უმუშევრობა ყველასთვის რთულია, მაგრამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით დამთრგუნველი. ენერგიით აღსავსე ადამიანები თვითრეალიზაციას ვერ ახერხებენ და საუკეთესო შემთხვევაში ქვეყნიდან გარბიან. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო კარგავს ყველაზე პროდუქტიულ თაობას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდების 67% დაუსაქმებელია. კერძოდ, ეკონომიკურად აქტიური 162 ათასი ახალგაზრდიდან მხოლოდ 38 ათასია რაიმე საქმით დაკავებული. აქედან, რამდენს აქვს შედარებით სტაბილური სამსახური და შემოსავალი, სტატისტიკოსებს ეს აღარ გაურკვევიათ. თუმცა, 20-24 წლის ახალგაზრდები ძირითადად რომ სეზონურ სამუშაოზე არიან დასაქმებულნი, ესეც ფაქტია.
ასეთი სტატისტიკა შემაშფოთებელია. ახალგაზრდების დიდი ნაწილი იძულებულია, დატოვოს ქვეყანა, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. სწორედ 20-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები აქტიურად უცხოეთში გარბიან. ის კი, ვინც ვერც ქვეყნის დატოვებას და ვერც დასაქმებას ახერხებს, ან დეპრესიაში ვარდება, ან წვრილმანი ხულიგნობით ირჩენს თავს ან ალკოჰოლს ეძალება.
საქართველოს მთავრობა კი ასეთ რეალობას ვერაფერს უპირისპირებს, გარდა წინსაარჩევნოდ „შემოგდებული“ სტუდენტური დასაქმების პროგრამებისა. არჩევნებიდან არჩევნებამდე ერთი და იგივე მეორდება. ახლაც 25 ათასი სტუდენტის ერთი თვით სეზონურ დასაქმებას 25 ათასჯერ უფრო დიდი პიარი ახლავს თან. ლამის ყოველდღე განათლების მინისტრი შაშკინი ხან სტუდენტებს ხვდება, ხან ბიზნესმენებს, ხანაც საჯარო სექტორის ხელმძღვანელებს.
ბოლოს სახელმწიფო უწყებების ჯერიც დადგა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე“ სახელმწიფო უწყებები ერთვებიან. განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროგრამა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დავით ტყეშელაშვილს, ეკონომიკის მინისტრს, ვერა ქობალიას, რეგიონალური განვითარების მინისტრს, რამაზ ნიკოლეიშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა გოროზიას, კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ვაშაძეს და მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი მელაძეს გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ილიაუნის რექტორი გიგი თევზაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი კახა ბენდუქიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.
განათლების სამინისტროს ცნობით, სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა ბაკალავრიატის 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. სულ შემოთავაზებული იქნება 70 სხვადასხვა სფერო, შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით.
მთავრობის ასეთი მონდომების ფონზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატები“ ქვეყანაში ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკას აკრიტიკებენ. „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენლის გიორგი ხოკერაშვილმა თქმით, განათლების სამინისტროს გეგმა 25ათასი სტუდენტის დასაქმების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით რეალურად არა დასაქმებას ემსახურება, არამედ უფრო მეტად სიმპტომატურ მკურნალობას ჰგავს, რომელსაც მხოლოდ დროებითი, ისიც ხანმოკლე ეფექტის მოტანა შეუძლია. დასაქმების პროგრამის მთავარი არსი კი სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნაა.
„უფრო სწორი იქნება, პირველ რიგში, განათლების სამინისტრომ იმ 10 000 სტუდენტის ბედზე იზრუნოს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტური სტატუსი შეუჩერდათ“, - აღნიშნა ხოკერაშვილმა.
„ევროპელი დემოკრატები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ახალგაზრდების დასაქმების გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამა და უარი თქვას მონოპოლიების, ოლიგოპოლიების და არაჯანსაღი კონკურენციის წახალისებაზე, რაც საბოლოო ჯამში, ტოტალურ უმუშევრობას იწვევს.