განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით დაპატიმრებული 20 წლის ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაიშვილის საქმეში არსებულ სიახლეებზე გთავაზობთ ინტერვიუს მისი უფლებების დამცველთან, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე პროკურატურას ქართველმა ჟურნალისტებმა უკან დაახევინეს.
ის, რაშიც ბრალს სდებენ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, თქვენი აზრით წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგია, თუ ეს ემოციის ნიადაგზე მომხდარი შემთხვევითობაა?
მამუკა ნოზაძე: საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ.
იქნებ განმარტოთ რატომ?
- სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. იგი ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. მან ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ე.წ. დაზარალებულ გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა. იგი დამარცხდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას. შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ.
გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, შევიდა ნდობაში 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს სოფიკო ნიკოლაშვილი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა.
რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა ნიკოლაშვილს?
- ძირითადად მამამისის საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ აპირებდა გაწევრიანებას საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ქართულ ოცნებაში“, რომელიც გურჯაანში ჯერ არ არის დაფუძნებული და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში ვინ გეგმავდა შესვლას, რომელიც ჯერ თბილისშიც არ დაფუძნებულა.
მოკლედ, ნიკოლაშვილს ივანიშვილის მხარდამჭერების მონაცემთა ბაზა უნდა გადაეცა, რაც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისთვის (და არა მარტო მათთვის) მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რათა შემდეგ ამ ადამიანებზე ზეწოლა განეხორციერლებინათ და იმ ტერორისტული მეთოდებით გასწორებოდნენ (რაც ამგვარ შემთხვევებში ახასიათებთ).
რა ხდებოდა 2 ნოემბრიდან 31 იანვრამდე?
- ეს იყო სოფო ნიკოლაშვილის პირადი ტრაგედია, უბედურება და მას არ უნდოდა ეს გაეგო ოჯახის წევრებს.
და ამ ხნის განმავლობაში ინფორმაციას აწვდიდა?
- მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება. გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი იარაღი.
იმის შიშით, რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა.
მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ნიკოლაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს და ამ დროს, ორი დღით თქვენ და მეორე ადვოკატი, მაგული ღვალაძე მასმედიასთან საპირისპიროს აცხადებდით - რა ხდება სინამდვილეში?
- სინამდვილეში ხდება ის, რომ ნიკოლაშვილის საქმეზე ქართველი ჟურნალისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიურობამ პროკურატურას უკან დაახევინა. ეს არის ფაქტი. “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამ საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. სწორედ ამგვარი აქტიურობის შემდეგ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება.
არადა, ამ განცხადების გაკეთებამდე ორი დღით ადრე მე დამიკავშირდა გურჯაანის პროკურატურის პროკურორი, ბაკურ აბულაძე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. როდესაც ჩავეძიე და ვთხოვე განემარტა, რა საგამოძეიბო მოქმედებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა გურჯაანის პროკურატურაში მაშინ, როცა სოფო ნიკოლაშვილი უკვე გადაყვანილი იყო ციხეში, კერძოდ, რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში, პროკურორმა ასეთი პასუხი გამცა - “ჩვენ საქმის მასალებს ვასაიდუმლოებთ და თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ გაფრთხილებაზე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ისაუბრებთ“.
რასაკვირველია, ამაზე უარი განვაცხადე და მოვითხოვე ჩემთვის გამოეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნებოდა რატომ აპირებდნენ საქმის გასაიდუმლოებას.
მაგრამ მეორე ადვოკატმა ხომ მოაწერა ხელი საქმეზე გრიფით საიდუმლოს დადებას?
- დიახ და ეს არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, პირადად მეც დამიდასტურა.
მაგული ღვალაძე სახაზინო ადვოკატია, თუ ოჯახმა აიყვანა?
- ოჯახმა აიყვანა. იგი დაახლოებით 20-25 წელი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მე პროკურორი მესაუბრა, ნიკოლაშვილები გავაფრთხილე, არ დათანხმებოდნენ და ასევე ვთხოვე ეთქვათ მეორე ადვოკატისთვის, არ დათანხმებოდა პროკურატურას, რადგან გრიფით საიდუმლოს ისეთ დოკუმენტს ადებენ, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ან ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებას ზიანს მოუტანს. ამ სისხლის სამართლის საქმეში ასეთი საფუძვლები არ არის. ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი თავად შესძინეს და საპატიმროებში მყოფ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს სოფო ნიკოლაშვილიც შემატეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ საქმისთვის გრიფით საიდუმლოს დადება უკვე ნამეტანი იქნებოდა.
დღეს სოფო ნიკოლაშვილი არის პოლიტპატიმარი, პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი. მამამისს ვერანაირი საფუძველი ვერ მოუძებნეს, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ და მისი 20 წლის გამოუცდელი შვილი სიბაშვილების ხელით ბრმა იარაღად გამოიყენეს.
ამჟამად რა ეტაპზეა საქმე? ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო თუ არა მოქმედება და ხელმეორედ როდის დაიკითხება სოფო ნიკოლაშვილი?
- სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ სამშაბათის მონაცემებით ექსპერტიზის ჩატარება დაწყებული არ იყო. გასულ ორშაბათს სოფო ნიკოლაშვილმა მიმართა: საქართველოს მთავარ პროკურორს, კახეთის საოლქო პროკურორს და გურჯაანის პროკურორს. ის მოითხოვს ხელმეორედ დაკითხვას, რადგან სრულფასოვანი ჩვენების მიცემის საშუალება არ მიეცა. მოგეხსენებათ იგი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა და ამ დროს დაჟინებით ითხოვდა ადვოკატით უზრუნველყოფას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით პოლიცია ვალდებული იყო სოფო ნიკოლაშვილი დაკავებისთანავე უზრუნველეყო ადვოკატით. ამასთან, დაკავებისას სოფო ნიკოლაშვილს დაკავებისა და ბრალის წაყენების საფუძველი და მიზეზი არ განუმარტეს. სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულად დაიკითხა ადვოკატის გარეშე და ასევე ბრალიც ადვოკატის გარეშე წაუყენეს.
საჩივარში სოფო ნიკოლაიშვილმა ასევე მოითხოვა გამომძიებელ მარინა ფოცხვერაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება. ეს ის გამომძიებელია, რომელმაც სოფო ნიკოლაშვილს დაცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდა. ასევე ნიკოლაშვილი მოითხოვს გამოძიების დაწყებას პოლიციის უფროსის მოადგილის მიმართ. ამასთან, სოფო ნიკოლაშვილი მოითხოვს მთლიანად აცილებულ იქნას მის მიმართ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კახეთის რეგიონისგან (ე.წ. დაზარალებულის ოჯახის სტატუსიდან გამომდინარე).
ანალოგიური შინაარსის საჩივრებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მეც მივმართე. ნიკოლაშვიოლის საქმეზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წინასწარი სასამართლო სხდომა 9 მარტსაა დანიშნული, რომელზეც მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების განხილვა მოხდება.
თქვენ, ან ოჯახმა მიმართეთ თუ არა სახალხო დამცველს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საელჩოებს და ასევე საინტერესოა, მათგან ხომ არავინ ახორციელებს დაკვირვებას ნიკოლაშვილის საქმეზე?
- ამ ეტაპზე არავისთვის მიგვიმართავს, უკანონობის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ვიბრძვით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სახალხო დამცველისთვის ალბათ, ცნობილია თუ რა უკანონო ქმედებებია განხორციელებული ნიკოლაშვილის მიმართ და თუ თავად არ დაიწყებენ მონიტორინგს, ჩვენ ამგვარი მოთხოვნით აუცილებლად მივმართავთ.