ბრუნდება თუ არა თარგამაძის დრო - ქიმერიძე ვანოს „გამჭვირვალე“ პოლიციის  შენობიდან  „გადმოხტა

ბრუნდება თუ არა თარგამაძის დრო - ქიმერიძე ვანოს „გამჭვირვალე“ პოლიციის შენობიდან „გადმოხტა"

რეფორმირებული პოლიციის ძალადობის მორიგი  მსხვერპლი, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მკვიდრი, 46 წლის სოსო (სოლომონ) ქიმერიძე გახდა. მისი ცხედარი, რომელსაც სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა სახლში 28 თებერვალს, დილით მიასვენეს. პოლიციის მიერ „ოფიციალურად“ გავრცელებული ვერსიით  სოსო ქიმერიძემ თავი მოიკლა. ძალოვანები ადგილზე თავიდან ირწმუნებოდნენ, თითქოს ის, ხაშურის პოლიციის შენობის მეორე სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგივიანებით საიტზე ამ ამბის განსხვავებული ვერსია დადო.

ისტორია, რომელიც ტრაგიკული შედეგით დასრულდა 27 თებერვალს დაიწყო. როდესაც სოსო ქიმერიძეს სახლში გამომძიებელმა მიაკითხა და „რაღაც საქმის გასარკვევად“ პოლიციის განყოფილებაში ისე წაიყვანა, რომ მიზეზი არც თავად ქიმერიძის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის განუმარტავს. საგულისხმოა, რომ ქიმერიძეებთან მისულ გამომძიებელს ოჯახის წევრებისთვის არც საკუთარი ვინაობა და არც წოდება არ დაუსახელებია. შესაბამისად, უცნობია რა გახდა სოსო ქიმერიძის დაკავების მიზეზი და რატომ მოეპყრნენ პოლიციის განყოფილებაში მას სასტიკად.

ერთ-ერთი ვერსიით სოფელ ქვიშხეთში, არყის სახდელი ქვაბი დაიკარგა.  სწორედ ამ ქვაბის მაძებარმა პოლიციელმა მიაკითხა სახლში ქიმერიძეს. რთული სათქმელია ქიმერიძეების სტუმარი ძალოვანი ამ შემთხვევაში გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქმედებდა, თუ ვიზიტისთვის სხვა, უფრო დამაჯერებელი მიზეზი ჰქონდა.

სოსო ქიმერიძე ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი ჯართის ქურდობისთვის და პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი.

სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რა გახდა ქიმერიძის გარდაცვალების მიზეზი -  ორ დღეში დაიდება. მანამდე კი, არსებობს გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, რომელიც არადამაჯერებლად გამოიყურება და გარდაცვლილის ოჯახის წევრების სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქიმერიძე პოლიციელების მხრიდან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.  ქიმერიძეეებს ეჭვი შეაქვთ იმაშიც, რამდენად ობიექტური იქნება სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

დაღუპულის ოჯახი უკვე მოინახულა ყოფილმა სახალხო დამცველმა. სოზარ სუბარი ამბობს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა და სახეზეა პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.

 „46 წლის სოსო ქიმერიძე პოლიციის გამომძიებელმა სახლიდან 27 თებერვალს, 8 საათზე წაიყვანა. ამის შემდეგ ისე, რომ ოჯახისთვის არაფერი უცნობებიათ   28 თებერვალს გამთენისას   სახლში გარდაცვლილი მოასვენეს.

გარეგნული დათვალიერებით სახეზე, თვალზე ყურზე  აქვს დალურჯები და ეს არ არის გადმოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები. გარდაცვლილ ქიმერიძეს,  აშკარად  ეტყობა წამების და ცემის კვალი“, - ამბობს სოზარ სუბარი.

ძალადობის ფაქტს, ტრადიციულად უარყოფს პოლიცია. ძალოვანებმა ოჯახს განუცხადეს, რომ ქიმერიძე ჯერ პოლიციის კიბის შენობიდან დაგორდა, შემდეგ კი, პოლიციის შენობის ფანჯრიდან გადახტა.  

„გაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას   კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.

პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე  გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში.

მიმდინარე წლის  28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

,,ბუნებრივია, რომ არცერთი შეესაბამება სიმართლეს და არც მეორე. დაზიანებები რაც ამ ადამიანს  ჰქონდა ამას  გადმოხტომით ვერ იღებს.   მე არ მომითხოვია მისი სხეულის მთლიანი დათვალიერება,  მაგრამ თვითმხილველებმა ახლობლებმა თქვეს, რომ ფეხებზე და ტანზე ეტყობოდა დაზიანება და ხორცი პირდაპირ ამოგლეჯილ- ამოფლეთილი აქვს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ქიმერიძეების ოჯახი და ახლობლები ეჭვობენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი სოსო ძალოვანებს სასურველი ჩვენების გამოძალვის მიზნით განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისას შემოაკვდათ.

,,ეს ადამიანი  დამნაშავეც რომ ყოფილიყო, ეს არ ამართლებს პოლიციელების ძალადობას. არ ვიცით რა მოხდა რეალურად მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი სასტიკი  წამებით არის  მოკლული.

გიგა ბოკერიას და უმრავლესობის წევრებსაც უყვართ თქმა, აბა ის დრო მოგწონდათ, დაკავებულები პოლიციის ფანჯრიდან, რომ ხტებოდნენო.

ქიმერიძის შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ ეს ტრადიცია ჯერაც ძალაშია. ისიც კარგად გვახსოვს, რომ გაცილებით მეტი ახალგაზრდა და ასაკოვანიც დახვრიტეს სააკაშვილის პერიოდში ქუჩაში. რა მნიშვნელობა აქვს ფანჯრიდან გადახტება ადამიანი თუ  ქუჩაში დაიხვრიტება. ეს დახვრეტები არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ფანჯრიდან გადმოგდება“, - ამბობს სუბარი.

პოლცია ირწმუნება, რომ „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში“. თუმცა რით დასრულდება ეს გამოძიება არც თუ რთული განსაჭვრეტია.

ქიმერიძეების ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და სახელმწიფოსგან დანიშნული შემწეობის ხარჯზე ცხოვრობს. სოსო ქიმერიძე პირობით მსჯავრს ქვიშხეთის ყოფილი პიონერთა ბანაკის დაშლის დროს, ამ ტერიტორიიდან ჯართში ჩასაბარებლად მასალების წაღების გამო იხდიდა.