Where Are You From ანუ რა ჰქვია ჩვენს ქვეყანას?  (მეგობრებთან დაწყებული დისკუსიის გაგრძელება)

Where Are You From ანუ რა ჰქვია ჩვენს ქვეყანას? (მეგობრებთან დაწყებული დისკუსიის გაგრძელება)

”Where Are You From? - მეკითხება სასტუმროს კლერკი.

I’m from Georgia - ვპასუხობ.

Ohh...I see, thank you, Sir - სახეს იჭმუხნის, ნაღდად არ იცის...”

ქართველი ტურისტის ნაამბობი.

Georgia, ქვეყანა, რომლის სახელი ინგლისურად სხვა, უფრო ცნობილ  გეოგრაფიულ სახელს ემთხვევა, ან ქვეყანა, რომლის ინგლისური სახელიც ბევრმა არ იცის... საინტერესო თემაა, ჩემმა მზემ. როგორც ყველაფერი, ამ დალოცვილ საქართველოში, ქვეყნის სახელიც პრობლებური და კონფლიქტური აღმოჩნდა, როგორც გარე სამყაროსათვის, ისე ჩვენთვის და ჩვენი წყალშემდგარი იდენტობისათვისაც. 

საქართველოს სახელად ”საქართველო” რომ ჰქვია, „ბოდიში მამითხოვია და“ მარტო ჩვენ ვიცით. ჰა-ჰა... ერთი-ორი განათლებული და კავკასიაში ჩახედული რუსი, ან გერმანელი ქართველოლოგი გამოჩნდეს და მათ გაახსენდეთ, რომ  ჩვენი „ცაფირუზხმელეთზურმუხტოს“ ნამდვილი დასახელება, ქართულად, ანუ ამ ტერიროტიაზე მცხოვრები ერის ენაზე, საქართველოა...დანარჩენებს, სტრატეგ-პარტნიორებს, ყველა ჯურის ყოფილ და მიმდინარე ოკუპანტებს, მეზობლებს და არამეზობლებს (თუ გაუგიათ ჩვენზედ რამე)... ყველას თავისი სახელი აქვს ჩვენი ქვეყნისათვის „მოყუჩებული“. 

მაგალითად, არაბები საქართველოს „ჯურჯიას“ ანდ „ჟურჟიას“ ეძახიან, ლიტველები ქართულს (ჩვენს ენას) სასაცილო სიტყვას „გრუზინიშკაი“-ს უხმობენ, ხოლო საქართველოს - „გრუზიოსს“. ჩვენს ბაღნარს და ამერ-იმერს, იაპონურად „გურუჯია“ ჰქვია. ჩინურად კი (ჰანის დიალექტზე, 格鲁吉亚) არც მეტი და არც ნაკლები -  „გელუჯია“ (ფაქტიურად, „გელა ძია“). ჩვენი მოძმე სომხები, საქართველოს აღსანიშნად „ვრასტანს“ ხმარობენ და სომხურად ჩვენ „ვრაცები“ ვართ, შორეული ასტურიელები კი არც მეტი არც ნაკლები, ამ ჩვენს კავკასიის ზურმუხტს, „ხორხას“ ეძახიან...გინდათ რომ „ხორხა“ ანდ „გელუჯია“ გერქვათ? 
ხომ მაგარია? ჰოდა, თუ მართლაც მაგარია, ალბათ აჯობებს, დავფიქრდეთ, ვიკამათოთ და ჩვენს ქვეყანას ოფიციალური სახელი მოვუფიქროთ, რათა სულელურ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ როდესაც „გრუზინს“ ან „გურჯს“ დაგვიძახებენ, ჩვენ კი დაჟინებით „ჯორჯიანის“ ძახილს დავიწყებთ. ალბათ ჭკუასთან ახლოს იქნება, თუ ჩვენი სამშობლოს საერთაშორისო სახელს, არაქართული მსოფლიოსთვის (სხვა ქვეყნები, გაერო, ეუთო და სხვა საერთაშორისოებიც რომ არიან, იმათი ჩათვლით),  ქართული წარმოშობის ეთნონიმებიდან შევურჩევთ : ან „საქართველო“ ან კიდევ, როგორც ზოგი გვთავაზობს, „ივერია“. ორივე ქართულია, მისაღებია ჩვენთვის, ქართველებისთვის და სხვებმაც, კეთილი ინებონ და ასე დაგვიძახონ. 

