უცხო ქვეყნის სამსახურში

უცხო ქვეყნის სამსახურში

რამდენიმე თვის შემდეგ პოლონეთსა და უკრაინაში ფეხბურთში ევროპის 2012 წლის პირველობის ფინალური სტადია დაიწყება. სამწუხაროდ ეს შეჯიბრება კვლავ საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. ამ სამწუხარო ფაქტს უკვე დიდი ხანია შევეგუეთ და ისღა დაგვრჩენია ჩვენი ფეხბურთელების ძველი წარმატებებით ვიხაროთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ თავის დროზე დამოუკიდებლობის გამოცხადებამ გულშემატკივრებს დიდი იმედები გაგვიჩინა. ყველა ქართველს გვჯეროდა, რომ რუსი შოვინისტი სპორტული ფუნქციონერების დიქტატისაგან გათავისუფლებული ჩვენი მოთამაშეები საერთაშორისო სარბიელზე თავის წონად სიტყვას აუცილებლად იტყოდნენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ალბათ გაიხსენებთ თბილისში მოლდავეთის ეროვნული გუნდის სტუმრობას და პირველი წაგებით გამოწვეულ მოულოდნელ გრძნობას. მაშინ არავის ეგონა, რომ ის მარცხი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებისათვის ჩვეულ მოვლენად გადაიქცეოდა. გუნდი ალექსანდრე ჩივაძემ, დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა აღმავლობის გზაზე ვერ დააყენეს. საქმეს არც უცხოელი სპეციალისტების მოწვევამაც უშველა.

საქართველოს ნაკრების შედარებით ხანმოკლე ისტორიის განხილვა ცალკე სტატიის თემაა. დღევანდელ წერილში კი ის მოთამაშეები მინდა გავიხსენო, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატებზე ყოფილი სსრკ-ის ნაკრებში უასპარეზიათ. უახლოეს მომავალში ამ თემაზე კიდევ ერთ წერილს შემოგთავაზებთ და სიტყვას უშუალოდ ფეხბურთელებს გადავცემთ.

ევროპის პირველი ჩემპიონატი 1960 წელს გაიმართა. მასში მონაწილეობაზე ინგლისმა, იტალიამ, ყოფილმა გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, შვედეთმა და ბელგიამ უარი განაცხადეს. შესარჩევ შეხვედრებში მხოლოდ 17 ნაკრები ასპარეზობდა. ოთხთა ფინალი პარიზში ჩატარდა.

სსრკ-ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი გახლდათ. ნაკრებში სამი ქართველი – გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი თამაშობდნენ.

ნახევარფინალში საბჭოელებმა ჩეხოსლოვაკიის ნაკრები დაამარცხეს – 3:0 და გადამწყვეტ შეხვედრაში იუგოსლავიას დაუპირისპირდნენ.

იმ მატჩის ერთ-ერთი გმირი სლავა მეტრეველი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის დასასრულს იუგოსლავიელმა გალიჩმა ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო როდესაც მეტრეველმა წონასწორობა აღადგინა. დამატებით დროში ვიქტორ პონედელნიკმა გამარჯვება სსრკ-ის გუნდს მოუტანა – 2:1. ამ სათამაშო ეპიზოდში გადამწყვეტი როლი მიხეილ მესხმა ითამაშა, რომელმაც მოედნის მარჯვენა კუთხეში მცველი მოატყუა და პონედელნიკს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ამ ტურნირის დასრულების შემდეგ ევროპის სიმბოლური ნაკრების სია გამოქვეყნდა, სადაც სხვებთან ერთად სლავა მეტრეველიც იყო მოხსენიებული.

ევროპის მომდევნო ჩემპიონატის ფინალური სტადია ესპანეთში გაიმართა. სსრკ-ის ნაკრების თავკაცი ჩვენი “დიდი მეგობარი” კონსტანტინე ბესკოვი გასხლდათ. მან “ტრადიციას” არ უღალატა და ქართველი ფეხბურთელები ნაკრებში არ მიიწვია. მართლაც რომ საკამათო ფაქტი გახლდათ, რადგან 1964 წელს თბილისის “დინამომ” ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ამის მიუხედავად მერვედფინალურ და მეოთხედფინალურ ეტაპებზე ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი მაინც იყო წარმოდგენილი. ქუთაისის “ტორპედოს” კარის დარაჯმა რამაზ ურუშაძემ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მოსკოვში ჩატარებულ შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა და “სკუადრა აძურას” თავდამსხმელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. რამაზის სამწუხაროდ ის ლევ იაშინის დუბლიორად მოიაზრებოდა და მომდევნო თამაშებში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა.

