ნანა შონია: დროა შიშის სინდრომი დავძლიოთ

ნანა შონია: დროა შიშის სინდრომი დავძლიოთ

ბოლოდროინდელ ქართულ ხელოვნებაში დიდმა პოლიტიკამ წამყვანი პოზიციები დაიკავა. ამ სფეროს წარმომადგენლები ორ მოწინააღმდეგე ბანაკად დაიყვნენ. თუ ამჟამინდელი ხელისუფლების მეხოტბეებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში მწვანე შუქი აქვთ ანთებული, შემოქმედთა ოპოზიციურ ნაწილს მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ და რიგ შემთხვევებში თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

მსახიობი ნანა შონია პირდაპირობით გამოირჩევა და  სიმართლესაც  ყოველთვის დაუფარავად და შეულამაზებლად ამბობს. არაერთი კოლეგისაგან განსხვავებით, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები გულთან ახლოს მიიტანა, საკუთარ ნაჭუჭში არ ჩაიკეტა და არსებულ მანკიერებებს არ შეეგუა. ნანა პროფესიონალი მსახიობია, თან ჩინებული, მაგრამ ამჟამინდელ საქართველოში ჩამოყალიბებულმა ტრაგიკომედიულმა ვითარებამ ის პოლიტიკის გზაზეც დააყენა.

 

ნანა შონიასთან საუბარი  ქართულ ხელოვნებაში შექმნილმა ვითარებამ გადამაწყვეტინა. როგორ უყურებს მისი კოლეგების ელიტურ და არაელიტურ ნაწილად დაყოფას, რითი ახსნის ასე მომრავლებულ უნიჭო და უხარისხო კინოსურათების არსებობას, საზოგადოებაში შიშის სინდრომს რამდენად აქვს ფესვები გადგმული და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

 

საუბრის დასაწყისში მისი პოლიტიკური გააქტიურების მიზეზით დავინტერესდი.

 

- ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა სასტიკად არ მომწონს. ამ ქვეყნის მოქალაქე გახლავართ, მის სატკივარს მეც ვიზიარებ და ვფიქრობ რომ გაჩუმების უფლება ნამდვილად არ მაქვს. სამწუხაროდ პოლიტიკამ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეაბიჯა. მსახიობი ვარ და შემეძლო მხოლოდ ჩემი პროფესიით დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ სახლში ჩაჯდომა და მიმდინარე პროცესებისათვის პასიურად თვალყურის დევნება არ შემიძლია. თუ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება გვსურს, ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა ამ საქმეში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

 

პოლიტიკით 2008 წელს დავინტერესდი, როდესაც ჩემი მეგობარი ლევან გაჩეილაძე საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩაება. ამ პიროვნებას კარგად ვიცნობ და ვთვლიდი, რომ იმ მძიმე ბრძოლაში მის გვერდზე უნდა დავმდგარიყავი.

 

ამის შემდეგ გარკვეული მოვლენების მიმართ საკუთარი მოსაზრება რამდენჯერმე საჯაროდ დავაფიქსირე და უნებლიედ პოლიტიკაში გარეული აღვმოჩნდი.

 

ოპოზიციონერის სტატუსი თქვენს პროფესიულ საქმიანობას თუ შეეხო?

-  შემიძლიათ გითხრათ, რომ თეატრში ამას რაიმე გავლენა არ მოუხდენია, სამაგიეროდ სხვადასხვა მხატვრულ სურათებში სათამაშოდ სულ უფრო იშვიათად მპატიჟებენ. ადრე მას-მედიის საშუალებებში ჩემი პიროვნება გარკვეულ დაინტერესებას იწვევდა, ამჟამად თითქმის აღარ მიხსენებენ. ხშირად მიწვევდნენ სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუებშიც, გაოპოზიციონერების შემდეგ იქაც “პერსონა ნონ-გრანტად” გამომაცხადეს. რასაკვირველია საუბარი მაქვს სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებზე.

