რატომ აიძულებენ მშობლებს ინვალიდი ბავშვების მოცილებას?!

რატომ აიძულებენ მშობლებს ინვალიდი ბავშვების მოცილებას?!

ხელისუფლება ინვალიდი ბავშვების საშუალებით ფულს აკეთებს, -მიიჩნევენ ინვალიდი მოზარდების მშობლები. მათი თქმით, ინვალიდი ბავშვების სახელზე  საქართველოში უამრავი გრანტი შემოდის, თუმცა ეს გრანტები არადანიშნულებისამებრ იხარჯება და, ინვალიდების ოჯახების ნაცვლად, ამით მხოლოდ ერთეულები მდიდრდებიან.

რისთვის უნდა აწყობდეს სახელმწიფოს, რომ მშობელმა ჯანმრთელობაშერყეული ბავშვი ცალკეულ ინსტიტუციაში ჩააბაროს? რატომ უხდიან ინვალიდი ბავშვის დედას მხოლოდ 70 ლარიან შემწეობას (რომლის გაუქმებასაც 2013 წლის პირველი იანვრიდან აპირებენ), მაშინ, როცა 600 ლარიანი დახმარებაა გამიზნული იმ ადამიანისთვის, ვინც სპეციალურ ინსტიტუციაში ჩაბარებულ ინვალიდ ბავშვს აიყვანს.

როგორც Presage.tv-სთან საუბარში ინვალიდი შვილების დედები

ნანა ბიჭაშვილი და მარიანა მაისურაძე აცხადებენ, მათი ბავშვების ხარჯზე უზარმაზარი ფული კეთდება.

„საზღვარგარეთიდან გრანტები შემოდის და ამიტომაც აწყობთ, ბავშვები ინსტიტუციაში ჩავაბაროთ. ამით ხელისუფლება კიდევ მეტად იხეირებს. ითვისებენ ამ ბავშვების ტანსაცმელს, გრანტებს, ამ დროს კი ბავშვები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე გვიწევს სახლში“, - აცხადებენ მშობლები.

მარიანა მაისურაძეს ოთხი შვილიდან ორი ინვალიდი ჰყავს. უფროსი შვილი 22 წლისაა და გონებით ინვალიდია. მას ერთი წელია, პენსია შეუწყვიტეს.

„პენსია შეუწყვიტეს და მეურვეობას დააბრალეს. მართალია, მუდმივი პენსია აქვს, მაგრამ თანხას არ მაძლევენ. ჯანმრთელობის სამინისტროშიც მივედი, ყველგან ვიყავი, მაგრამ თანხას რატომ არ მაძლევენ, არ ვიცი, რაღაც მიზეზებს იგონებენ. არადა, ყველაფერი დროულად გავუკეთე, კომისიაზეც დროულად გავატარე. ამავე დროს, მყავს მეორე ინვალიდი, ოთხი წლის ბავშვი, უკიდურეს გაჭირვებაში ვარ, ჩემს სახლში არ შემოისვლება, წყალი, გათბობა არ მაქვს. ჩემი შვილი როგორ განვითარდება, არ ვიცი. სასადილოდან ისეთი საჭმელი მომაქვს, რომელსაც ძაღლიც არ შეჭამს. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ზოგჯერ პურს მაინც ვიღებ, და მაშინ  ჩიტებსა და ძაღლებს ვაჭმევ იმ საშინელ საკვებს“, - აცხადებს მარიანა მაისურაძე.         

„ხალხის პარტიის“ ლიდერის, კობა დავითაშვილის განმარტებით, უცნაური კანონმდებლობაა საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ მშობლებმა ინვალიდი ბავშვები ინსტიტუციებში უნდა ჩააბარონ.

„თუ დედა ზრდის თავის ინვალიდ შვილს, მას 70 ლარი ეძლევა, ხოლო, თუ დედა ჩააბარებს შვილს და პატარას მოსავლელად სხვა წაიყვანს, 600 ლარს მისცემენ.  ოჯახების დანგრევა და დედისგან შვილის მოწყვეტა არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ამოცანა?!“- აღშფოთებას ვერ მალავს კობა დავითაშვილი. 

„ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ელისო ჩაფიძეს პარადოქსულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ, თუ უნარშეზღუდული ბავშვის მშობელი თავის შვილს ინსტიტუციაში ჩააბარებს, მის მომვლელს 600 ლარს გადაუხდიან.

„ამ დროს კი იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს პირობებში თავად ზრდის შვილს, მხოლოდ 70 ლარს უხდიან. ეს აღმაშფოთებელია. ის 70 ლარი, რასაც მათთვის იმეტებს სახელმწიფო, ზღვაში წვეთია. ამ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსი რომ განესაზღვროთ, ექსპერტიზისთვის თანხის გადახდა თავად უწევთ. ასეთია სახელმწიფოს დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. ამ გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გაყიდეს, 40-50 ლარის გადახდა მეტად რთულია. ელემენტარულად, ამ ბავშვებს თვეში 200 ლარის მხოლოდ პამპერსები ესაჭიროებათ“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე Presage.tv-სთან კომენტირებისას.

