ნინო კალანდაძე: “დოკუმენტი ხელმოუწერელია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები შევიდეს

ნინო კალანდაძე: “დოკუმენტი ხელმოუწერელია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები შევიდეს"

საქართველოს ხელისუფლება თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში კორექტივის შეტანას არ გამორიცხავს. ეს ამბავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გაახმოვანა, ოღონდ, რა ტიპის ცვლილებაზე შეიძლება იყოს საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა ხელშეკრულების ამ ფორმითა და შინაარსით გაფორმებაზე უარს იტყვის, თავადაც მოგებული დარჩება და საზოგადოებაც.

თურქეთის საქართველოში ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასა და ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე “ახმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში შესაძლო ცვლილების შეტანა ნინო კალანდაძემ ასე ახსნა:

„სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს. წელიწადზე მეტია, ორ სახელმწიფოს შორის ამ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. ეს ის საკითხია, რაზეც საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, რომელსაც თურქული მხარე ჯერჯერობით არ იზიარებს და პირიქით. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ აქტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს თურქულ მხარესთან და ვიმედოვნებთ, რომ კონსესუსს მივაღწევთ. თუმცა, ამ ეტაპისთვის შეთანხმება არ არის მიღწეული. შესაბამისად, დოკუმენტი ხელმოუწერია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები „შევიდეს“.

ამ მასალაში ნინო კალანდაძის მიერ გაკეთებული კომენტარის ტექსტი საინფორმაციო სააგენტოებიდან (“პირველი“, “ინტერპრესნიუსი“) გადმოვიტანე.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ამ საქმიდან გამოსავალი არსებობს - “ხელშეკრულება უნდა დაიდოს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. იქ არსებული გადავარჩინოთ და გავცვალოთ აქ არსებულში“.

ამასთან, დუმბაძე ყურადღებას ამახვილებს თურქეთსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი ოქმის დასათაურებაზე - “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“.

მურმან დუმბაძე: “ე.წ. აზიზიეს მეჩეთი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, გამოცხადებულია თურქული კულტურული უძრავი ქონების ძეგლად. პლუს ამას, ქართველი მუსულმანების მიერ აგებული “აჰმედიეს მეჩეთიც“ თურქული კულტურული უძრავი ქონების ნაწილადაა აღიარებული. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უნიათო, უპრინციპო და მოღალატეობრივი პოზიციის შედეგი“.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გახლდით - დავინტერესდი ვის დაეწერა 16 თებერვალს ჩაბარებული ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი, ზემოხსენებული ხელშეკრულების დეტალების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით. კანცელარიაში განმიმარტეს, რომ საჩივარი აწერია ირაკლი ქოიავას; ანუ იმ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართე ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის განსახილველად შეტანიდან ერთთვიანი ვადა არსებობს.