[ნინო მიქიაშვილი]
შიდა ქართლში, რუსი ოკუპანტების მიერ ქართული მიწის მიტაცების მორიგ ფაქტზე, ჯერ მხოლოდ უკიდურესი შეშფოთებაა გამოხატული და ისიც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ, რომელსაც შოთა მალაშხია ხელმძღვანელობს და რომელიც თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას სთხოვს.
იმაზე, რამდენად ადეკვატურია ქართული მხარის რეაქცია ოკუპანტების ქმედებაზე და შეშფოთების გარდა რა შეიძლება დავუპირისპიროთ ქართული მიწის ნაწილის მორიგი მიტაცების ფაქტს, პრესა.გე ესაუბრა ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს.
მიწის მიტაცების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ თავის ვებგვერდზე ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა: “2010 წლის 29 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების ჩატარება დაიწყეს. ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მნიშნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას“.
შსს–ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები არმატურის ძელებს არჭობდნენ სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი; სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი. უკანონო “დემარკაცია“ მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, რომ მათ ვებგვერდზე დადებული ინფორმაციებიდან სწორი შეცვლილი ვარიანტია. უტიაშვილის თქმით, ტერიტორიები, რომლებზეც პირველ ინფორმაციაში იყო საუბარი, ნეიტრალური ტერიტორიებია; სამი სახლი კი, რომელიც ამ ტერიტორიებზეა, მიტოვებულია. უტიაშვილის განმარტებით, რუსი ოკუპანტები დემარკაციას ძველი, 1982 წლის საბჭოთა რუკით ახორციელებენ.
პრესა.გე–ს კითხვაზე – რამდენად ადეკვატურია ქართული მხარის რეაქცია, მომხდართან დაკავშირებით? ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე პასუხობს:
“რასაკვირველია, ადეკვატური არ არის. რთული მდგომარეობაა და იმდენი ვქენით, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ (ხელისუფლებამ, საზოგადოებამ) შევიქმენით. ზოგი შემეკამათება ასე არ არისო, მაგრამ ასეა და რა ვქნა?!
შსს–მ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები გაავრცელა, იმის თაობაზე, რომ ეს 25 ჰექტარი თუ 30 ჰექტარი რუსებმა მიითვისეს და იქ არმატურის ბოძები დაასვეს. მოგვიანებით ვებგვერდზე დადეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ დემარკაციას აკეთებენ, სხვა არაფერი მომხდარა. დღეს უკვე ამბობენ რომ იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
საქმე იმაშია რომ ესაა რუსული ტაქტიკა – გარკვეული ქმედებების ჩადენა და შემდეგ სავარაუდო საზოგადოებრივ აზრზე რეაგირება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთშიც. თუ მათ ქმედებებზე პასუხი აგრესიული იქნება, მაშინ თავიანთ გადაწყვეტილებას შეცვლიან. თუ შერჩათ, მაშინ გააგრძელებენ; ფორმატი ასეთია: ბოძებს დგამენ და თვითონ ამ ბოძებთან მაინცდამაინც არ დგებიან. ანუ თვითონ საზღვარს, ფიზიკურად, არ აფიქსირებენ. რამდენიმე ხნის წინ ანალოგიური მოხდა ახალგორსა და სოფელ ლამისყანას შორის, როდესაც სოფლის გზაზე მიწაყრილი აღმართეს“.
მამუკა არეშიძის აზრით, ოკუპანტების ამოცანა ასეთია:
“სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნას ბუფერული ზოლი, სადაც ხალხი, მოსახლეობა არ იქნება, იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება უფრო დაცული იყოს. სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო აქტიური და აგრესიული არ გახდება, არაფერი გვეშველება“.
იმაზე, შეშფოთების გარდა რა შეიძლება გავაკეთოთ, ოკუპანტების ქმედების საპასუხოდ არეშიძე ამბობს:
“ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება შევაწრიალოთ და შევეცადოთ, იქ მყოფი მონიტორების კონცეტრირება მოხდეს ამ ამოცანაზე. მონიტორები საკმაოდ დელიკატურ მდგომარეობაში არიან, რადგან საზღვარი, ერთი შეხედვით, გადმოწეულია, მაგრამ ფაქტიურად იქ არავინ დგას. მონიტორებმა არ იციან ამ ფაქტს როგორი შეფასება მისცენ“.