შორენა ღლონტი, "გურიანიუსი"
ბოლო დროს, ოზურგეთელი მძღოლები სამართალდამცავების გააქტიურებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ გახშირდა პატრულირება, როგორც დღისით, ისევე ღამის საათებში. ჩვენი წყაროს თქმით, დღის განმავლობაში, პატრულის თანამშრომლები მძღოლებს სხვადასხვა დარღვევებისთვის აჯარიმებენ, რაც ბიუჯეტისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალია.
მათი თქმით, თუ მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაგაჯარიმეს, ან საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავ, პატრულის თანამშრომელი ჯერ ჯარიმას გამოგიწერს, შემდეგ კი ავტომანქანას საჯარიმო ავტოსადგომზე – ქობულეთში ან ბათუმში გადაიყვანს. ამ შემთხვევაში, მძღოლმა ევაკუატორის მომსახურებისთვის კილომეტრზე 10 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო სადგომზე გაჩერებისთვის ღამეში _ 50 ლარი. სანამ "დატყვევებულ" ავტომობილს გამოისყიდდე, ჯერ ჯარიმა უნდა დაფარო, შემდეგ კი ზემოთ ნახსენები მომსახურების საფასური გადაიხადო. მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა, როგორც გვითხრეს, ნაცნობ-მეგობრობა ისევ ძალაშია და ყველა მძღოლზე აღნიშნული წესები არ ვრცელდება; დაჯარიმების ფორმები, ასევე არ ეხება არა ერთ მაღალჩინოსანს – ისინი არც უსაფრთხოების ღვედებს იკრავენ და ნასვამ მდგომარეობაშიც არ ერიდებიან საჭესთან ჯდომას.
"18 თებერვალს, 00 საათსა და 15 წუთზე, ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდგარ DAF-ის მარკის ტრაილერს, რომელიც ტვირთის დასაცლელად მაღაზიასთან იდგა, უკანა მხრიდან "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა (სახელმწიფო ნომერს არ ვაქვეყნებთ). კიდევ კარგი, მგზავრის მხარეს არავინ იჯდა, თორემ "ოპელის" მარჯვენა მხარე ისე განადგურდა, რომ იქ მჯდომი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. სატვირთო ავტომანქანის გაოცებულ მძღოლსა და მტვირთავებს ხელთ შერჩათ საჭესთან მჯდომი მძინარე, მთვრალი მძღოლი, რომელიც ვერ აცნობიერებდა, რა მოხდა, თუმცა, ის კი მოახერხა, ეთქვა _ ოზურგეთის პატრულის თანამშრომელი ვარო", – უთხრა "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის გამოჩენამდე "ფიატით" მივიდა პირი, რომელიც ასევე ზედმეტად ნასვამი იყო და სატვირთოს მძღოლს "საქმის გარჩევა" დაუწყო: _ ბიჭო, შენ ყოფილხარ დამნაშავე, აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლებოდაო. მძღოლი შეეპასუხა, მართალია, აქაური არ ვარ, მაგრამ არაფერი დამირღვევია, თქვენ ვინ ხართ, ამ საქმესთან რა გაკავშირებთო. პასუხად დაზარალებულმა მძღოლმა და იქ მყოფებმა, არამკითხე მთვრალისგან ასეთი სიტყვები მოისმინეს: მე ე. ჩ. ვარ, ეს ჩემი მეგობარია და შენ შანტაჟი გინდაო? სიტყვები: "შანტაჟი გინდა...", "შანტაჟს ეძებ..." (ალბათ, "შარი" უნდოდა ეთქვა) ე. ჩ.-მ რამდენჯერმე გაუმეორა გაკვირვებულ მძღოლს, რომელმაც ვერ გაიგო, რატომ ემუქრებოდა ან რას მოითხოვდა მისგან და მიუგო: _ მოვიდეს პატრული, მე გამოვიძახებ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, მანქანა დაზღვეულია პატრონის მიერ და ისინი გაარკვევენ სიმართლესო, – გვიამბო კიდევ ერთმა თვითმხილველმა.
"მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ტრაილერის მძღოლი ვერ დააშინეს, იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ ჰყავდა ნაცნობ-ძმაკაცი ოზურგეთში. ამასობაში, შემთხვევის ადგილზე პატრული მივიდა და ნასვამებმა მათთან გააბეს "შინაურული" საუბარი. საპატრულოს თანამშრომლებმა მძღოლს სთხოვეს, ნუ უჩივლებ, მართალია, უკვე მეოთხედ ემართება ასეთი რამ, მაგრამ სამსახურიდან გააგდებს უფროსიო. თუმცა, მძღოლს უფრო ის აინტერესებდა, ვინ იყო ის გარეშე პირი, რომელმაც, ლამის, შინაგან საქმეთა მინისტრად წარმოუდგინა თავი. პატრულს ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია და ხელის ჩამორთმევით დასცილდნენ ე.ჩ.-ს. დამტვრეული "ოპელი" მალევე მოაშორეს იქაურობას, ხოლო DAF-ის მძღოლმა თავად იზრუნა, დაზიანებული მანქანის აღდგენაზე. ეს იმიტომ გითხარით, რომ ვინ იცის, კიდევ როდის გადააწყდებიან სტუმრები თუ ადგილობრივები ღამით ან დღისით ასეთ მთვრალ, ერთად ნაქეიფარ პოლიციურ ტანდემს, რომელსაც უნდა მოერიდო. საშუალო და მაღალი რანგის თანამდებობაზე მყოფთ, ამ მხრივ შეუძლიათ, მშვიდად იყონ", – გვითხრა თვითმხილველმა.
განსხვავებულ ისტორიას გვიყვება კიდევ ერთი დაზარალებული – ის ამბობს, რომ საღამოს საათებში, პატრულმა მხოლოდ იმ მიზეზით დააჯარიმა, რომ თურმე, ასე ჰქონდათ ნაბრძანები: "როგორც მითხრეს, ვიღაც ქუთაისელი პოლიციელია ჩამოსული და მის ბრძანებას ასრულებდნენ. ბიუჯეტი აქვთ შესავსები, თორემ თუ დაარღვევს მძღოლი წესს, უნდა დაჯარიმდეს, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ამას ხელოვნურად არ უნდა ქმნიდნენ", – ამბობს კიდევ ერთი დაჯარიმებული "გურია ნიუსთან" საუბარში.
ამ ინფორმაციის გადამოწმება საპატრულო პოლიციაში ვცადეთ, მაგრამ პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
1722
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85