ოსები რუსების დახმარებით ქართული სოფლებისკენ მოიწევენ

ოსები რუსების დახმარებით ქართული სოფლებისკენ მოიწევენ

[როზი ჯღამაია]

30 სექტემბერს გორში „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონალური ორგანიზაცია დაფუძნდა, თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი ღონისძიება, რამაც ჩვენი, ჟურნალისტების ინტერესი გამოიწვია. ირაკლი ალასანია საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად საზღვრისპირა სოფლების შემოვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავდა. ბუნებრივია, უარს ვერ ვიტყოდით საკუთარი თვალით გვენახა ომგამოვლილი სოფლები, საიდანაც ინფორმაცია დედაქალაქამდე აღწევს, მაგრამ ხელისუფლებაში იკარგება.

 

ადგილზე ნანახმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის ახალი საქართველო, რითაც მიხეილ სააკაშვილი ასე ამაყობს. შიმშილი, გაჭირვება, შიში და ცხოვრება ტყვიების ზუზუნში. ერთ დროს ყველაზე მდიდარი სოფლები დღეს გავერანებული და გადამხმარია. ხვალ კი იგი შესაძლოა, ერთ დიდ ნასახლარს დაემსაგვსოს, რადგან შიში და გაჭირვება ადამიანებს აიძულებს სოფლები დატოვონ. მოსახლეობაში ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს ხელისუფლება იქ ბაზების გაავსებას აპირებს და ამის გამო, ხალხს იძულებულს ხდის დატოვოს სოფელი. თუმცა, ზემო და ქვემო ნიქოზელების ყოფაზე მეორე სტატიაში ვისაუბრებთ. ახლა კი, იმაზე მოგიყვებით, როგორ ცდილობენ ოსები რუსების დახმარებით ქართულ სოფლებამდე საზღვრის გადმოტანას.

 

ინფორმაცია ამის შესახებ შსს-მ გაავრცელა, რომლის პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო: „რუსი ოკუპანტები არმატურის ძელებს არჭობენ სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი; სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი. უკანონო „დემარკაცია“ მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც“.

 

ზემო ნიქოზში ჩასვლისას პირველ რიგში, ამ ინფორმაციით დავინტერესდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი შევიტყვეთ. ზემო ნიქოზელები ამბობდნენ, რომ ეს ინფორმაცია მათ ჭორის დონეზე იციან და დაზუსტებას ჩვენგან ცდილობდნენ.

 

„გუშინ უცხოელებიც იყვნენ ამოსულები სოფელში და გვეკითხებოდნენ, რა ვიცოდით ამის შესახებ და საერთოდ, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია. აბა ჩვენ რა ვიცით, ჩვენც ხალხისგან გავიგეთ“, – გვითხრა ზემო ნიქოზის ერთ–ერთმა მკვიდრმა. 

 

თავდაპირველად, ვინაიდან ამ ამბის მომსწრე ვერავინ ვნახეთ, ვიფიქრეთ, რომ ფაქტს რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო, მაგრამ შემდეგ, ზემო ნიქოზელებმა გვირჩიეს ინფორმაცია ქვემო ნიქოზში გადაგვემოწმებინა. ასეც მოვიქეცით, ინფორმაციის პირველი წყარო საზღვრიდან 500 მეტრში ვნახეთ. მამაკაცი ქალბატონთან და ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გზაზე ტრანსპორტს ელოდებოდა. ბლოკ–საგუშაგო ვიკითხეთ და თან, დაწვრილებით გამოვკითხეთ რა იცოდნენ საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით.

 

სამივემ დგვიდასტურა, რომ ორი დღის წინ ნეიტრალურ ზონაში, მათ თანასოფლელებს მართლაც შეუნიშნავთ რამდენიმე პირი, რომლებიც რაღაცას ზომავდნენ. ამის მეტი მათგან სხვა ვერაფერი გავიგეთ. ქალბატონმა და გოგონამ გვირჩიეს, რომ საზღვართან ახლოს მივსულიყავით, რადგან იქ უფრო მეტს შევიტყობდით.

 

–აქვე ახლოსაა ჩვენი საგუშაგო, იმის იქეთ კიდევ ჩვენი ბაღებია. ჩვენ ვერ გადავდივართ, მაგრამ იქეთ მხარეს 5–მდე ქართული ოჯახი დარჩა, რომლებსაც არავინ იცავს, – გვითხრა ქალბატონმა

 

სად დარჩნენ, ქართული საგუშაგოს იქეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე?

 

–დიახ. ის ხალხი იქ ღვთის ანაბარაა მიტოვებული. რამე რომ მოხდეს ჩვენი პოლიცია იქედან გამოიქცევა და ჩვენი განმკითხავი აღარავინ იქნება.

 

მანქანებში ჩავსხედით და ბლოკ–საგუშაგოსკენ წავედით, თუმცა სანამ ადგილიდან დავიძვრებოდით, მამაკაცი ქალბატონს და გოგონას მიუტრიალდა და წაეჩხუბა:

–რატომ ლაპარაკობთ ამდენს?