მისივე თქმით, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან ერთ-ერთმა წყარომ მათ კანონპროექტი მიაწოდა, რომლის გაპარებასაც ჩვენი პარლამენტარები საიდუმლოდ აპირებდნენ. კერძოდ, კანონპროექტის მეოთხე მუხლიდან ამოუღიათ „დ“ და „ლ“ პუნქტები, რაც მარჩენალდაკარგულისა და ინვალიდის განსაზღვრების ამოღებას ნიშნავდა.

„ის ადამიანები, რომლებიც ახლა გახდებიან 18 წლის და, საქართველოში ასეთი 13 ათასი მოზარდია, ყოველგვარი რეგულაციის გარეშე დარჩებიან. ჩვენთვის ეს შემაშფოთებელია. იმის გამო, რომ ეს ადამიანები ამომრჩევლები არ არიან, არ გამოვრიცხავ, მათთვის პენსიის გაზრდა ან შენარჩუნება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. საუბარია 18 წლამდე ადამიანებზე, რომლებიც ხვალ და ზეგ, შეიძლება, ინვალიდები გახდნენ“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე.

ამასთან, ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ამ ამბის გახმიანების შემდეგ მათ პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს და პარლამენტში ამ თემის ირგვლივ კომიტეტის სხდომა 21 თებერვალს აღარ გაიმართა.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი ხელისუფლების მხრიდან ინვალიდებისადმი გამოჩენილ გულგრილობას არჩევნებში მათ გამოუყენებლობას უკავშირებს.

„როგორც წესი, ეს ადამიანები არ დადიან არჩევნებზე და მათ არ შეუძლიათ, შემოხაზონ ნომერი ხუთი. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ყველასგან დავიწყებულია.  ბოლოს გადაწყვიტეს, პრობლემა საბოლოოდ „მოაგვარონ“ და გააუქმონ ინვალიდობის და მარჩენალდაკარგულთა პენსია. განსაკუთრებით მძიმე დღეში ინვალიდი ბავშვები აღმოჩნდებიან, რომლებსაც 100 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 70 ლარი ეძლევათ. 18 წლისანი რომ გახდებიან, და მათი მდგომარეობა, სამწუხაროდ, არ გაუმჯობესდება, საერთოდ მოეხსნებათ ეს პენსია“.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სახელმწიფო ისედაც არაფრით აკმაყოფილებს, ახლა კი მინიმალური შეღავათის მოხსნასაც უპირებენ.

„ეს არის ფაშისტური გადაწყვეტილება. ჩვენ გვახსოვს, რომ ჰიტლერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კლავდა, რადგან ავადმყოფური, ევგენიკური (მოძღვრება ცოცხალი არსების მემკვიდრეობით ჯანმრთელობასა და მისი გაუმჯობესების გზებზე) მოსაზრებები ჰქონდა, რის გამოც ათასობით ადამიანი დაახვრეტინა. ჩვენი ხელისუფლების მიდგომა ბევრად არ განსხვავდება. ისინი კლავენ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, რომლებიც მისი ამომრჩევლები არ არიან. როგორც ჩამს, ნაციონალებს წინასაარჩევნოდ ფული სჭირდებათ და თანხების დაზოგვა ინვალიდების ხარჯზე გადაწყვიტეს. გადამეტებულად არ მეჩვენება იმის თქმა, რომ მათი მოქმედებები იმდენად მძიმე და დაუნდობელია, რომ გენოციდის ელფერს ატარებს“, - გვითხრა ლაშა ჩხარტიშვილმა.

საღვთო სჯულის ყოფილი მასწავლებელი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ტატიანა რედკო აცხადებს, რომ მისი ოჯახი ინვალიდებისგან შედგება, ეტლს მიჯაჭვული 85 წლის დედა ჰყავს, თავად კი მეორე ჯგუფის ინვალიდია.

