თავიდანვე თვალს ვადევნებ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდგომ გავითარდა და მიმდინარეობს საქართველოში. ერთი მხრივ ოპოზიცია, სხვა დანარჩენ ბრალდებებთან ერთად, მუდმივად აპელირებდა სახელისუფლებო ელიტურ კორუფციაზე, გაუმჭირვალე ფონდებსა და ბუნდოვან ტრანზაქციებზე და ახლაც არ იშურებს ძალ-ღონეს, მეორე მხრივ კი ისტერია დაუფლებული ხელისუფალი მუდამ ცდილობს თავს მოგვახვიოს ბიძინა ივანიშვილის დიდძალი ფულის რუსული წარმომავლობა და არაკეთილსინდისიერი ზრახვა მთელი საქართველოს მოსყიდვისა, პირადი პროკურორიც კი მიუვლინეს კონტროლის პალატას ამოფარებული ნათია მოგელაძის სახით.
თუმცა, რატომღაც არავინ საუბრობს იმ სასტიკ და დაუნდობელ „ბატალიებზე“, რაც სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ყოველდღიურად მიმდინარეობს სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის და განსაკუთრებით იმაზე, თუ რა თანხები იხარჯება ამ „საომარი მოქმედებების“ წარმოებაში.
ასეთ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებული სარეკლამო კამპანიის წარმოება, რაც დღეს-დღეისობით „facebook”-ზე ძირითად „საბრძოლო იარაღს“ წარმოადგენს და იმის გამოსათვლელად, თუ რა დანახარჯებთან შეიძლება იყოს ასეთი „ბრძოლოს“ წარმოება დაკავშირებული, ელემენტარული არითმეტიკაც კი საკმარისია მისთვის, ვინც ჩახედულია ამ სეგმენტის სარეკლამო სისტემაში, ხოლო ვინც ამ საკითხში ვერ ერკვევა შევეცდები გავათვითცნობიერო.
“Facebook”-ზე რეკლამის ფასს დამკვეთი იხდის დაწკაპუნებების (ე.წ. „კლიკების“) ან და სარეკლამო ბანერის ჩვენებების (ამონათების) რაოდენობის მიხედვით და რაც უფრო მაღალია დამკვეთის მიერ მისი სარეკლამო ბანერის ერთ დაწკაპუნებაზე ან 1000 ამონათებაზე განსაზღვრული ტარიფი, მით უფრო მაღალი ინტენსიურობით ჩანს მისი რეკლამა სოციალურ ქსელში.
დღეის მდგომარეობით, “Facebook”-ზე შექმნილი სარეკლამო კონკურენციის მაღალი დონის მიხედვით, თავად „facebook“ - ის მიერ რეკლამის რეკომენდირებული ტარიფი ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება ერთი დაწკაპუნებისთვის ან 1000 ჩვენებისთვის 5 ცენტიდან 30 ცენტამდე.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოველ წამს თვალში გვეჩხირება პრეზიდენტის „facebook“-ის გვერდის რეკლამა და ამას ნებისმიერი ქართველი „ფეისბუკელი“ დაგვიდასტურებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი სარეკლამო კამპანიის ფასი ერთი დაწკაპუნებისთვის ან/და 1000 ჩვენებისთვის განისაზღვრება 30 ცენტიდან ზემოთ. მის გვერდს დაახლოებით 1000 ე.წ. „ფანი“ ემატება ყოველ დღე, რაც იმას ნიშნავს რომ სულ მცირე ორჯერ მეტი „ფეისბუკელი“ აწკაპუნებს მის რეკლამას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დაწკაპუნებების რაოდენობას გავამრავლებთ რეკლამის ფასზე, შეგვიძლია მარტივად გამოვთვალოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი საკუთარი თავის რეკლამირებისთვის მხოლოდ „facebook“-ზე მინიმუმ 600 აშშ დოლარს ხარჯავს (2000 დაწკაპუნება X 30 ცენტზე = 600$).
ალბათ უამრავი ხელისუფლების მხარდამჭერს გააღიზიანებს ეს სტატია და კონტრარგუმენტისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ იგივე ტიპის რეკლამაში გაღებულ დანახარჯებზე გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა მინდა მათ შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ფულს ხარჯავს და არა ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებს. დიახ, სწორედაც რომ ჩვენი ფულს ფლანგავს პრეზიდენტი საკუთარი თავის PR-ში და არა მხოლოდ პრეზიდენტი. იმავე წარმატებითა და ინტენსიურობით წარმოებს საქართველოს პრემიერ მინისტრის; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა რეკლამა. გამოდის რომ ყოველდღიურად საქართველოს ბიუჯეტიდან ნაც-მოძრაობა მისი ლიდერის თაოსნობით რეკლამაში მხოლოდ “facebook”-ზე დაახლოებით 2000 აშშ დოლარს ხარჯავს და ეს უდავოდ აღძრავს ჩემში პროტესტის უმძაფრეს გრძნობას.
მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და მე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, შეწყვიტონ საკუთარი თავის რეკლამირებისა და „ფიარისთვის“ საქართველოს ბიუჯეტის ფლანგვა, ხოლო გამჭირვალე პოლიტიკის მუხლმოუდრეკელ დამცველს, ქალბატონ მოგელაძეს, შევახსენებ, რომ ოპოზიციური ძალების მიერ გაღებული დანახარჯების კონტროლისას არ დაავიწყდეს მისი ძირითადი მოვალეობა, საქართველოს ბიუჯეტის კონტროლი!