–იმიტომ, რომ უნდა ვთქვათ და შენც უნდა გეთქვა, რადგან იქ ახლოს ცხოვრობ და კარგად იცი რაც ხდება, – იქეთ გაუჯავრდა ქალბატონი.

 

ჩხუბში ვერ ჩავერეოდით და გზა განვაგრძეთ. მალე საგუშაგოც გამოჩნდა, მაგრამ როგორც გვითხრეს, იმის იქეთ კიდევ სხვა საგუშაგო იყო – ქართული. ისიც გვითხრეს, იქეთ ვერ გადავიდოდით, არც აქედან ჩანდა რაიმე ისეთი, რომ ან გადმოწეული საზღვარი დაგვენახა, ან ნეიტრალური ტერიტორია. სხვა გზა არ იყო იქაური მოსახლეობის ინფორმაციას უნდა დავყრდნობოდით.

 

ხალხი ქუჩაში კანტიკუნტად მოძრაობდა. რა თქმა უნდა შეგვამჩნიეს, მაგრამ არ იმჩნევდნენ და ცდილობდნენ საუბარში არ ჩარეულიყვნენ. ჩვენი მაინც გავიტანეთ და პირობაც მივეცით, რომ რაც იცოდნენ თუ მოგვიყვებოდნენ მათ ვინაობას არ გავთქვამდით. პრინციპში, მათგან ბევრი მაინც ვერაფერი გავიგეთ და ის იყო გაწბილებულები უკან გამობრუნებას ვაპირებდით, რომ ერთი ახალგაზრა მამაკაცი წამოვიდა ჩვენსკენ. სანამ რაიმეს ვკითხავდით, თავად მოგვიყვა რაც იცოდა.

 

–როგორ არ იცით ხალხო, – ჯერ, თანასოფლელებს მიუბრუნდა, მიშამ ნახა როგორ გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე ისინი. შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა და განაგრძო: 4 „გრაჟდანსკი“ ფორმაში იყო, ორიც ავტომატიანი და ერთი ქალი ახლდათ. ჩვენს ერთ თანასოფლელს ჭანჭურის მიწოდება უნდოდა და მათკენ გაემართა, მაგრამ ხელი აუქნიეს, აქეთ არ წამოხვიდეო და ისიც უკან გამობრუნდა.

 

სად იყვნენ შემოსულები სოფელში?

–სოფელში არ გადმოსულან, მაგრამ ისიც ჩვენი ტერიტორიაა. იქ ბაღები გვაქვს და დავდივართ. ჩვენს ბაღებთან მოვიდნენ, რაღაცას ზომავდნენ და შემდეგ მიწაში სოლები ჩაასვეს.

 

გუშინ ან დღეს არ გადასულხართ იქეთ?

–არა, რაღას გადავიდოდით, იქ არიან და...

 

მოკლედ გავარკვიეთ, რომ ნეიტრალურ ზონაში, მართლაც ჰქონდა ადგილი რაღაც მოძრაობებს და ალბათ, ეს ამით არ დასრულდება, მითუმეტეს, რომ სანამ ჩვენ ადგილზე ვარკვევდით ინფორმაციის უტყუარობას, შსს–მ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეასწორა და გაავრცელა: „2010 წლის 29 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების ჩატარება დაიწყეს. ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მნიშნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას“.

 

საკუთარი თვალით რომ არ გვენახა ხელისუფლებას როგორ ყავს ღვთის ანაბარად მიტოვებული კონფლიქტის საზღვრისპირა სოფლები, ვიფიქრებდი, მართლა შეწუხებულან–თქო, მაგრამ როგორც შეგპირდით, ამ ყველაფერზე ვრცელ რეპორტაჟს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

 

ახლა კი, სტატიის თემასთან დაკავშირებით  კიდევ ერთ ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის მერაბ ჩიგოევის განცხადებით, საზღვრის ერთობლივი დემარკაციის წინადადებით ცხინვალის რეჟიმმა, როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. მისივე თქმით, ამ წინადადებას მხოლოდ რუსული მხარე გამოეხმაურა, ქართულ მხარეს კი ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.

„ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, თავადვე დავიწყოთ საზღვრის დადგენის სამუშაოები. საზღვარი გაივლის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ჩვენ გასულები ვართ ადგილზე, ტერიტორიას ვათვალიერებთ და ვცდილობთ, დავადგინოთ საზღვარი. თუმცა, ეს არ არის სადემარკაციო სამუშაოები, დემარკაცია უფრო რთული პროცესია და როგორც წესი, ორივე მხარე მონაწილეობს. ჩვენ ქართული სოფლების სიღრმეში ერთი სანტიმეტრითაც კი არ შევსულვართ. სხვისი მიწა არ გვჭირდება, მაგრამ არც ჩვენი მიწის ერთ სანტიმეტრს არ დავუთმობთ არც საქართველოს და არც რუსეთს“, - განაცხადა ჩიგოევმა.