თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებ და პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ხელმეორედ მივმართავ - ასეთი გადაწყვეტილება 22 თებერვალს, ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატთან, მამუკა ნოზაძესთან ერთად, მოსამართლე ნინო შარაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ მივიღე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მოვითხოვდი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაევალებინა სრულყოფილი ინფორმაციის გაცემა იმ სპეცდანიშნულების რაზმების თაობაზე (მათი სახელწოდების, უწყებრივი და რეგიონული დანაყოფის იდენტიფიკაციით), რომლებიც მონაწილეობდნენ რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევაში.
შსს-ს პროცესზე შორენა პეტავა წარმოადგენდა. შსს თვლის, რომ ჩემი განცხადება (რომელიც ამავე უწყებამ უპასუხოდ დატოვა) და შემდეგ იმავე წლის 13 ივნისს შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი ზოგადი ხასიათის იყო და შესაბამისად პასუხიც ზოგადი გამცეს. მე და ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე მივიჩნევთ, რომ შსს-ს არგუმენტი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იმით განპირობებულია, რომ შსს-ს არ უნდა კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქმე სასამართლომდე არ მივიდოდა.
„გთხოვთ, მაცნობოთ 2011 წლის 26 მაისს რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ მიტინგის დაშლაში“, - ასეთი შინაარსის განცხადებით მივმართე 2011 წლის 27 მაისს შსს-ს, რომელიც არ განიხილეს, რასაც ადმინისტრაციული საჩივარი მოჰყვა.
2011 წლის 27 ივნისს, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ფოსტით ჩამბარდა შს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა, რომ „შსს-ს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსმა, ხათუნა ქველაძემ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ საჩივარს და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას, რომელიც მოძიების ეტაპზეა. შსს-ს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს ჰყავს სპეცდანიშნულების რაზმები, ამდენად მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა საჭიროებს დამატებით დროს“.
შს მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა პასუხის გაცემას 5 სამუშაო დღის ვადაში, ჩემი ზრით არაადეკვატურად შესრულდა - ფოსტით გამომიგზავნეს 14 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ზვიად თავართქილაძე. დოკუმენტში წერია:
„თქვენი 2011 წლის 13 ივნისის №692737 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე შს სამინისტროს მიერ გამოცემული 2011 წლის 1 ივლისის №552 ბრძანების საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამეს ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკანონო მიტინგის დაშლაში მონაწილეობა მიიღო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფებმა“.
საინტერესო იყო 2012 წლის 22 თებერვალს მოსამართლე ნინო შარაძისა და ადვოკატ მამუკა ნოზაძის მიერ დასმულ კითხვებზე შსს-ს წარმომადგენლის პასუხები და განმარტებები - “სპეცდანიშნულების რაზმები“, ასე არ ჰქვიათ, მე აქ სტრუქტურის განხილვას ვერ დავიწყებ. რა ზოგადი შინაარსის განცხადებაც იყო, ისეთი მიახლოებული პასუხი გაიცა. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში რა იგულისხმება? შესაბამისი დანაყოფი, რომ განვმარტო, გამოდის, რომ ეს განცხადების მოთხოვნის ფარგლებს სცილდება და ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხს არ გავცემ. არსებობს შსს-ს ქვედანაყოფები, პრეზიდენტის N614 ბრძანებულებით შსს-ს დებულება დამტკიცებულია, ხოლო შსს-ს ქვედანაყოფები სპეციალურ დებულებაშია მითითებული. ამ დებულების დეტალები კანონით “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საიდუმლოა“.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის კითხვაზე - შესაბამისი დანაყოფების სახელწოდებები საიდუმლოებას წარმოადგენს თუ არა? შსს-ს წარმომადგენლის პასუხი ასეთი გახლდათ - “არ ვარ ვალდებული გიპასუხოთ, რადგან ეს დავის საგანს სცილდება. ამ სამბწკარიან განცხადებას ერთი საათია ვიხილავთ, უკვე დავიზეპირე“.
მას შემდეგ, რაც პროცესზე განვაცხადე, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამეს საკუთარი თვალით ვნახე უთვალავი სპეცრაზმელი, რომელთა შორის ჯინსის შარვლიანებიც იყვნენ-მეთქი, მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენელს კითხვა დაუსვა - სპეციალური ქვედანაყოფის დეპარტამენტის დანაყოფებს უფლება ჰქონდათ თუ არა სამოქალაქო ფორმით ყოფილიყვნენო? და ამაზე ასეთი პასუხი მიიღო - “წესით ფორმა უნდა სცმოდათ. რამდენადაც ვიცი, ეცვათ კიდეც და სამოქალაქო პირები რას სჩადიოდნენ, ეს არ ვიციო“.
კითხვაზე - რამდენად არგუმენტირებული და დასაბუთებულია შსს-ს პოზიცია, რომ ზოგად კითხვაზე გაიცა ზოგადი პასუხი? ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს (და მას მეც ვეთანხმები), რომ შსს-ს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე თავხედობით გამოირჩეოდა და არც კი ცდილობდა, რომ სარჩელთან მიმართებაში დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოედგინა.
„განცხადება, რომლითაც თქვენ გასული წლის 27 მაისს შსს-ს მიმართეთ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ეფუძნებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას და შსს-ს უფლება არ ჰქონდა დაემალა ის ინფორმაცია, თუ რომელი დანაყოფები იღებდნენ მონაწილეობას 26 მაისს მშვიდობიან მომიტინგეთა ძალადობრივ დარბევაში, რაც უფლებამოსილების გადამეტება და დანაშაულია.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ ვინ არბევს მიტინგებს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხის ფულით ფინანსდება და საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს თუ ვინ არბევს საზოგადოებას, როცა საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის შესაბამისად, მშვიდობიანად იკრიბებიან და პროტესტს აფიქსირებენ. როდესაც მშვიდობიანი მიტინგის მარბიელთა შესახებ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დაუშვებელია საჯარო დაწესებულებამ ინფორმაცია დამალოს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გამოთხოვილი არ იყო იმათი გვარები და სახელები, ვინც რუსთაველის გამზირზე აქცია დაარბია. მოთხოვნა შეეხებოდა შსს-ს იმ დანაყოფების სახელწოდებებს, რომლებიც აქციის დაშლაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
შსს-ს წარმომადგენელი 22 თებერვალს გამართულ პროცესზე მოუმზადებელი იყო და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე დაუსაბუთებლად აცხადებდა, რომ ეს ინფორმაცია თითქოსდა საიდუმლოს წარმოადგენდა, რაც მცდარია; შსს-ს წარმომადგენელმა კანონის შესაბამისი ნორმა ვერ მიუთითა, დემონსტრაციულად განაცხადა, რომ პასუხს არ გაგვცემდა და დუმილის უფლება გამოიყენა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით)“, - ამბობს ნოზაძე.
22 თებერვალს გამართული სხდომა საათსა და 15 წუთში დასრულდა. მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი ასე აფასებს:
„მოსამართლე ნინო შარაძე, რომელიც ხელისუფლების უკანონობის ლეგიტიმაციას ახდენს ხოლმე, ამჯერადაც ასე მოიქცა. მან თავიდანვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის თაობაზეც მივუთითე, რომ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა სხდომის ბოლოს რას გამოაცხადებდა და რომ მისი პოზიციიდან აშკარად ჩანდა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ხელმეორედ 2 მარტს მივმართავ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კი სააპელაციო წესით მას შემდეგ გავასაჩივრებთ, რაც საქალაქო სასამართლოდან 22 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი ჩაგვბარდება.