სააკაშვილი ვაუჩერებს ჯიბიდან ისვრის

სააკაშვილი ვაუჩერებს ჯიბიდან ისვრის

საქართველოს პრეზიდენტმა მცირე ხნით შეირბინა რიგითი აჭარელის ოჯახში და მორიგი ენერგოვაუჩერის იდეა დაებადა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლება ჯერარნახულ ხელგაშლილობას იჩენს. რას იზამ - შიში ოხერია, არჩევნები კი ახლოს...

მიხეილ სააკაშვილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დამატებითი ენერგოვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, რომ თანხები გამოყონ ბიუჯეტიდან, რომ მკაცრი ზამთრის გამო დენის გაუთვალისწინებელი, 20-30%-ით გაზრდილი ხარჯების გამო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყონ.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც მკაცრი ზამთრის გამო მოსახლეობას დენის გაუთვალისწინებელი, 20-30%-ით გაზრდილი ხარჯები მიადგა. 

ასეთი იდეა სააკაშვილს ბათუმში, ბერიძეების ოჯახში სტუმრობისას მოუვიდა. უფრო სწორად კი არ მოავიდა, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილ-დადგმული, მაგრამ პრეზიდენტს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამ ყველაფერმა თავში ელვასავით გაურბინა და ერთი რკინისებური სიტყვით ყველაფერი გადაჭრა. მადლიერი ამომრჩეველი კი გულაჩუყებული შესცქეროდა ტელევიზორის ცისფერ ეკრანს (ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს ასე ეგონა)...

იმავდროულად საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბერიძეების ოჯახისთვის სოციალური სტატუსის მოხსნის გამო შესაბამისი სამსახურები გააკრიტიკა. ბერიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და არსებული 42 ქულიდან მათი ქულები 61-მდე გაიზარდა, რის გამოც ოჯახს ყველანაირი სოციალური დახმარება მოეხსნა და ბავშვი, რომელსაც ძვლის ტვინი გადაუნერგეს, ჯანდაცვის ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოხვდა. 

პრეზიდენტი დაინტერესდა, რა კრიტერიუმით ამოიღეს ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიიდან და უფრო მოქნილი სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ოჯახი დაბალშემოსავლიანია, ბავშვი, რომელიც მკურნალობდა იტალიაში, ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა და ბოლო ერთი წელია იქ არის, დაზღვევიდან მოხსნეს მაშინ, როცა ასეთი რთული დიაგნოზით იყო იტალიაში წასული. ოჯახმა ბინა დააგირავა, ამ დროს ჩვენი სოციალური სააგენტო ოჯახს უხსნის სოციალურად დაუცველის სტატუსს. რა კრიტერიუმებით ვსარგებლობთ, მაინტერესებს?“ - კითხვა დასვა სააკაშვილმა და რა თქმა უნდა ვერავინ უპასუხა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ოჯახს დაეხმაროს, სოციალურ სტატუსს უხსნის, რაც დაუშვებელია. „ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ზის თბილისში და წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. სამინისტროსთან სერიოზულად არის სამუშაო და ასევე ადგილიდან უნდა გაიცეს რეკომენდაციები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სოციალური სტატუსი იქეთ იყოს და ამ ცივ ზამთარში მთელი ქვყენის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემაც აქვს. საქმე ისაა, რომ გაუსაძლისი ყინვებისა და გზების დროულად გაუწმენდაობის გამო, ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ „მაშრუტკებით“ გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და ძირითადად ტაქსებით მგზავრობენ. ამან კი მკვეთრად გაზარდა მოსახლეობის სატრანსპორტო ხარჯი.

„ძნელია სამარშრუტო ტაქსის ან ავტობუსის ლოდინი ამ სიცივეში. განსაკუთრებით, საღამოს. შუადღისას შეიძლება უფრო დაელოდო, მაგრამ დილა-საღამოს, როცა ყველაზე მეტად ცივა, ქუჩაში ნამდვილად ვერ დადგები. ოჯახში ოთხი წევრი ვართ, რომლებიც ყოველდღიურად გავდივართ სახლიდან. თითოეულს ტაქსისთვის დღეში ზუსტად 8-8 ლარი გვჭირდება“, - დაახლოებით ასეთი სამგზავრო ტარიფებით უწევს თბილისელების უმეტესობას გადააგილება.

ჰოდა, ყველაფერზე მზრუნველ პრეზიდენტს ყველა სიკეთესთან ერთად ამაზეც ეზრუნა და მოსახლეობისთვის ბარემ სატაქსო ვაუჩერებიც დაერიგებინა? ისე, ყოველი შემთხვევისთვის, არჩევნები ახლოვდება და ვინ იცის რაში გამოადგება...