ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ საუბრობს. ინტერნეტპორტალ IzRus-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები ამ განცხადებით გაკვირვებულები დარჩნენ. კერძოდ, იმით, რომ , თითქოს უკვე დიდი ხანია იმართება მოლაპარაკებები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე. ამის შესახებ რამე არც ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში იციან...
,,ჩვენთვის ეს ახალი ამბავია. მსგავსი არაფერი გვსმენია", - განაცხადა ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა იჰალ პალმორმა.
ანალოგიური კომენტარი გაკეთდა ისრაელის პრემიერის კანცელარიაშიც. ინტერნეტპორტალი აღნიშნავს, რომ უწყებაში ასეთი მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იციან. არა და ეს ის უწყებაა, რომლისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად უნდა მიემართა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები კი უფლებამოსილნი არა არიან, ასეთ თემატიკაზე მოლაპარაკებები აწარმოონ, მითუმეტეს ისე, რომ ისრაელის დიპლომატიური სამსახური და მთავრობის კანცელარია საქმის კურსში არ ჩააყენონ.
სააკაშვილმა ინფორმაცია ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ოკუპაციის კვირეულის დღეებში საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25 თებერვალს, გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო მოსამსახურებთან შეხვედრისას, ახალი ქართული სამხედრო ჯავშანმანქანის, „ლაზიკას“ პრეზენტაციის შემდეგ გაახმიანა.
,,მე თქვენთან მოვედი, 25 თებერვალს, საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მთავარ საკითხზე გესაუბროთ.. აქ ახლა ამაყად ვდგავართ, როგორც თავისუფალი ადამიანები“, - მიმართა მან ქართველ სამხედროებს, გორში, სწორედ იმ ქალაქში საიდან ფორთქვით გამოქცეულიც 2008 წლის ომის დროს მთელმ მსოფლიომ იხილა.
წინ არჩევნებია და მხოლოდ გმირობაზე, უსაფრთხობეზე ხომ არ ისაუბრებდა (თანაც იმ რეგიონში სადაც ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი). ამიტომ, როგორც ჩვევია ტრადიციულად „ექსკლუზიური ინფორმცია“ გაავრცელა მის „საქმენზე საგმირონზე“ .
,,რამდენიმე დღის წინ შევქმენი ჯგუფი რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. წელს იწყება ოშკისა და სხვა ქართული ძეგლების თურქეთის ტერიტორიაზე აღდგენა თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების ფარგლებში“,-განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა მალევე გაირკვა, რომ სააკაშვილის სიტყვები მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, ქართველ ამომრჩეველზე იყო გათვლილი და სიმართლესთან საერთო არაფერი ჰქონდა.
რადგან სააგენტო IzRus-მა გაავრცელა ინფრომაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის და შემდეგ უკვე კულტურის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებები ამ თემაზე ისრაელის მთავრობისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
„ებრაელმა დიპლომატებმა გაკვირვებით მიიღეს ოფიციალური თბილისიდან მომავალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ XI ასწლეულში იერუსალიმში აშენებული ჯვრის მონასტრის საქართველოსათვის „დაბრუნების“ თაობაზე".
აშკარაა, რომ სააკაშვილის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული სახელმწიფოსათვის დაბრუნების საკითხზე მომუშავე ჯგუფის შექმნის შესახებ არაფერი იცოდნენ მისი მთავრობის წევრებმაც.
კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეეცადა არ შეემჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო. ამიტომ ჯგუფის წევრების არ დასახელების მიზეზად „კონფიდენციალობა“ მოიშველია.
,,საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება ადვილი საქმე არ არის, ეს ძალიან რთული პროცესია. ნაადრევი დასკვენების გაკეთება რეზულტატისთვის სასარგებლო არ იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობას და ტექნიკურ საკითხებს კონფიდენციალურად ვტოვებ, რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ მიღირს“ ,- განაცხადა რურუამ.
პრეზიდენტის მიერ ჰაერში გასროლილი სიტყვებს მეტი დამაჯერებლობა ვერც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შესძინა. ნინო კალანდაძემ კომენტარი არა როგორც უკვე მომუშავე არამედ მომავალში შესაქმნელ ჯგუფზე გააკეთა.
,,რთული სათქმელია რა ეტაპზე არის მოლაპარაკებები. ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დარგობრივი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებით. შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ინიციატივის შემდეგ კიდევ უფრო გავააქტიურებთ“ -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და იმედს იტოვებს, რომ მეორე მხარე ამ საკითხს უფრო აქტიურად გამოეხმაურება
მას შემდეგ რაც ისრაელმა ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა უარყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კერძოდ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშრებული საკითხები ეკლესიასთან „მჭიდრო კავშირის“ შედეგად გადაწყდება და ამ მიმართულებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
„საკითხის გადასაწყვეტად მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ისრაელში. ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რადგან მრავალი სამართლებრივი საკითხია გადასაწყვეტი“, - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მუშაობა „მიმდინარეობდა და მიმდინარეობს“.
ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ ურთიერთშეუთანხმებელი განცხადებების და ისრაელის მთავრობის წარმომადგენელთა კომენტარების შემდეგ აშკარაა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე მომუშავე ჯგუფი სინამდვილეში ჯერ არ შექმნილა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 25 თებერვალს გორში, სამხედრო აკადემიაში სტუმრობისას გაკეთებული განცხადება სინამდვილეში მხოლოდ ქართული მხარის სურვილის გახმიანება იყო.
სურვილის, რომელიც ისრაელში ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმაც გაახმიანა.
„ჯვრის მონასტერი თქვენ იცით რომ ქართული მონასტერია. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე“, - აღნიშნა ილია მეორემ.
ისრაელში, პალესტინაში მდებარე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ისტორიული ცნობების თანახმად, ბერძნები ქართულ მონასტერს და მის ქონებას ჯერ კიდევ 1749 წლიდან დაეუფლნენ. შესაბამისად მონასტრის დაბრუნებისთვის ქართულ მხარეს არც თუ მარტივი სამუშაოების ჩატარება, როგორც ისრაელის, ასევე ბერძნულ მხარესთანაც მოუწევს.