თბილისური სუპერმარკეტის ოცი წლის გამყიდველი ქრისტინა, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, დღეში რვა საათს მუშაობს და მისი თვიური ანაზღაურება 121 დოლარია (200 ლარი), ამ თანხაში გადასახადებიც შედის. ხელფასს მას საათობრივად უხდიან, მაგრამ დეკემბრის ბოლოდან ანაზღაურება არ მიუღია. მაგრამ ის მუშაობას არ წყვეტს: ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილების დეფიციტია, მას არჩევანი არ აქვს.
საქართველოს მცხოვრებლების უმრავლესობის მსგავსად, ქრისტინამაც გაიგო იმის შესახებ, რომ 30 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების „შესაძლებლობაზე“ ისაუბრა, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ აისახება ეს კონკრეტულად მის შრომით სიტუაციაზე.
თუკი თბილისი და ვაშინგტონი შეთანხმებას მიაღწევენ, გოგონას დასაქმების პერსპექტივები შეიძლება გაუმჯობესდეს.
მოქმედი შრომის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს დამქირავებლებს და ისეთ დაქირავებულებს შორის, როგორიც ქრისტინაა, ხელი შეუწყო საერთაშორისო არენაზე საქართველოს, ისეთ სახელმწიფოდ წარმოჩენას, რომელიც ბიზნესის ხელშემწყობ რეფორმებს ახორციელებს. თუმცა, შრომის კოდექსმა, რომელმაც ოდესღაც დონალდ ტრამპის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ლიბერალური მიმართულების კვლევითი ცენტრების მოწონება დაიმსახურა, შესაძლოა თბილისს შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული იმედების განხორციელების გზაზე დაბრკოლებად ექცეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისი შეერთებულ შტატებთან შესაბამისს მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთანხმება თბილისისთვის სასარგებლო უნდა იყოს, მაგრამ შეერთებულ შტატებთან (და ევროკავშირთანაც) მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებისთვის, საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, რასაც, კრიტიკოსების აზრით, მოქმედი შრომითი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს.
მთავრობის მტკიცებით, დღევანდელი კანონმდებლობის ძალა მის სიმარტივეშია: დაქირავებულები და დამქირავებლები თავად თანხმდებიან ანაზღაურებასა და სხვა დეტალებზე. მაგრამ ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციების აზრით, საქართველოს შრომითი კანონმდებლობა დამქირავებლებს უსამართლო უპირატესობას ანიჭებს. ამ მხრივ, კრიტიკოსებისთვის საჩვენებელი მაგალითი 2011 წელს ქუთაისის ინდურ-ქართულ საწარმო GeoSteel-ში გაფიცვაა. მაშინ შრომითი კონფლიქტის დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა ბევრი გაფიცული მუშა დააპატიმრეს და დააშინეს.
„შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს, როდესაც ადამიანები, რომლებიც საკუთარი და კოლეგების ინტერესების დაცვას ცდილობენ, შეიძლება რეპრესიების წინაშე აღმოჩდნენ“, – აღნიშნავს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ინტერვიუში ILO-ს გენერალური დირექტორის ხუან სომავიას სპეციალური მრჩეველი კარი ტაპიოლა. „როგორც ჩანს, საჭიროა ადმინისტრაციულ-შრომითი ურთიერთობების სფეროში თამაშის წესების გარკვევა, რათა მან შესაბამის მდგომარეობას მიაღწიოს და უფრო გასაგები გახდეს“.
სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ შეთანხმების გაფორმებისთვის მთავრობას, ალბათ მოუწევს კანონმდებლობის გადახედვა. და, როგორც ჩანს თბილისმა ეს მართლაც უნდა გააკეთოს. აშშ-ს ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 2011 წელს ფულის სახით 567,6 მილიონ დოლარს მიაღწია, ეს კი აღნიშნულ წელს ქვეყნის ექსპორტის მთლიანი მოცულობის მეოთხედზე მეტია.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კანონმდებლობას მხარს უჭერს, აცხადებს, რომ თბილისი „რთულ მდგომარეობაშია“,, რადგან საერთაშორისო შრომითი შეთანხმებების განხილვისას შრომითი საკითხები წამოიჭრება ხოლმე“, – ამბობს იგი. „ჯერ კიდევ მანამ, სანამ ამ სავაჭრო მოლაპარაკებებს დავიწყებდით, ევროკავშირი ჩვენგან ამ საკითხის რაიმე ფორმით მოგვარებას მოითხოვდა“, – ამბობს იგი.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ისეთ არგუმენტებს იყენებს, რომელიც 1980-იანი წლების შრომითი კონფლიქტების დროს ბრიტანელი კონსერვატორების და ამერიკელი რესპუბლიკელების პოზიციას გავს, ამტკიცებს, რომ დასაქმებულთა შესაძლებლობას – თავად მოილაპარაკონ შრომით პირობებზე, საბაზრო კონკურენცია უზრუნველყოფს და არა რეგულაციური ზომები. „სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს დამსაქმებლის და დაქირავებულის ურთიერთობაში“, – ხაზგასმით აღნიშნავს ჯაფარიძე. „ყოველთვის, როდესაც ასეთ საკითხებში სახელმწიფო ერევა, რომელიმე მხარე, ან დამსაქმებელი ან დაქირავებული, პრივილეგიას იძენს“.