 

სიმართლე გითხრათ და, ჩემი “იგნორირების” ფაქტი არ მწყინს, რადგან დავისვენე კიდეც. საქართველო პატარა ქვეყანაა და დაუშვებლად მიმაჩნია როდესაც ერთი და იგივე პიროვნება ყოველდღიურად ამ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჭკუას გვასწავლის. ჩართეთ საღამოობით ტელევიზორი. სადამდე შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი ერთ თემაზე მუდმივად ასაუბრო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ხალხს თავად უჩნდებათ ერთგვარი უხერხულობის გრძნობა.

 

რასაკვირველია ხელოვანების ორ ნაწილად დაყოფა მიუღებელია. საერთოდ პოლიტიკა ჩვენი სფეროდან შორს უნდა იდგეს, მაგრამ საქართველოში ამჟამად პირიქით ხდება. ქართულ კულტურას კი ამით დიდი ზიანი ადგება.

 

ბოლო დროს არაერთი ახალი ქართული ფილმი გადაიღეს. როგორ შეაფასებდით მათ მხატვრულ დონეს?

– ქართულ კინოში კრიზისი დიდი ხნის დაწყებულია. ფილმებს იღებენ ისინი, ვისაც სათანადო თანხების მოძიება შეუძლიათ. რასაკვირველია, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეს არ უჭირთ. ბოლო დროს გადაღებული სურათების დიდი ნაწილი სასტიკად არ მომწონს. ერთი თხოვნაც მექნება, რომ დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, რადგან ამ ფილმების შექმნელი რეჟისორები და მათში მონაწილე მსახიობები ჩემი კოლეგები არიან. ერთი კი მიკვირს – როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და საინტერესო თემების დეფიციტს არ განვიცდით, ასეთ უნიჭო და დაბალი ხარისხის პროდუქციას რატომ იღებენ. პირადად ვიცი, რომ არაერთი საინტერესო და აქტუალური პროექტი მიზანმიმართულად არის დაბლოკილი. ალბათ ვიღაცის ინტერესებშია რომ ქართული საზოგადოების გემოვნების დევალვაცია მოახდინოს. გეტყვით იმასაც, რომ თავის დროზე 20 სხვადასხვა კინოპროექტში მონაწილეობაზე უარი განვაცხადე. ალბათ მიხვდით მათი დაბალი ხარისხის გამო.

 

კინოს თავი დავანებოთ და სატელევიზიო სივრცე განვიხილოთ. როგორ შეიძლება, სხვადასხვა გადაცემებში მუდმივად საქართველოში არსებულ ლამაზ ცხოვრებაზე ისაუბრო. როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ყოველდღე გვიმტკიცებენ – პრობლემები არ გვაქვს, საქართველო ვითარდება და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ცხოვრების დონით ვუთანაბრდებითო.

 

რეჟისორი რომ ვიყო ლტოლვილების თემას აუცილებლად გავაშუქებდი. მათი პრობლემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ამ ხალხის გასაჭირი წლების განმავლობაში დიდ სატკივრად გადამექცა.

 

რატომ არის ქართველ ხელოვანთა შორის შიშის სინდრომი დანერგილი?

- იგივე რობერტ სტურუას გახმაურებული ამბების დროს თავისუფლად შემეძლო გავჩუმებულიყავი და ხმა არ ამომეღო. მისი თეატრიდან ექვსი წლის წასული გახლავართ და წესით არ უნდა მეაქტიურა, მაგრამ ამ სამარცხვინო პროცესიდან გვერდზე გადგომის ნება საკუთარმა სინდისმა არ მომცა. მართალია ბევრმა მსახიობმა ბატონ რობერტს მხარი აქტიურად დაუჭირა, მაგრამ იყო ნაწილი რომლებსაც ხმა არ ამოუღია. მიჭირს ამ მიზეზებზე საუბარი. ყველამ საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და ამ საქციელის მიზეზი იპოვოს. ალბათ გარკვეული ადამიანები ამჟამინდელი ცხოვრებით კმაყოფილები არიან და აუტკივარი თავის ატკივება არ სურთ.

