„ოკუპანტების შეჩერება თუ არ მოხდა, ნელ-ნელა მთელ საქართველოს დაიკავებენ“

„ოკუპანტების შეჩერება თუ არ მოხდა, ნელ-ნელა მთელ საქართველოს დაიკავებენ“

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს“ 1984 წლის რუკის მიხედვით ახორცილებენ. ამ ტერიტორიებზე ქართულ მხარეს თავისი წარმომადგენლები არ დაუყენებია, რათა ეს საქართველოს მხრიდან ე. წ. საზღვრის ცნობად არ ჩათვლილიყო.

 

ქართული მხარე რუსი ოკუპანტების მიერ ე. წ. საზღვრების გადმოწევას ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტს უკავშირებს. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ნატოს გენმდივნის ვიზიტის წინ ოკუპანტები კიდევ ერთხელ ახდენენ ძალის დემონსტრირებას.

 

ექსპერტთა შეფასებით,  საოკუპაციო ჯარების შეჩერება თუ არ მოხდა, ნელ-ნელა მთელ საქართველოს დაიკავებენ. მათივე თქმით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, დრო მოიგოს და შეიარაღებული ძალები გააძლიეროს.                       

 

„თუ პრეზიდენტი სააკაშვილი თვალს დახუჭავს აღნიშნულ ინციდენტზე, ეს რუსული მხარის კიდევ ერთი წახალიზება იქნება და საფუძველი იმისა, რომ ანექსიის პროცესი ასევე აქტიურად გაგრძელდეს. სააკაშვილი დროულად უნდა დაუკავშირდეს სარკოზის, ასევე ობამას ადმინისტრაციას და მათი დახმარებით ტერიტორიების შემდგომი შესაძლო მიტაცების პროცესი აღკვეთოს“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

 

ოკუპანტების მიერ შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების მიტაცების ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

 

როგორც შსს იუწყება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს“ ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. მათი თქმით, სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.

 

სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი.

 

როგორც შს სამინისტრო განმარტავს, სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი. უკანონო „დემარკაცია“ მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც.

 

რუსეთის საოკუპაციო ჯარები შიდა ქართლში „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს“ 1984 წლის რუკის მიხედვით ახორცილებენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.

 

„ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე 1984 წლის რუკა მომიტანეს, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ, რომ ეს ტერიტორიები მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ოლქში შედიოდა. ჩვენი მხრივ განვაცხადეთ, რომ მათი ქმედება უკანონოა“, - აცხადებს ჯუღელი.

 

მისი თქმით, იმ ტერიტორიებზე, სადაც ოკუპანტებმა „საზღვრის სადემარკაციო სამუშაო“ დაიწყეს, ქართულ მხარეს თავისი წარმომადგენლები არ დაუყენებია, რათა ეს არ ჩაითვალოს, როგორც საქართველოს მხრიდან ე. წ. საზღვრის ცნობა.

 

რუსი ოკუპანტების მიერ ახალი ქართული ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „არაფერი ხდება“.

ასე უპასუხა თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ „პირWელის“ კითხვას, რომელიც ოკუპანტების მიერ შიდა ქართლში რამდენიმე ჰექტარი ქართული ტერიტორიის მიტაცებაზე ქართული მხარის შესაძლო რეაგირებას ეხებოდა. მახარაძის განცხადებით, ამ საკითხით ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროა დაკავებული. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიის მიტაცებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. როგორც „პირWელს“ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განუცხადეს, შიდა ქართლში მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით სპეციალური ინფორმაცია გავრცელდება.

მათივე თქმით, მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ჯერ საქართველოში არ იმყოფებიან, თუმცა აშშ-დან უკვე გამოემგზავრნენ.