„ჩვენ, ყველანი, თვეში ერთხელ კანონმორჩილად დავდივართ დისპანსერში და ვმკურნალობთ. ახლა ამ ხეიბარი ბავშვების უფლების დასაცავად გამოვედი. პარლამენტარებს ხელი არ აუკანკალდებათ, ისე წაართმევენ მათ შემწეობას. რა, 18 წლისანი რომ გახდებიან, ამ ბავშვებს ფეხი მოურჩებათ და უკეთესად გაივლიან? ჩემი აზრით, ეს ფაშიზმი, სელექციონერული მიდგომაა. ფაშისტები არჩევდნენ ჯანმრთელ და ხეიბარ ადამიანებს. არადა, ხეიბარი ადამიანები ღვთისგანაა დაშვებული, რათა ჩვენ გულმოწყალენი ვიყოთ. იაოანე კლემაქსის და წმინდა მამების მიხედვით, მკვლელობა პირდაპირ ვერცხლისმოყვარეობის გაგრძელებაა. სწორედ ვერცხლისმოყვარებას მოაქვს არაგულმოწყალება, მევახშეობა, სიძუნწე და მკვლელობა. რაც საქართველოში ხდება, მკვლელობაა. ამის თავი და თავია ხელისუფლების ვერცხლისმოყვარეობა და მონოფიზიტური ერესია, მერე რა, რომ მონათლულები არიან,“ - აცხადებს ტატიანა რედკო.

ნანა ბიჭაშვილი, რომელიც ინვალიდი შვილის დედაა, აცხადებს, რომ ამ კატეგორიის ბავშვებისთვის არანაირი შეღავათი განსაზღვრული არ არის.

„გარკვეული სოციალური პაკეტი მოგვიგდეს და გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენი მხსნელია, დღედაღამ გვაყვედრიან. არადა, ამ სოციალური პაკეტით ერთი წუთით ვერ ვისარგებლეთ. რაც გვჭირდება, არცერთი გამოკვლევა არ დაგვიფინანსეს. ამ სოციალური პაკეტით განსაზღვრულია მხოლოდ ოპერაცია, რომელიც მუცლის ღრუში კეთდება, ან კიბოს მკურნალობა, თუმცა, გამოკვლევა ამ ბავშვებს არ უნდათ? სისტემატურად გვესაჭიროება ექიმის კონსულტაცია, ტომოგრაფიის გადაღება. არაფერი გვინაზღაურდება. 5 წლის ინვალიდი შვილისთვის ამ სოციალურ პაკეტს ვერ ვიყენებ, ამიტომ ჩვენზე მოარგონ ეს პაკეტი“, - აცხადებს ნანა ბიჭაშვილი.

მისი თქმით, ინვალიდებზე გაწერილი თანხა სადაზღვევო კომპანიებს უკან უბრუნდებათ და ამით მხოლოდ ერთი კაცი მდიდრდება.

„ამდენი ავადმყოფი კვლავაც უსუსურია. მომაკვდავ ბავშვს, რომელიც დღედაღამ მედიკამენტსა და პამპერსზეა, 70 ლარი უშველის? თვითონ ძაღლები და კატები ჰყავთ, მარტო ძაღლს სჭირდება 500 ლარის საკვები თვეში. ჩვენი შვილები მოვიცილოთ? ეს 70 ლარიც კანონის გარეშე რჩება, კანონში აღარ შედის, ანუ ჩვენ კანონგარეშე ვრჩებით და 70 ლარის მოცემას მთავრობის კეთილი ნება განსაზღვრავს. თუ ენდომებათ, მოგვცემენ რაღაც თანხას, თუ არადა, არ მოგვცემენ“.

„დამატებით კანონში საშინელი სიახლე შემოიღეს, თუ მშობელი ინსტიტუციაში  ინვალიდ ბავშვს ჩააბარებს და ამ ბავშვს სხვა პირი აიყვანს, 600 ლარს უხდიან. ამას ემატება შეღავათები, გამოკვლევები, მასწავლებლების თანხა. კომპენსაციის სახით, მე მომცენ 200 ლარი, რადგან უმუშევარი ვარ. ასეთი შვილის პატრონი როგორ ვიმუშავებ? გამუდმებით შვილთან ვარ, 100 ლარი მაინც მომცენ, რომ ბავშვი ვაცოცხლო, ელემენტარულად, პამპერსი ვუყიდო. ხერხემლის ოპერაციის შემდეგ ქვედა კიდურების დამბლა ჩამოუყალიბდა, შესაბამისად, უნებლიე შარდვა აქვს და თვეში სისტემატურად 200 ლარის პამპერსი მჭირდება“, - აღნიშნა ნანა ბიჭაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მარჩენალდაკარგულთა და ინვალიდთა პენსიის გაუქმების შესახებ მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტი უნდა განხილულიყო, რაც „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა და ინვალიდი ბავშვების მშობლებმა გააპროტესტეს. როგორც ჩანს, სახალხო მღელვარების ფონზე, პარლამენტარებმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარება გადაიფიქრეს და სხვა დროისთვის გადადეს. მშობლებს საპროტესტო აქციაზე ინვალიდი ბავშვებიც მოეყვანათ. მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აქციის მონაწილეებთან ჩავიდა და მათ დაჰპირდა, რომ კომიტეტის სხდომა ინვალიდი ბავშვების მშობლების თანდასწრებით ჩატარდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგულების უფლებებს არ დაიცავს, პალამენტის წინ აქციები კვლავაც გაგრძელდება.