„ხაჭო რუსუდანს“, - ასეთი სახელწოდების აქცია პარლამენტის წინ „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა გამართეს და პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს ხაჭო მიუტანეს. დაზარალებული მენაშენეების განცხადებით, ქალბატონ რუსუდანს ნებავს, მიირთვას ხაჭო, თუ არადა, სადაც უნდა, იქ წაიღოს.
სატირულად ჩაფიქრებული აქციის გამართვის მიზეზი ჯერ კიდევ 7 თებერვალს რუსუდან კერვალიშვილთან შეხვედრა გახდა. მაშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მისთვის საყვარელ თემაზე - ქალთა გენდერულ თანასწორობაზე სასაუბროდ „შერატონ მეტეხი პალასში“ იყო მიწვეული, როდესაც „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულმა ქალბატონებმა „შერატონშივე“ მიაკითხეს. მართალია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მათთან შეხვედრას არ გაქცევია, მაგრამ მათი მოსმენისა და მობოდიშების ნაცვლად, პირიქით, მათთვის დაუწყია მითითებების მიცემა, ასე არ შეიძლება, რას ლაპარაკობთ, მე რა თანხა უნდა მიმეთვისებინა, რითი უნდა დაგეხმროთ, როცა ხაჭოს ფული არ მაქვსო. არადა, დაზარალებული მენაშენეების თქმით, თაღლითობის ასეთი კლასიკური სქემა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. მათი თქმით, ეს არის რჩეულიშვილ-კერვალიშვილების თაღლითური სქემა, რასაც ემატება „დექსუსის“ თვითნებობა, ქანანაშვილ-კილაურიძე-ცაგურიას თამადობით.
„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიება მოითხოვეს. მათი განმარტებით, ძალიან მარტივია გამოძიების დაწყება, რადგან აშკარაა დანაშულის ნიშნები, შვიდი სახის დანაშაულის შემადგენლობით, მათ შორის, ცრუმაგიერი ფირმების გაჩენით.
Presage.tv დაზარალებულ მენაშენეებს ესაუბრა.
ია ღონღაძე, ცენტრ-პოინტის მიერ დაზარალებული: „300 მილიონია შეჭმული, ამ დროს რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, ხაჭოს ფული არ მაქვს, რით დაგეხმაროთო. ამის ჩანაწერი არსებობს, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალისტს აქვს“.
მარინა კორძაძე, ადვოკატი-დაზარალებული: „იცით, რა თანხაზეა საუბარი? 6200 დაზარალებულს თავისი შენატანი აქვს განხორციელებული კერვალიშვილ-რჩეულიშვილის 69 კომპანიაში. წარმოიდგინეთ, მინიმალური თანხა - 50 ათასი დოლარი რომ ავიღოთ და 6200 გავამრავლოთ 50 ათასზე, 310 მილიონი დოლარი გამოდის. ამდენად, 310 მილიონი დოლარის ანგარიშს ვითხოვთ, რა გაკედა? სად წავიდა ჩვენი თანხები? ამ თანხებში ჩადებული იყო ყველანაირი გადასახადი, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ, ჩადებული იყო მათი მოგებაც. ეს არის მითვისებული თანხები. როდესაც მივედით, რა თანხას მთხოვთ, რომელ მილიონებზე ლაპარაკობთ, ხაჭოს ფული არ მაქვსო. ასეთი რამ გვითხრა ქალბატონმა პარლამენტარმა, ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა. ამ მიზნით გავმართეთ ხაჭოს აქცია და თითოეულმა დაზარალებულმა ხაჭოები მივუტანეთ“.
თემურ ფიფია, დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე: „ხაჭოსთან დაკავშირებით ჩვენმა ქალბატონებმა გამოიჩინეს ინიციატივა, მაგრამ ხაჭო არ არის მთავარი. მთავარია ჩვენი მოთხოვნები, რომ რუსუდან კერვალიშვილმა თავისი ქონება, ასევე, საკუთარი დისა და სიძის ქონება ჩადოს ამ მშენებლობებში და დაასრულოს მშენებლობა. დარწმუნებული ვართ, მას არაფერი უჭირს, ის ძალიან მდიდარია, ჩვენი, ანუ დაზარალებულების, ხარჯზე გამდიდრდა. არ გვჯერა, რომ ხელისუფლებამ რჩეულიშვილებს ფული დააწერა საარჩევნოდ ან სხვა სასტუმროების ასაშენებლად. ჩვენ გვჯერა იმის, რომ დამფუძნებელია რუსუდან კერვალიშვილი და მან უნდა აგოს პასუხი. ვიცით, რომ მარტო ერთი ობიექტიდან, სააკაძის ობიექტიდან, 30 მილიონი დოლარი სუფთა მოგება მიიღო, ვგულისხმობ მერიის გვერდით მშენებარე კორპუსების კომპლექსს „თაბუკაშვილის 7“, რომელსაც „სააკაძის კომპლექსადაც“ მოიხსენიებენ. „თაბუკაშვილის 7“-ის დაზარალებულების 90 %-მა ფული წინასწარ შევიტანეთ რჩეულიშვილ-კერვალიშვილის კომპანიაში, მაგრამ დაზარალებულები აღმოვჩნდით“.
მენაშენეები ეჭვობენ, რომ კერვალიშვილების ოჯახს უამრავი თანხა აქვს მითვისებული და სიმართლის დასადგენად გამოძიება ითხოვენ. დღესვე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ისინი დამატებით მტკიცებულებებს წარადგენენ. ასეთივე მტკიცებულებები შევა იუსტიციის, შსს მინისტრებისა და ომბუდსმენის სახელზე.
დაზარალებულთა თქმით, „დექსუსი“ თაღლითური სქემის მონაწილე კომპანიაა, რომელიც საერთოდ არ ჩანს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე ცაგურიაა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ 69 ფირმიდან 50 ფირმის დირექტორია. იგი „დექსუსთან“ ყველანაირ უფლებამოსილებას, გარიგებას ახორციელებს. ფაქტობრივად, „დექსუსმა“ კიდევ სამი კომპანია წარმოშვა, ეს პირამიდა კი რვაფეხასავით მრავლდება.
მენაშენეები მიიჩნევენ, რომ „დექსუსიც“ უკანონო სქემას შეუდგა, ცაგურია ცაგურიასთან (ანუ თავის თავთან) აფორმებს არაერთ გარიგებას, რაც საჯარო რეესტრშიც ფიქსირდება. ამასთან, „დექსუსი“ „ცენტრ-პოინტის“ სახელით ლაპარაკობს და ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებით 100 დოლარის გადახდას მოითხოვს. ამ დროს კი მენაშენეებს ხუთი წლის წინ თანხა სრულად აქვთ გადახდილი. შესაბამისად, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას არ აპირებენ.
„არ ვართ ის ხალხი, ვისაც გადასახადების გადახდა არ უნდა. უბრალოდ, გადასახადი არ გვეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალური წერილი გვაქვს მიღებული, რომ 2009 წლამდე შექმნილ ამხანაგობებს დღგ-ს გადახდა არ ეკუთვნის. ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება, სადაც ხუთი წლის წინ გადახდილი ფულის მიუხედავად, ადამიანებს ქონებას არ აძლევდნენ და კიდეც ემუქრებოდნენ“, - აცხადებენ მენაშენეები.