თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო შარაძე 22 თებერვალს 10 საათზე განიხილავს სარჩელს, რომლითაც მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს სრულყოფილი ინფორმაციის გაცემა იმ სპეცდანიშნულების რაზმების თაობაზე (მათი სახელწოდების, უწყებრივი და რეგიონული დანაყოფის იდენტიფიკაციით), რომლებიც მონაწილეობდნენ რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევაში.
ხვალინდელ პროცესზე შსს-ს შორენა პეტავა წარმოადგენს, რომლის მიერ დაწერილი შესაგებელიდან ნათელია, რომ შსს ამგვარი ინფორმაციის გაცემას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთა, მაშინ, როცა ჩემი ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ მომწერა - “უკანონო მიტინგის დაშლაში მონაწილეობა მიიღო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფებმა“-ო.
შსს-და ამგვარი დამცინავი პასუხი გასული წლის ივლისში მივიღე და რადგან ჩემს მიერ გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, 2011 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე და ჩემს მიერ 2011 წლის 27 მაისის განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა მოვითხოვე.
შესაგაბელშ შსს წერს, რომ კონკრეტულ მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი უკვე გაცემულია და ამიტომ, მოსამართლემ ჩემი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს.
მე და ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი, მამუკა ნოზაძე მივიჩნევთ, რომ შსს-ს შესაგებელი არის იურიდიულად დაუსაბუთებელი, რაც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს და დააკმაყოფილოს ჩემი სასარჩელო მოთხოვნა - დაავალოს შსს-ს საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა.
შსს ვალდებულია გასცეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ სპეცდანიშნულების რაზმების თაობაზე (მათი სახელწოდების, უწყებრივი და რეგიონალური დანაყოფის იდენტიფიკაციით), რომლებიც მონაწილეობდნენ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში.
გამწესრიგებელი სხდომა გასული წლის 12 დეკემბერს გაიმართა, მაგრამ მაშინ შსს-ს წარმომადგენელი არ გამოცხადდა, არც შესაგაბელი წარადგინა, რაც ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ სასამართლოსადმი უპატივცემულობით ახსნა. სწორედ შსს-ს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის და შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო პროცესი ძირითად სხდომაში ვერ გადაიზარდა. ძირითადი სხდომა 22 თებერვლისთვის ჩაინიშნა. შესაგებელი მოგვიანებით ფოსტით მივიღე. დიდწილად სავარაუდოა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას 22 თებერვალსვე გამოაცხადებს.