მადრიდში ჩატარებულ ოთხთა ტურნირში მოედანზე არც ერთი ქართველი მოთამაშე არ გამოჩენილა. ფინალურ მატჩში საბჭოთა ნაკრები მასპინძლებთან დამარცხდა – 1:2. მოსკოვში დაბრუნებული კონსტანტინე ბესკოვი მესხის არწაყვანის გამო განსაკუთრებით კი გააკრიტიკეს, მაგრამ ამით გაფუჭებული საქმე არ გამოსწორებულა. ცოტა ხანში მიხელ მესხს უნამუსოდ კიდევ ერთხელ მოექცნენ და ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ უკვე მოროზოვმა არ წაიყვანა.

ევროპის მომდევნო პირველობა 1968 წელს გაიმართა, მის ფინალურ ნაწილს კი იტალიამ უმასპინძლა. სსრკ-ის ნაკრებში ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა და გურამ ცხოვრებოვი ასპარეზობდნენ.

ქართველებისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსკოვში ჩატარებული შეხვედრა გამოდგა. ეს გახლდათ საპასუხო მეოთხედფინალური დაპირისპირება. პირველი მატჩი უნგრელებს ორბურთიანი სხვაობით ჰქონდათ მოგებული – 2:0.

მოსკოვის შეხვედრა მურთაზ ხურცილავას ბენეფისად გადაიქცა. საბჭოელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს – 3:0. მეორე ბურთი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელის ანგარიშზე იყო.

ფინალური სტადიის ნახევარფინალში სსრკ-ის ნაკრები მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, გერმანელმა ჩენსერმა გამარჯვებულის ვინაობა “არიოლ-რეშკათი” გამოავლინა. ბედმა იტალიელებს გაუღიმა.

1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა სამმა ქართველმა მოთამაშემ მიიღო. მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი და გივი ნოდია გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გახლდნენ.

დასკვნითი ეტაპი ბელგიაში ჩატარდა. ფინალურ შეხვედრაში სსრკ-ის ნაკრები ჰელმუტ შიონის გაწვრთნილ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდს დაუპირისპირდა. მურთაზ ხურცილავა გუნდის კაპიტანი გახლდათ. მან და რევაზ ძოძუაშვილმა გადამწყვეტი მატჩი სრულად ჩაატარეს. მათი დიდი მონდომების მიუხედავად საბჭოელებმა ფრანც ბეკენბაუერს, გიუნტერ ნეტცერს, ული ჰიონესს, პაულ ბრაიტნერს, გერდ მიულერსა და იუპ ჰეინკესს ღირსეული მეტოქეობა ვერ გაუწიეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ – 0:3.

1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სსრკ ვერ მოხვდა. აღსანიშნავია რომ შესარჩევ შეხვედრებში, შემდეგ კი მეოთხედფინალში ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.

ნაკრებმა ვერ გადალახა 1980 წლის პირველობის შესარჩევი ბარიერიც, მაგრამ ერთდროულად ამდენ ქართველ ფეხბურთელს სსრკ-ის გუნდში მერე აღარ უთამაშია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკიტა სიმონიანი იყო, რომელიც სხვა რუსი სპეციალისტებისაგან განსხვავებით შოვინისტური ბუნებით არ გამოირჩეოდა და გუნდის შემადგენლობას მართლაც სიძლიერის მიხედვით არჩევდა. იმ წლებში დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, შოთა ხინჩაგაშვილი და ვახტანგ ქორიძე ნაკრებში სტაბილურად ასპარეზობდნენ.

1984 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტმა თამაშებმაც საბჭოთა გუნდის გარეშე ჩაიარა. ნაკრებს სათავეში ამჯერად ვალერი ლობანოვსკი ედგა. პორტუგალიელებთან ბოლო შესარჩევ შეხვედრაში მარცხი რომ არა, საფრანგეთის სტადიონებზე ალექსანდრე ჩივაძეს, თენგიზ სულაქველიძესა და რამაზ შენგელიას ვიხილავდით.

1988 წელს ლობანოვსკიმ საწადელს მაინც მიაღწია და გუნდი გერმანიაში ჩატარებულ ფინალურ სტადიაზე გაიყვანა. ქართულ ფეხბურთს ნაკრებში თენგიზ სულაქველიძე წარმოადგენდა. ფინალში საბჭოელები რინუს მიხელსის ჰოლანდიასთან დამარცხდნენ. ალბათ გაიხსენებთ, მარკო ვან ბასტენის მიერ ამ მატჩში გატანილ ულამაზეს გოლს.

1992 წლის ევროპის ჩემპიონატისათვის სსრკ აღარ არსებობდა და დიადი საბჭოეთი “დსთ”-ს სახელს ატარებდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდში ერთი ქართველი მოთამაშე ირიცხებოდა – მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი კახა ცხადაძე.

ამის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ნაკრები გამოჩნდა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა გერმანიისა და ბულგარეთის შემდეგ საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს შედეგი ყველაზე წარმატებულ გამოსვლად რჩება.