ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც პოლიტიკოსები წარმოადგენენ. დღევანდელ წერილში საუბარი ამ პროფესიის ხალხზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.
ქართველ პოლიტიკოსებს ვაჭრობის ჩინებული ცოდნა-გამოცდილება გააჩნიათ და ამ უნარს უცხოეთში ხშირად იყენებენ.
გოჩა ჯოჯუა:
“ირანში ყოფნისას გადავწყვიტეთ თეირანის ბაზარში გავსულიყავით სუვენირების შესაძენად. უფრო სწორედ, ნოდარ გრიგალაშვილი იყო მოწადინებული და მე თარჯიმნად ვჭირდებოდი.
დილიდან მეფერებოდა, აბა, შენი იმედი მაქვს, ამ უცხო ქალაქში არ დავიკარგო და ვაჭრობაშიც დამეხმარებიო. ბაზარში სადღაც შევყოვნდი, შემდეგ ჩვენებს წამოვეწიე და საოცარი სურათი დავინახე. გრიგალაშვილი მოვაჭრე ქალის პირდაპირ დგას, ხელებს აქტიურად იქნევს და ქართულად ელაპარაკება. ქალიც ხელებს იშველიებს, სპარსულად პასუხობს და ესმით ერთმანეთის.
ნახევარი საათი ისაუბრეს და ყველაფერი ნახევარ ფასში არ იყიდა?! მორჩა საქმეს და ირონიულად გადმომხედა:
- რაში მჭირდება შენი თარჯიმანობა, ქართულს ხელები რომ წააშველო სპარსული გამოდის. ვივაჭრე კიდეც და საქართველოშიც დავპატიჟე.”
საყიდლებზე სიარული უყვარს ქალბატონ თინა ხიდაშელსაც და ამ ჩვევას უცხოეთში ყოფნის დროსაც არ ღალატობს. ერთხელ თბილისში დაბრუნებისას აეროპორტში კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
თინა ხიდაშელი:
“ბუნებით ძალიან პრინციპული გახლავართ. თუ რამის გაკეთება გადავწყვიტე, ჩემთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არსებობს. სანამ დათო ამერიკაში სწავლობდა, ორ წელიწადში რვაჯერ ჩავაკითხე, ჯგუფელები გაგიჟებულები იყვნენ.
ერთხელაც, იქაურ მაღაზიაში ძალიან მომეწონა შპალერი. მაშინვე შევიძინე და ჩემოდანი გავტენე. გამოცილების დროა და დათო მეკითხება:
- ამ უზარმაზარ ჩემოდანში რა გიწყვია?
- შენი ბუზღუნის თავი არ მაქვს, თბილისში რომ ჩამოხვალ, გაიგებ, - დავამშვიდე.
აღარაფერი უკითხავს, იცის, თუ ერთი “არა” ვთქვი, დამთავრებულია. მივედით აეროპორტში, ჩემოდანი აწონეს და კონტროლიორი მეუბნება:
- ვერ გაგატანთ, 5 კილოგრამით მძიმეა, უნდა მოაკლოთ.
- ჩემოდანს არ გავხსნი! – მივახალე.
ამერიკელს თვალები გაუფართოვდა! ორ წუთში ოცი კაცი დაგვადგა თავზე:
- გახსენით!
სხვა რა გზა იყო, გავხსენი, “ზედმეტი 5 კილოგრამი” დათოს ხელებში მივაჩეჩე და გავაფრთხილე:
- იცოდე, ამ შპალერის გარეშე თბილისში ჩამოსული არ გნახო, თორემ, უკან მოგიწევს დაბრუნება.
თხოვნა პირნათლად შეასრულა. არც ჩამოტანისას უბუზღუნია და არც მაშინ, როდესაც იგივე შპალერი თბილისის მაღაზიაში უფრო იაფად ნახა.”
კაცი ყველა ქვეყანაში ერთია, გინდა ქართველი პარლამენტარი ბრძანდებოდეს და გინდა ირანის მეჯლისის დეპუტატი. ლამაზი ქალის დანახვაზე ყველას ერთნაირი რეაქცია გააჩნია და თუ საშუალება მიეცემა მასთან დაახლოების შემთხვევას თავის სასარგებლოდ აუცილებლად გამოიყენებს.
თამაზ ხიდაშელი:
“პირველად უცხოეთში 1978 წელს გავედი. მეუღლემ დაიჟინა, გინდა თუ არა კრუიზში წავიდეთო და ბოლოს დამიყოლია. გემს “არმენია” ერქვა, ოდესიდან გავედით.
ოცი დღე ვიცხოვრეთ გემზე და ვაი, ასეთ დასვენებას. მე წყლის შიში მაქვს. პატარა ღელვაზეც კი ცუდად ვხდებოდი, თავი ილუმინატორიდან მქონდა გადაყოფილი და თევზებს ვუყურებდი. ერთი შვება ეგ იყო, რომ გემი ლამაზი ქალებით იყო სავსე. ვხედავ, ზღვის ავადმყოფობა ცოლსაც შეეყარა, ჩემზე უარეს დღეშია და ჩხუბი დავუწყე:
- ეს გინდოდა, არა? რისთვის წამომიყვანე. მარმარილოს ზღვაში დამახრჩო?
- შემეშვი, ჩემი გამჭირვებია, - ამოიკვნესა.
- არაფერია, კარგი წამალი მასწავლეს, - მოვუარე შორიდან, - თურმე, მაგ დროს, კაიუტაში მარტო უნდა იყო და კარი ჩაკეტილი გქონდეს, რომ თავზე კონტროლი არ დაკარგო და გემბანზე არ გავარდე ზღვაში გადასახტომად.