 

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიების მიტაცების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მან ინფორმაცია „პირველისგან“ მიიღო, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

ქართული მხარე რუსი ოკუპანტების მიერ ე. წ. საზღვრების გადმოწევას ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტს უკავშირებს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განუცხადა, ნატოს გენმდივნის ვიზიტის წინ ოკუპანტები კიდევ ერთხელ ახდენენ ძალის დემონსტრირებას.

 

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ლალიაშვილის აზრით, „ისეთი ძალის ანექსიას, როგორიც რუსეთია, ქართული სახელმწიფო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს“.

 

„რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიების მიტაცება მცოცავ ანექსიას წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ სახელმწიფოს რუსეთის მსგავსი ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია და ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზეა დარჩენილი“ - განუცხადა „პირველს“ ლალიაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოდის და მასთან შეხვედრაზე რუსი ოკუპანტების მიერ ახალი ქართული ტერიტორიების მიტაცების საკითხი აუცილებლად დადგება.

 

სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერება თუ არ მოხდა, ნელ-ნელა მთელ საქართველოს დაიკავებენ. როგორც სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, საქართველო ამ პრობლემის მოგვარებაში უუნაროა.

 

„რუსეთის საოკუპაციო ჯარების შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერება მარტივი გადასაწყვეტია. რუსეთმა ამ ქმედებით კიდევ ერთხელ უგულებელყო საერთაშორისო საზოგადოება. ამ პრობლემის მოგვარების მთავარი წყარო ობამას ადმინისტრაციაა. თუ ამერიკასა და რუსეთს შორის მართლაც არსებობს რამე ურთიერთობა, ახლა გამოჩნდება“, - აცხადებს სესიაშვილი.

 

სესიაშვილის განმარტებით, ეს არაა რიგითი გენერლების გადაწყვეტილება, ეს კრემლიდან მოდის, შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია.

 

„თუ პრეზიდენტი სააკაშვილი თვალს დახუჭავს აღნიშნულ ინციდენტზე, ეს რუსული მხარის კიდევ ერთი წახალიზება იქნება და საფუძველი იმისა, რომ ანექსიის პროცესი ასევე აქტიურად გაგრძელდეს. სააკაშვილი დროულად უნდა დაუკავშირდეს სარკოზის, ასევე ობამას ადმინისტრაციას და მათი დახმარებით ტერიტორიების შემდგომი შესაძლო მიტაცების პროცესი აღკვეთოს“ - განუცხადა „პირWელს“ სესიაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, რუსული ჯარის ამ ქმედებით სარკოზი-მედვედევის ცნობილი შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა, ამდენად მომხდარზე რეაგირება სწორედ სარკოზის მოეთხოვება, ობამა კი საკითხის მოგვარებაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსის გამო უნდა ჩაერთოს.

 

„დროა, რუსეთ-ამერიკის „გადატვირთვის“ პოლიტიკამ ასახვა საქართველოს ცხოვრებაზეც ჰპოვოს. მხოლოდ შს სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება პასიური მდგომარეობაა, ჩვენმა პასიურმა პოზიციამ კი შესაძლოა, შემდგომში რუსეთის მხრიდან საქართველოს ახალი ტერიტორიების მიტაცება განაპირობოს“- აცხადებს სესიაშვილი.

 

სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის შეფასებით, „რუსეთი საქართველოს ახალი ტერიტორიების მიტაცებით ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს“. როგორც „პირWელს“ თავდგირიძემ განუცხადა, „რუსი ოკუპანტების ქმედებები დამატებით დაძაბულობას ქმნის და პროვოკაციური სახისაა“.

 

„ისინი ქვეყნის ცოცხალ ანექსიას ახორციელებენ, რადგან იციან, რომ ქართული არმია მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და ადექვატურ პასუხს ვერ გასცემს. ამავდროულად, ადგილი აქვს მცდელობას, ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაცია შეიქმნას“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

 

თავდგირიძის აზრით, „ამ ეტაპზე ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობა სასწრაფოდ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს, დრო მოიგოს და შეიარაღებული ძალები გააძლიეროს“.