 

მიუღებლად მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ჩვენს სფეროში ასე ღრმად არის შეჭრილი. ისიც ძნელი გასაგებია, რომ ჩემი კოლეგების ერთი ნაწილი ამას ვერ ამჩნევს და ამ მანკიერების მიმართ არ ილაშქრებს. როდესაც ქართველ ხელოვანთა ნაწილი ოპოზიციური მსოფლმხედველობის გამო ისჯება, მათ დასაცავად ამ სფეროს ყველა წევრმა ხმა უნდა აღიმაღლოს. სამწუხაროდ პირიქით ხდება. კონკრეტული პირების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, რადგან ყველამ საკუთარი თავისა თავად უნდა იკითხოს და მათ მაგივრად პასუხს მე ვერ გაგცემთ.

 

საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ახალგაზრდობა რატომ პასიურობს?

– ბოლო დროს ქართული ადათ-წესებისა და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცხოვრების სტილისა და მენტალიტეტის რღვევა მიმდინარეობს. თავად ორი შვილის დედა გახლავართ და მინდა მომავალში ისეთ საქართველოში იცხოვრონ, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. მართალი ბრძანდებით – ჩვენი მოსახლეობის საერთო დონის დაქვეითება და, ბოდიში ამ სიტყვისათვის, მიზანმიმართული “გამოშტერება” მიმდინარეობს. ალბათ მაღალ ეშელონებში აწყობთ, რომ ხალხმა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს ნაკლები ყურადღება დაუთმოს. ახალგაზრდობაც შეცვლილი მეჩვენება. არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ მგონი მათ უმეტეს ნაწილს ქვეყნის ბედი არ აინტერესებს. ნეტავი ვცდებოდე. მახსოვს ჩემი ახალგაზრდობა და მაშინდელი პოლიტიკური ბატალიები. იმ პერიოდში ახალგაზრდობა ძალიან აქტიური იყო. ამჟამად მათ სხვა ფასეულობები უფრო აინტერესებთ. ისინი ყოველდღიური და  მიზანმიმართული პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. ამდენი უაზრო გადაცემების შემხედვარე მგონია რომ კიდევ კარგად არიან. მაინც მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე დროებითია და ისინი თავიანთ გადამწყვეტ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.

 

მალე ახალი არჩევნები გველოდება. როგორ უყურებთ მომავალს?

– დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ამ ოპტიმისტური განცხადების საფუძველს პოლიტიკურ სარბიელზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მაძლევს. ეს პიროვნება ქართულ პოლიტიკაში საჭირო დროს გამოჩნდა. ბატონი ბიძინას გარშემო სერიოზული ძალები უნდა გაერთიანდნენ და უკეთესი საქართველოსათვის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგან. ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა და “ქართული ოცნების” პრაქტიკაში განხორციელება ნამდვილად შეუძლია.

 

რაც შეეხება მომავლის პროგნოზს. არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და თუ მოსახლეობა შიშის სინდრომისაგან გათავისუფლდება სამართალი ალბათ იზეიმებს. აუცილებელია არჩევნების დღეს ყველა სხვა საქმე გვერდზე გადავდოთ და ხმის მისაცემად გავეშუროთ.

 

ხშირად მეკითხებიან – არ მომწონს სააკაშვილი, რა გავაკეთო მისი თავიდან მოსაცილებლადო. ჩემი პასუხი შემდეგია: აუცილებლად გამოცხადდით საარჩევნო უბნებში და ხმა ბიძინა ივანიშვილს მიეცით. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი ჩვენი ხმები დავიცვათ. თუ საზოგადოებაში დანერგილ უიმედობისა და შიშის სინდრომს დავძლევთ, მომავალ არჩევნებში საქართველოს განვითარების ახალ ეტაპს სათავეს ჩავუყრით.