ქვეყნის (ან ქალაქის) სახელის წარმატებულად შეცვლის მაგალითები, უახლოესი წარსულიდან, რამდენიმეა: მოლდავეთი მოლდოვად იქცა, კიშინიოვი - ჩიშინაუდ, ბომბეი - მუმბაიდ,  ბირმა - მიანმად, ჩერნოგორია - მონტენეგროდ (ან პირიქით), კანტონი - გუანგჟოუდ და ა.შ. როგორც ხედავთ, ამ ცვლილებებით, არავის არაფერი არ მოსვლია. მსოფლიომ აიტაცა ახალი სახელები და ახლა დგანან ჩვენი უცხოელი (როგორც ახლა იტყვიან) „პარტნიორები“ და ამ ქვეყნებზე და ქალაქებზე, სხვა, ახალი სიტყვებით ჭიკჭიკებენ. თუ გვსურს - გავაკეთებთ. თუ არა და...მაშინ ვიძახოთ რომ „ჯორჯიანზ“ ვართ, ან „გურჯლარ“ ან „გრუზინი“. თანაც სასაცილოა, რომ ამ ეთნონიმების შერჩევა-გამოყენებასაც იდეოლოგიური ელფერი დაჰკრავს,  ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ნაციონალების სახეები, „გურჯი“ ან 

„გრუზინი“ რომ შევთავაზოთ ეთნონიმად!

განმარტება-დამატება: ტერმინი Georgian ინგლისურ ენაში, ჩვენს გარეშე დამკვიდრდა და მას საქართველოსთან ან ქართველებთან, არაფერი აქვს საერთო. ეს დიდი ხნის ტერმინია და 18-19-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის „გეორგიანულ“ ეპოქას აღნიშნავს. იმ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები ჯორჯ I, II,III, და IV და შესაბამისად, მთელ ამ პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ „გეორგიანული“ დაარქვა. 

ამ ეპოქამ ბევრი სიახლე და „სიკეთე“ მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურას და არქიტექტურას. ამ დროს მიმდინარეობს ამერიკის ინტენსიური კოლონიზაცია, სასახელო ომები ინდიელებთან და მათი მეთოდური განადგურება, ამ ეპოქის პროდუქტია მერკანტილიზმის პოლიტიკა და უცხოური ექსპორტის შეზღუდვა, ამ დროს მიმდინარეობს ბრიტანეთის იმპერიის ძლევამოსილი ექსპანსია ინდოეთისკენ და სამხრეთ ზღვებისკენ (კაპიტანი კუკი). ამ დროს გაიმარჯვა ინგლისმა ტრაფალგარისა და ვატერლოოს სახელგანთქმულ ბრძოლებში.  

როგორც ხედავთ, „ჯორჯიან ერა/Georgian era“ უკვე არსებული კულტურულ-ისტორიული ფენომენია ანგლო-საქსურ სამყაროში და მას სრულიად კონკრეტული შინაარსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის. ტერმინი „ჯორჯიან/Georgian“, ჩვეულებრივ გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს „ჯორჯიან“-ის ეთნონიმად, მითუმეტეს ბრიტანეთიდან გეოგრაფიულად საკმაოდ მოცილებული საქართველოს, აღსანიშნავად. აღარაფერს ვამბობ „გუგლში“ ძებნისას აშშ-ს სახელოვან სამხრეთულ შტატზე,  „ჯორჯიაზე“, რომელიც ჯიუტად გვეცილება ჩვენი ქვეყნის სახელს ინგლისურენოვან საძებნ სისტემებში ... გარდა ამისა, ჩვენც, ქართველებსაც ხომ უნდა გვქონდეს რაიმე ემოციური ან ცნობიერი ბმა სახელთან Georgian? 

