მას შემდეგ, რაც სააკაშვილს ბაღდათში ე.წ. საავადმყოფოს გახსნისას შეემთხვა, წესით, სხვა ასეთი საავადმყოფოს გახსნის ხალისი უნდა დაკარგვოდა. საზოგადოებას კარგად ახსოვს და დღემდე ღიმილს იწვევს ის ფაქტი, პრეზიდენტს ბაღდათის საავადმყოფოში, საწოლში პიჯაკიან-ჰალსტუხიან-ჩექმებიანი „პაციენტი“ რომ დაახვედრეს. ცხადია, ეს ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლების ნამეტანი თავგამოდების გამო მოხდა, მაგრამ, ცხადია, პრეზიდენტი იმას მაინც უნდა მიმხვდარიყო, რომ გამგეობების მიერ მის შესახვედრად მიყვანილი ხალხი, მაინც და მაინც გულწრფელად არ უკოცნის ხელებს.
მაგრამ, ფაქტია, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრებს განაგრძობს და მიყვანილი ხალხის ყალბი ხვევნა-კოცნა და პოლიხრონიონი მაინც სიამოვნებს. იმ ნაციონალური არხების ის ჟურნალისტები კი, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ დროს ასეთივე გულწრფელობით მისტიროდნენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) შევარდნაძეს, რომლებიც ახლა სააკაშვილს პოლიხრონიონს უმღერიან და დიდი ალბათობით, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც ასეთივე გულწრფელობით უმღერებენ ახალ ხელისუფლებას დითირამბებს, თავგამოდებით ცდილობენ იმის ჩვენებას, თუ როგორი საერთო აღტაცებით ხვდებიან ადამიანები საყვარელ პრეზიდენტს და აღელვებისგან თავადაც ცრემლმომდგარნი წერენ იმ ადამიანებისგან კომენტარებს, ვისაც, თურმე, ამქვეყნად არაფერი უნდათ, გარდა სააკაშვილის კარგად ყოფნისა და იმითაც ბედნიერები იქნებიან თუ მის ხელზე მთხვევის საშუალება მიეცემათ. (ვისაც ეს გადაჭარბებული ან უტრირებული ჰგონია, ვურჩევთ, ნაციონალურ არხებს 5 წუთით მაინც შეხედოს).
ასეთი შეხვედრების დადგმა ყველგან არ ხერხდება და, როგორც ჩანს, ეს ადგილობრივ ხელისუფლებებს ყველაზე მეტად მთიან რეგიონებში უჭირთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი დუშეთში იმყოფებოდა, მაგრამ ეს შეხვედრა არც ერთ ნაციონალურ არხს არ გაუშუქებია, რადგან პრეზიდენტს იქ დამხვდურების მისადმი დამოკიდებულება ისე არ მოსწონებია, რომ მიუტოვებია იქაურობა და უკან გამოქცეულა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, პრეზიდენტის ჩასვლის წინ ნაციონალების აქტივისტებმა ყველა ოჯახი გააფრთხილეს, რომ შეხვედრაზე მისულიყვნენ და პრეზიდენტისთვის მადლობა გადაეხადათ.
„დიახ, ნამდვილად ასე იყო. რა, სულაც ასე არ ხდება? თუ ვინმე მოდის, წინასწარ გვაფრთხილებენ, რომ მივიდეთ. მაგრამ ჩვენ მანდ სასიარულოდ სად გვცალია? ცოტა მოცლილია, ჩვენ რომ არ მივიდეთ? აი, გაიარეთ ბაზართან და გარეთ ვისაც ნახავთ, ეგენი მიდიან ხოლმე და კიდევ მასწავლებლებს და გამგეობაში ვინც მუშაობენ, იმათ ეუბნებიან, რომ უნდა მივიდნენ. თუ არ მივლენ, სამსახურს დაკარგავენ“, - გვითხრა დუშეთში მცოხვრებმა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც ჩვენთვის არ უთხოვია, რომ მისი გვარი არ დაგვესახელებინა, მაგრამ მისივე უსაფრთხოების გამო მისი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს ვიკავებთ.
მეორემ კი გვითხრა, რომ ამ შეხვედრაზეც სწორედ საჯარო სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები და ბირჟაზე მდგომი რამდენიმე ადამიანი მიიყვანეს.
„მაგრამ არ გეგონოთ, რომ ჩვენთანაც ისეთივე ხვევნა-კოცნით დახვდნენ, როგორც ტელევიზორში აჩვენებენ ხოლმე. საკოცნელად მარტო გამგებლის სიდედრმა გაიწია. ეგ იყო და ეგ. ეტყობა, პრეზიდენტი მაგის გამო გაბრაზდა, ერთი ხუთი წუთი გაჩერდა და ეგრევე წავიდა“, - გვითხრა დუშეთში მცხოვრებმა.
მართალია, მათ ამ ამბავზე ეღიმებათ, მაგრამ შეწუხებულებმა შემოგვჩივლეს, „რა ვქნათ, არჩევნების დროს იძულებულს გვხდიან, ხუთიანი შემოვხაზოთო“.
მათი თქმით, საჯარო სტრუქტურაში დასაქმებულ ყველა ადამიანს ეუბნებიან, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა უზრუნველყოს, რომ 20-მა ადამიანმა მაინც მისცეს ხმა ნაციონალებს. თუ არადა, სამსახურის დატოვება მოუწევთ. ამას ემატება პატიმრების, ჯარში მყოფთა ოჯახები.
დუშელების თქმით, პრეზიდენტის შეხვედრის ჩაშლის გამო ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ისეთი გაბრაზებული ყოფილა, რომ არჩევნებამდე კიდევ რას მოიმოქმედებენ, კაცმა არ იცის.