ნიკოლას კლეიტონი, "The Faster Times"
გასულ კვირაში, ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს ვუთხარი, რომ რეგიონზე საერთაშორისო პუბლიკაციებით დიდი ხნის შემდეგ პირველად დავინტერესდი. „ალბათ ხვდებით ხო რას ეხებოდა ეს პუბლიკაციები?“, ვიკითხე მე. დუმილი.
მათ ერთმანეთს გადახედეს და რამდენიმე მოსაზრება გამოთქვეს. „თურქეთს და საქართველოს შორის შეთანხმება ისტორიული ძეგლების რესტავრაციაზე? ვიცი, რომ პატრიარქი უკმაყოფილო იყო ამით – მაგრამ არა, ეს არ ყოფილა. არც, ბოლოდროინდელი შიდა პოლიტიკური აბსურდი“.
საკმაოდ გამიკვირდა, რადგან საქართველო კვლავ მოექცა საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში და ადგილობრივი მედიიდან ამაზე არავინ საუბრობდა.
გასულ ორშაბათს, საქართველოში ისრაელის საელჩოს მძღოლის პერსონალურ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი იპოვეს. იმავე დღეს, ბომბი აფეთქდა ისრაელის საელჩოს ავტომანქანაში ინდოეთში, ნიუ დელიში. ამ აფეთქების შედეგად სხვებთან ერთად, ისრაელის სამხედრო ატაშეს მეუღლეც დაიჭრა.
იმავე დღეს, თეირანმა აზერბაიჯანი იმაში დაადანაშაულა, რომ ის დაეხმარა ისრაელის უშიშროების ძალებს ირანელი მეცნიერის როშანის მკვლელობაში, რომელიც იანვრის დასაყისში მის ავტომანქანაზე დამონტაჟებული მაგნიტური ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. იმავდროულად, ადგილობრივ გაზეთს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ „ირანის რეაქცია გასცდება ქვეყნის და რეგიონის საზღვრებს. [...] ვერავინ, ვინც ეს თავდასხმები დაუკვეთა, თავს უსაფრთხოდ ვერსად ვერ იგრძნობს“.
ამ კვირაში აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ირანული ქსელი ამხილა, რომელიც ქვეყანაში „უცხოელების“ მოკვლას გეგმავდა და დიდხანს ჩიოდა ირანის აჩრდილის გაძლიერებაზე ქვეყანაში. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2010 წლის წერილის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამერიკელ დიპლომატებთან ჩიოდა, რომ ირანი „არამხოლოდ აფინანსებდა რადიკალურ ისლამურ ჯგუფებს და ჰეზბოლას ტერორისტებს“, არამედ იმასაც აცხადებდა, რომ თეირანი იყო ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი.
ბაქო, როგორც ჩანს აზერბაიჯანის ისლამურ პარტიას ქვეყანაში ირანის სატელიტად მიიჩნევს და რამდენიმე ამ პარტიის წევრი და ისლამისტებისადმი სიმპატიით განწყობილი მედიის წარმომადგენელი დააკავა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს დაახლოვება ირანთან ცოტა უცნაური მოვლენა იყო, იმის გავითვალისწინებით, რომ საქართველო იმავდროულად ნატოს ყველაზე ენთუზიასტი ასპირანტი ქვეყანაა პლანეტაზე. თბილისი ათასობით ჯარისკაცს აგზავნის ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში და საჯაროდ სთავაზობს დასავლეთს საკუთარ ტერიტორიას ევროპული ანტისარაკეტო ფარის განთავსებისთვის, მაგრამ მისი ჩინოვნიკები ასევე აქტიურად ელოლიავებიან ირანელ ტურისტებს და ინვესტორებს.
იმის მიზეზს, თუ რატომ დაუთმეს ამ ამბავს ძალიან ცოტა დრო საქართველოს პრო-სამთავრობო არხებმა და რატომ იყო მთავრობის პასუხიც ბუნდოვანი, წარმოადგენს ის, რომ ეს ისტორია ძალიან უხერხული სიმართლეა საქართველოს მიმდინარე საგარეო პოლიტიკაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველო გამალებული ეძებდა გარე მოკავშირეების მხარდაჭერას იმისთვის, რომ მისი მოსისხლე მტრის რუსეთისგან დაცული ყოფილიყო. ახლა საქართველო აცნობიერებს, რომ ბევრ მის ახალ მეგობარს, სინამდვილეში ერთმანეთი სძულს და მან შესაძლოა ამით საკუთარი თავისკენ უფრო მეტი გაღიზიანება მიიზიდა, მოიცვა რა ორივე მხარის ინტერესი.
