რურუა-კალანდაძის აბდაუბდა

რურუა-კალანდაძის აბდაუბდა

ოშკის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში ჯაყელების აშენებული მეჩეთის რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვაზე თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ირგვლივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ტრადიციას არ ღალატობენ - ჯერ კალანდაძე გამოდის, სიახლეს გვამცნობს და იმავე დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში მეორე დღეს კულტურის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათქვამს უარყოფს.

ასე მოხდა მიმდინარე წლის 20-21 თებერვალსაც - 20-ში ნინო კალანდაძე ტრადიციულ ბრიფინგზე გამოვიდა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ხელმოუწერელია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები შევიდეს - “სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს. წელიწადზე მეტია, ორ სახელმწიფოს შორის ამ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. ეს ის საკითხია, რაზეც საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, რომელსაც თურქული მხარე ჯერჯერობით არ იზიარებს და პირიქით. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ აქტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს თურქულ მხარესთან და ვიმედოვნებთ, რომ კონსესუსს მივაღწევთ. თუმცა, ამ ეტაპისთვის შეთანხმება არ არის მიღწეული. შესაბამისად, დოკუმენტი ხელმოუწერელია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები შევიდეს".

ნინო კალანდაძის განცხადება 21 თებერვალს “დააზუსტა“ ნიკა რურუამ - “ეს უბრალოდ ასე გამოუვიდა სპიკერს, მაგრამ სინამდვილეში მან მართალი თქვა - საბოლოო ტექსტი იქიდან არ ჩამოსულა, რასაც ველოდებით და ხელი არ მოწერია, მაგრამ გადაწყვეტილია, ეს აუცილებლად ესე იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად დავკარგავთ ოშკს, დავკარგავთ იშხანს და დანარჩენ ძეგლებს“.

სიმართლეს რურუა ამბობს თუ კალანდაძე, ჩვენთვის ძნელი გასარკვევია, რადგან თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკება გასაიდუმლოებულია, რაც 16 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრე.

ამ კონკრეტულო საკითხთან დაკავშირებით ნინო კალანდაძემ 2010 წლის 3 მაისსაც გააკეთა განცხადება, რომელიც იმავე დღეს უარყო ნიკა რურუამ. მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის არქივში, 15-საათიან “კურიერში“ და იმავე დღეს, ტელეკომპანია “იმედის“ 14-საათიან საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში“ შეგიძლიათ ნახოთ რას ამბობს ნინო კალანდაძე, სპეციალურ ბრიფინგზე:

“მივაღწიეთ იმას რომ სწორედ ოშკის ტაძართან დაკავშირებით იქნება, აზომვითი სამუშაოები ჩატარდება, მათ შორის ქართველი ექსპერტები მიიიღებენ ამაში მონაწილეობას. თურქული მხარე მზად არის რომ ტაძარში დასრულების შედეგად, განხორციელდეს ქართული წირვა–ლოცვა“.

შემდეგ გამოშვებებზე “იმედს“ ოშკში წირვა-ლოცვის აღდგენის შესახებ აღარაფერი უთქვამს, მაგრამ “რუსთავი 2“-მა მაინც ინამუსა და 18-საათიან “კურიერში“ კალანდაძის ახალი ამბავი გაიმეორა, მაგრამ იქვე ნიკა რურუას “დაზუსტებაც“ მიაყოლა:

“წირვა–ლოცვაზე ამ წუთას, ჩემი აზრით ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ საჭიროა თვითონ ტაძრის გადარჩენა, შემდგომ ეს თუ  შესაძლებელი გახდა, ამას რა ჯობია?! ეს მხოლოდამხოლოდ მისასალმებელი და დიდი სასიხარულო ამბავია, რაზეც ვიმუშავებთ, მაგრამ ჯერ საჭიროა პრინციპში, ნგრევის პირას მყოფი ტაძრის გადარჩენა“.

ვერც მაშინ გავიგეთ რომელი ტყუოდა, ნიკა რურუა თუ ნინო კალანდაძე, რადგან ხელშეკრულების დეტალები მაშინაც ისევე გასაიდუმლოებული იყო, როგორც დღეს არის. პლუს ამას, ამ მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს იგნორირებას უკეთებს, რითაც არღვევს 2002 წელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სვეტიცხოველში გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომლის მიხედვით სახელმწიფო და ეკლესია კულტურულ მემკვიდრეობაზე ერთად უნდა ზრუნავდეს.