საქართველოს შრომითი კოდექსი არ განსაზღვრავს შრომითი ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს, არც სამუშაო დღის ხანგრძლივობას და დამატებითი სამუშაოსთვის კომპენსაციის გაცემას არ მოითხოვს. არ არის მკაფიო არც პროფკავშირების უფლებების საკითხი, გარდა დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვისა (სამუშაო ადგილზე „პირდაპირი ან ირიბი შევიწროვების“ სახით) „რელიგიის, სხვა გაერთიანებებში წევრობის, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების“ საფუძველზე.
ამერიკის შრომის ფედერაციის და მწარმოებელ პროფკავშირთა კონგრესის (AFL-CIO) განცხადება, სადაც გაპროტესტებულია საქართველოს, როგორც აშშ-ს პრივილეგირებული სავაჭრო პარტნიორის სტატუსი, თბილისზე სერიოზული ზეწოლის ნიშანია, ამბობს ჯაფარიძე. „აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობა – პატარა ორგანიზაცია არ არის, რომლის იგნორირებაც შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, თუ რა დონეზე განიხილება ეს საკითხი, მთავრობას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ის მართალია“, – აცხადებს იგი.
ამერიკის შრომის ფედერაციისა და სამეწარმეო პროფკავშირების კონგრესის მიერ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობისთვის გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ შრომის კოდექსი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი თანამშრომლების იგნორირება მოახდინოს, როგორიც ქრისტინაა, რომელიც ზეგანაკვეთზე, ამასთანავე შაბათ-კვირასაც მუშაობს, არანაირ კომპენსაციას არ იღებს და ხელფასს თვეობით არ უხდიან.
თუკი პეტიციას მხარს დაუჭერენ, საქართველო შეიძლება თავისი სავაჭრო პრივილეგიების გარეშე დარჩეს, რომელიც მას პრეფერენციების საყოველთაო სისტემით ენიჭება – პროგრამა, რომელიც განვითარებად ქვეყნებს აშშ-ში პროდუქციის საბაჟო გადასახადის გარეშე შეტანის უფლებას აძლევს, მაგრამ ამ ქვეყნებისგან დასაქმებულთა ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიებს მოითხოვს. თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება საქართველოს დამატებით შეღავათებს მისცემს, მაგრამ შრომის უფლებების, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა უფლებების სფეროში მკაცრ მოთხოვნებსაც დაუწესებს.
ჯერ-ჯერობით საქართველო თითქოს ცდილობს ამ უფლებების დაცვას. 24 იანვარს AFL-CIO-ს განცხადებასთან დაკავშირებული საჯარო განხილვის დროს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გამოასწორებს სიტუაციას „კოლექტიური შეთანხმებების გაფორმების“ და „გაერთიანებათა თავისუფლების“ სფეროში, რათა მოახდინოს საქართველოში „ნამდვილი პოლიტიკური ნების“ დემონსტრირება, რაც აუცილებელია შრომის კოდექსის „უფრო მაღალ საფეხურზე აყვანისა და მისი დაახლოვებისთვის შრომის საერთაშორისო კონვენციებთან და საუკეთესო მაგალითებთან“.
თუმცა, დეტალები ჯერ ძველებურად გაურკვეველია. ქართველმა ჩინოვნიკებმა EurasiaNet.org-ისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე თხოვნას არ უპასუხეს.
როგორც საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციის ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა (ამ ორგანიზაციაში 27 პროფესიული კავშირი შედის), ხელისუფლების დაპირება, რომ კოდექსს შეასწორებს, ხელს შეუწყობდა ქვეყანაში შრომითი სიტუაციის კორექტირებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა ამ დაპირებების შესრულება. „ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ პროფესიული კავშირები – ბოროტება არ არის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა მათაც შეუძლიათ“, აცხადებს, პროფკავშირთა კონფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა ბელთაძე.
foreignpress.ge
760
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85