ის თუ როდის იჩენდა თავს ეს პარადოქსი, მხოლოდ დროის ამბავი იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები დროს თეირანს და ვაშინგტონს შორის ატარებდნენ, ცდილობდნენ რა ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას საქართველოს ტერიტორიაზე და იმავდროულად არწმუნებდნენ ირანის ლიდერებს, რომ საქართველო არასდროს არ გააკეთებდა არაფერს ისეთს, რაც ირანის უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნიდა. ეს ორი პოზიცია, პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ლინკოლნ მიტჩელმა, TFT-ს თანამშრომელმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი საქმეების სკოლის პროფესორმა Asia Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს უნდა სცოდნოდა, რომ ასეც მოხდებოდა.
„შეიძლება ჩემი სიტყვები გიჟი ამერიკელის ნათქვამს გავს, მაგრამ როდესაც თქვენ ირანელებს უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას აძლევთ, მაშინ ასეთი რამ მოხდება. ირანმა ისრაელთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვა, და ის, რომ ზოგიერთი ირანელი ჩამოვა და ავნებს ამერიკის და საქართველოს მეგობრებს, სიგიჟე სულაც არ არის“, თქვა მან.
მართალია, თბილისში მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან თითქმის სრული დუმილი იყო, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აფეთქება სახელმწიფოსთვის „სერიოზული გამოწვევაა“. დღემდე, როგორც ჩანს, ქართველი ჩინოვნიკები ვერსიებს ამუშავებენ და იცდიან ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ თავდასხმების უკან ირანი დგას.
მეორე მხრივ, მიტჩელის თქმით, თუკი სააკაშვილი ამ სიტუაციაში სწორად ითამაშებს, მან შეიძლება თავი დააღწიოს ამერიკის კრიტიკას პუტინთან მსგავსებაზე და დე-ფაქტო მესამე ვადით დაბრუნდეს ტახტზე პრემიერ-მინისტრად.
„თუკი საქართველოს მთავრობა გონიერია, მაშინ [ირანთან არსებული დაძაბულობით] შეიძლება გაიორმაგოს მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ თუკი ის რაიმე სხვა გზას აირჩევს, ეს მისი მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება. სააკაშვილს ეწყება მისთვის პოლიტიკურად ურთულესი ორი წელი და მას შეუძლია განამტკიცოს მისი შეუცვლელობის მითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის არ არის შეუცვლელი. მაგრამ თუკი ომი დაიწყება, მისთვის ძალიან იოლი იქნება იმის თქმა, რომ „უნდა დავრჩე და ვიყო პრემიერ-მინისტრი“, განაცხადა მიტჩელმა.
რაც შეეხება სომხეთს, დაძაბულობა რაც უფრო გაჭიანურდება, მისი ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის მით უარესია. სომხეთის ვაჭრობის ერთი მესამედი ირანის ტერიტორიაზე მოდის. სომხეთის ერთადერთი ალტერნატივაა სახმელეთო მარშრუტი საქართველოს გავლით რუსეთზე და შავი ზღვა, თუმცა დიდთოვლობის და მეწყერის მუდმივი საშიშროების გამო, სომხეთ-საქართველოს და საქართველო რუსეთის საზღვრები დაკეტილია.
ირანი, ასევე წამყვანი ინვესტორია სომხეთის ბიზნესსა და ინფრასტრუქტურაში. მილსადენის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას ბუნებრივი აირით ამარაგებს, ახლახანს დასრულდა, ნავთობსადენზე მუშაობა დღესაც გრძელდება. ერევანი ამ კავშირებში ვაჭრობაში რუსეთზე თითქმის ტოტალური დამოკიდებულებისგან პრევენციის მთავარ საშუალებას ხედავს.
ერევანში ბაზირებული Civilitas Foundation-ის 2011 წლის ანგარიშში, სახელწოდებით „ილუზიების გარეშე“, ნათქვამია, რომ როგორც ყარაბახის ომმა, ასევე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს მომარაგებასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა, დაადასტურა, რომ სომხეთისთვის „სამყაროზე ერთადერთი სანდო გასასვლელი ირანი იყო“.
გასულ კვირაში, სომხეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ ქვეყანამ ირანში მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გააგზავნა – თეირანთან ურთიერთობის „განმტკიცებისთვის“ „მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“. იმავდროულად, როგორც საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ისრაელის, ამერიკის და ნატოს ხელმძღვანელებთან.
ქართულ მედიას ამაზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ამ მყიფე რეგიონზე მცირე დარტმები უკვე ხორციელდება, და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ სად გაჩნდება პირველი ბზარი.
foreignpress.ge
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85