თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევს

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევს

თურქეთ-საქართველოს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასა და ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციას, გრიფით საიდუმლო ადევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარკვეული კითხვებით წერილობით მივმართე, რომელზეც დღეს მივიღე წერილობითი პასუხი. საგარეოდან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ, მაგრამ მანამდე უპრიანია წაიკითხოთ ის კითხვები, რომელიც სამინისტროში 30 იანვარს ჩავაბარე:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მაცნობოთ:

-რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი;

 - შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში სამი მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია და ბათუმში ერთი მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული.

- თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“.

საქართველოს საგარეო სამინისტროდან 14 თებერვალს ჩემს კითხვებზე მიპასუხა საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ:

“თქვენი ამა წლის 30 იანვრის განცხადების პასუხად გაცნობებთ რომ “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით გაფორმებული არ არის. აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

რაც შეეხება ოქმის პირობებს, გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის  4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი დღესვე გადავუგზავნე იურისტებსა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს. ხვალისთვის ველოდები მათ პასუხს და თუ გაირკვა, რომ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გასაიდუმლოება არ შეესაბამება კანონმდებლობას, ამ საკითხს ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრებ და თუ მაინც ვერ მივიღებ პასუხს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, საქალაქო სასამართლოში სარჩელს შევიტან.