ოდესმე გითქვამთ თქვენს თავზე ქართულად, რომ „ჯორჯიან“ ხართ? ეს ტერმინი, ვფიქრობ, საკმაოდ უცხოდ ჟღერს, მისი ქართულად აღქმისათვის. არის კიდევ ერთი საინტერესო და ჩვენთვის ჩვეული და შესისხლხორცებული ეთნონიმიც: დასახელება „იბერია“. იგი ჩვენში არანაირ გაუცხოებას არ იწვევს. იგი მშობლიურია და ბავშვობაში ალბათ ყველასთვის უთქვამთ ჩვენს ბებია-ბაბუებს, რომ საქართველოს ადრე იბერიას უწოდებდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს,  ამაშიც ბედი არ გვწყალობს, პარალელური ტერმინი „იბერია“ არსებობს ესპანურშიც და პორტუგალიურშიც. იგი ამ ენებზე მოსაუბრე სამყაროსათვის, რომელიც პირენეებიდან შოოორს დასავლეთით ... ვიდრე ჩვენს მეგობარ აშშ-მდეა დღეს გადაჭიმული და ამ უზარმაზარ სივრცეზე დაახლოებით 600 მილიონი (!) ენერგიული, სიმპათიური და ესპანურ და პორტუგალიურენოვანი ადამიანი ცხოვრობს.

ინგლისური „ჯორჯიანზის“ მსგავსად, დარწმუნებული ვარ, ესპანელი ბუღალტრისა თუ პერუელი ლამების მწყემსისთვის, ეთნონიმი „იბერიელი“ დამაბნეველი და შესაძლოა, მიუღებელიც კი აღმოჩნდეს. ესპანელები, პორტუგალიელები და ლათინური ამერიკის ლათინურენოვანი მოსახლეობა, თავს იბერიულ და იბერიულ-ამერიკული სამყაროს წარმომადგენლებად თვლიან. მეტიც, მსოფლიოს ისტორიულ და გეოგრაფიულ წყაროებში (სტრაბონი, პლინიუსი) პირენეის ნახევარკუნძულს იბერიის ნახევარკუნძული ჰქვია და ეს სახელი დღესაც აქტიურად გამოიყენება დასავლურ გეოგრაფიაში.

სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის დასახელებად ტერმინ „იბერიის“ დამკვიდრებისას, შესაძლოა წინააღმდეგობებს შევხვდეთ მრავალრიცხოვანი ესპანურ და პორტუგალიურენოვანი სამყაროსაგან, რაც ალბათ, არასასურველი იქნება.

შესაძლო ვერსიებიდან ვეთანმები ჩემს მეგობრებთან განხილულ ორ ვარიანტს: ქართველი და ივერიელი.
ვითომ ცუდად ჟღერს შემდეგი?

1. (ინგლ.)Where are you from? I am from The Republic of Sakartvelo and I am Kartvel ან სხვა ნაცნობი პასაჟი: I am Kartvel, therefore I am from Sakartvelo! მე ქართველი ვარ! (ქართ.) -  Ich bin Kartvel! (გერმ.);  Я Картвел! (რუს.); Je suis Kartvel! (ფრანგ.); anna Qartveli (არაბ.)

2. Where are you from? I am from Iveria and I am Iverian ან სხვა ნაცნობი პასაჟი: I am Iverian therefore I am from Iveria!
მე ივერიელი ვარ! (ქართ.) -  Я Ивериец (რუს.);Ich bin Iwerier! (გერმ.); Je suis Iverienne (ფრანგ.),  anna Iveri (არაბ.)და ა.შ. 
ვფიქრობ, ამ თემაზე დაფიქრება მართლაც ღირს, რადგან ეს ჩვენზე, ჩვენს ეთნონიმზე და ჩვენი ქვეყნის სახელზეა საუბარი, ქართველ-ივერიელნო!