პატარა ღელვა დაიწყებოდა თუ არა, კარს გარედან ვუკეტავდი და ისე ვერთობოდი, შენი მოწონებული. მეც კმაყოფილი ვიყავი და მეუღლეც, ამისთანა მზრუნველი ქმარი თუ მყავდა, არ მეგონაო.”
ქართველები მათთვის დამახასიათებელ თვისებებს უცხოეთშიც ინარჩუნებენ და არაორდიანლური ქცევით იქაურებს ხშირად აოცებენ.
შოთა სანდუხაძე:
“ოპერაციისთვის საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მომიწია ჩასვლა, კლინიკა 5 კილომეტრით იყო დაშორებული. იქაურმა ტრადიციებმა საკმაოდ გამაოცა. სუფრასთან მარტო ოჯახის უფროსს აქვს პურის დაჭრის უფლება და სტუმარი ხარ თუ მასპინძელი, უნდა სთხოვო – ერთი ნაჭერი მომეციო.
ოპერაციას ჩემი ექიმი, ბატონი ბადური ზელინცკიც ესწრებოდა, რომელიც თბილისიდან წამომყვა. ერთ დღესაც სურვილი აღმეძრა, ჩემი გადამრჩენებისთვის პატარა პიკნიკი მომეწყო, პირდაპირ კლინიკაში. ქართული საჭმელების მოსამზადებელი მასალის მოსატანად გაპარვა გადავწყვიტე, ისე არავინ გამიშვებდა. წავავლე წვეთოვანას ხელი, გავედი გარეთ და ტაქსში ჩავჯექი. ამ დროს ბადურს მიუკითხებია და ცუდად გახდა კაცი.
- შოთა სად არის, შოთა! – დარბის ერთი სართულიდან მეორეზე.
მთელი მედპერსონალი ფეხზე დადგა, მეძებენ. ბოლოს დაცვის თანამშრომელს მიადგნენ, გაოგნებული იდგა.
- პაციენტი ხომ არ გასულა? – ეკითხებიან.
- შავგვრემან კაცს ეძებთ, წვეთოვანით გამოვარდა და ტაქსში ჩაჯდა.
პროდუქტებით მოსული რომ დამინახა, მთავარმა ექიმმა ხელები გაშალა და ბადურს მიუბრუნდა:
- თუ საქართველოში ბევრია ამისთანა, ვერ ყოფილა თქვენი საქმე კარგად”.
ქართველებმა მოლხენაც კარგი ვიცით და ცეკვაშიც თავს არავის დავაჩაგვრინებთ.
პაატა ქურდოვანიძე:
“ერთხელ საქართველოს პარლამენტის წევრები ვილნიუსში ვიყავით. საოცარი დახვედრა მოგვიწყეს. ოფიციალური სადილია რაღაც უმაღლეს დონეზე. ვარდებით დამშვენებული მაგიდები, სანთლები.
უცებ ოფიციანტი მიახლოვდება და მაწვდის ლანგრით წერილს. გავხსენი გაკვირვებულმა და ვკითხულობ”
“ბატონო პაატა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ისურვა ქართულის ცეკვა და პარტნიორად დელეგაციამ თქვენ შეგარჩიათ. იმედია, გვასახელებთ. პატივისცემით, გია ბარამიძე.”
ვერ აგიწერთ, რა დამემართა, თან ამ დროს დამკვრელებმა “სულიკო” დასცხეს და შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა. ცხოვრებაში არ მიცეკვია, კაცო!
მოკლედ, სანამ დროა, თავს უნდა ვუშველო. ოფიციანტს ვკითხე, წერილი ვინ გამოგატანათ-მეთქი და ბესო ჯუღელი დამანახა. გვერდით გოგი ლიპარტელიანი ეჯდა. შეწუხებული წამოვხტი და მივადექი.
- ბატონო ბესო, წერილი ვინ გადმოგცათ?! – ისეთი გაბრაზებული თვალით შემომხედა, სისხლი გამეყინა.
- არ იცი, რომ ფეხზე წამოდგომა არ შეიძლება, ეტიკეტს არღვევ!
- წერილი, ბატონო ბესო, - ხმა ამიკანკალდა, - ცეკვა არ ვიცი.
- მე რა ვიცი, ბარამიძეს ჰკითხე.
მივედი ბარამიძესთან და წერილი გავუწოდე. დაიწყო გაოცებულმა კითხვა და უკნიდან ხარხარი მესმის. გავიხედე და ჯუღელს ცრემლები ჩამოსდის ღაპაღუპით. დავიბენი, შოკში ვარ, ვერ ვხვდები, რა ხდება. დავიკავე ჩემი ადგილი, გვერდით თამაზ ხიდაშელი მეჯდა და გადმომილაპარაკა.
- პაატა, ნუ ცდები, შეიძლება სალომემ მართლა გამოგიცეკვოს და მაგიდის ქვეშ ფეხები იქნიე გასავარჯიშებლად.
აბა, ატყდა სიცილი! ვკვდები, ვიგუდები, მაგიდას თავს ვურტყამ! არ მახსოვს, ამდენი მეცინოს, ვკიოდი! შემდეგ აივანზე გავედით, ერთმანეთს ვასკდებით და მალე პრეზიდენტის ხარხარიც შემოგვიერთდა.
დავბრუნდით თბილისში, პარლამენტში მივდივარ და კედელზე გაკრული განცხადება მხვდება:
“სუხიშვილების ანსამბლი ეძებს მოცეკვავეებს და ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაეწერეთ პაატა ქურდოვანიძესთან”.
მართლაც რომ საამაყო პარლამენტარები გვყავს, სიცილიც კარგი იციან და ადამიანის გამასხარავებაც. რაც მთავარია, “მსხვერპლიც” კმაყოფილია და ხარხარში გამშაყირებლებს ტოლს არ უდებს.