწყდეს ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები, განაცხადა მან კონტროლის პალატასთან დაკავშირებით. „მეორეს მხრივ, მათ თავად აქვთ პრობლემები კანონის ინტერპრეტირებისას.“
კონტროლის პალატამ EurasiaNet.org-ს სტატიის პუბლიკაციის მომენტისათვის ინტერვიუ არ მისცა.
მეორე დიდმა დონორმა ორგანიზაციამ საქართველოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა უარი თქვა კომენტარზე. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (SIDA) განაცხადა, რომ ისიც „ყურადღებით“ აკვირდება მოვლენათა განვითარებას, თუმცა უფრო ზოგად პრობლემას ხედავს.
„თეორიულად“ კანონმა შეიძლება იქონიოს ზეგავლენა დონორების აქტივობაზე, მაგრამ ჩვენ პრობლემას უფრო ფართო სოციალურ ასპექტში ვხედავთ და არა მხოლოდ დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების კუთხით,“ განაცხადა თბილისში შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა EurasiaNet.org-ისთვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში.
საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ასევე მძაფრად რეაგირებენ კანონზე. 14 თებერვლის გამოსვლაში აშშ-ს ელჩმა მოუწოდა „კანონის ზუსტი განსაზღვრის პროცესისაკენ, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს მათი პასუხისმგებლობანი.“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი უფრო პირდაპირი იყო. რეფორმა, განაცხადა კიაიმ „ყველა მოქალაქეს ამ ქვეყანაში უწესებს შეზღუდვას მხოლოდ იმისთვის, რომ მას პოლიტიკური შეხედულებები აქვს.“
foreignpress,ge
903
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85