[პრესაკლუბი]
კავკასიის ინტერმნეტ მედიის პრესკლუბის სტუმარი ამჯერად, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი იყო. შეხვედრა ჩვეულებისამებრ კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ ირგვლივ თქვენი პარტიის პოზიცია ცნობილია – თქვენ არ ესწრებით ღონისძიებას. რატომ თქვით უარი მისულიყავით შეკრებაზე?
– ჩვენი პარტიის პოზიცია ასეთი ცნობილი არ არის. ჩვენ არც უარი გვითქვამს და არც თანხმობა. პარტიაში მოსაწვევები ქალბატონი ბურჯანაძის პარტიიდან მივიღეთ და არა რაიმე სხვა ორგანიზაციიდან. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ამ ტიპის მოწვევაზე არ ვიქნებით, ვინაიდან გაუგებარია ჩვენთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „სახალხო კრების“ კონკრეტული გეგმა, მისი ორგანიზატორები და გაუგებარია მისი ფორმატი. მიუხედავად საუბრებისა, რაც ჩვენ ტელეეთერიდან გვესმის, ამ წუთისთვის სრულიად ნათელია, რომ ძალიან კონკრეტული პარტიის ორგანიზებით ხდება ამ ღონისძიების მოწვევა. თუმცა, ხვალ თუ რაიმე მეტი გახდა ცნობილი, შესაძლებელია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს თავისი გადაწყვეტილება.
ანუ, მიუღებელია ის, რომ ამის უკან მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა დგას?
– ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ნათქვამი. არადა სულ სხვა „სოუსით“ ხდება ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის მიწოდება და რეალობაში სულ სხვაგვარად ხდება ყველაფერი. ისეთ ღონისძიებებში, სადაც არ ვიცით სად მივდივართ, როგორ ფორმატში და ვისთან ერთად მივდივართ, მონაწილეობას არ ვღებულობთ.
როგორც წესი, ასეთი ღონისძიებები, თუ მას საერთო საქვეყნო ხასიათის პრეტენზია აქვს იგეგმება ერთობლივად პოლიტიკური ძალების მიერ. 2007 წლის 27 სექტემბერს, როდესაც პირველი მიტინგი გამოცხადდა ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბეთ „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება. ერთად ვისაუბრეთ გეგმებზე და ყველამ ერთად გამოვუცხადეთ საქართველოს, რომ მეორე დღიდან ერთად ვიწყებდით ქვეყნის გათავისუფლებას რეჟიმისგან და ამასთან, სრულიად ნათელი იყო გეგმაც, რომელზეც ვსაუბრობდით.
ჩემთვის ის არ არის მიუღებელი, ვის მიერ არის ღონისძიება ორგანიზებული, უბრალოდ, ინფორმაცია უნდა გქონდეს. არ შეიძლება საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდო და ამ ფორმით სცადო საკუთარი გეგმების განხორციელება.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია კიდევ უფრო დაიქსაქსა. იმ ფონზე, როცა ხელისუფლება სულ უფრო მეტად მობილიზებული ხდება, არ თვლით, რომ ამ პოზაში ყოფნა ოპოზიციას წამგებიან სიტუაციაში აყენებს?
– ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის პათოსი, რომელიც ამ კითხვაში იგრძნობა და საერთოდ მეფობს დღეს საქართველოში. ორი დღის წინ, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო გაზეთ „რეზონანსის“ გარეკანზე გამოტანილი იყო სათაური – „ისევ ვერ მოახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას“ და ეს იყო ნათქვამი დიდი გულისტკივილით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას არაფერი საერთო არ აქვს ხელისუფლების დაკვეთასთან, მაგრამ ქვეცნობიერად, ხელისუფლების ინტერესს ემსახურება, რომ მუდმივად გააღვივოს ეს თემა – აი, ახლა გაერთიანდება ოპოზიცია, აი – ახლა და მერე... უკაცრავად, მაგრამ არ გამოვიდა, ვერ გაერთიანდა.
ეს იქნება საზოგადოების კიდე ერთხელ მოტყუება, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდებით და საპარლამენტო არჩევნებზე ერთად წავალთ. იქნება მოტყუება, რადგან არ გავერთიანდებით და იქნება მოტყუება იმ შემთხვევაშიც, თუ გავერთიანდებით. ასე ერთად მდგარი – მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტული ძალა საზოგადოებას ვერაფერს ვერ შესთავაზებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ქვეყანას აწუხებს, გარდა ერთისა, რომ სააკაშვილი წავა და ვიღაც სხვა მოვა. ამით კი არსი და შინაარსი არ შეიცვლება. ასეთი პოლიტიკური გაერთიანებები მართავდა ჩვენს ქვეყანას 20 წლის განმავლობაში. ასეთი იყო „მრგვალი მაგიდა“, ასეთი იყო „მოქალაქეთა კავშირი“ და ასეთია „ნაციონალური მოძრაობა“. არცერთი მათგანი არ ყოფილა პოლიტიკური პარტია, ყველა მათგანი იყო პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომელსაც არაფერი ერთმანეთთან არ აკავშირებდა გარდა იმისა, რომ ძალაუფლებაში ყოფნა უნდოდათ.
ზუსტად იგივეს გვთავაზობს ჩვენ ხელისუფლება, ქართული მედია და ექსპერტების დიდი ნაწილი, რომ ოპოზიციამაც ეს გეგმა ავირჩიოთ – დავდგეთ ერთად ძალაუფლებისთვის და არა იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ქვეყანას აწუხებს.
მაგრამ შეხების წერტილი ალბათ, მაინც უნდა მონახოს ოპოზიციამ, რაშიც შეიძლება ერთიანი იყოს...
– ეს არ არის პრობლემა, ამას აუცილებლად მოვნახავთ, მაგრამ პრობლემა „მეორე სერიაა“.
მეორე სერიამდე ხომ უნდა მიხვიდეთ?
– ამან მიგვიყვანა აქამდე, რომ ყოველთვის ფიქრობდნენ, მთავარი პირველი სერიაა და მეორე სერიაში რაღაც მოხდება. მეორე სერიაში არაფერი არ ხდება.
გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს 2011 წელს სააკაშვილთან ერთად შეხვდეს. შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ამ შემოდგომაზე რაიმე ასეთი მოხდეს?
–„ფორუმს“ წარმატებებს ვუსურვებ, ბედნიერი ვიქნები თუ ის ამ ამოცანას შეასრულებს და ახალ წელს სააკაშვილთან ერთად არ შევხვდებით. თუმცა, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ შესაძლებლობას.
რა არის ის მოქმედება, რაც „მეორე სერიაში“ უნდა განხორციელდეს?
– ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური პარტია და არა გაუგებარი ერთობა, სადაც სრულიად სხავადასხვა იდეოლოგიის, ღირებულების და ქვეყნის მომავლის ხედვის მქონე პოლიტიკური ძალები იქნებიან გაერთიანებული საკუთარი ინტერესებისთვის.
ოპოზიციის ერთადერთი სწორი გაერთიანება იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაერთიანება. ეს გაერთიანება აბსოლუტურად გულწრფელი და ერთადერთი გამოსავალი იყო. იმ გაერთიანებამ საზოგადოებას სრულიად ნათლად უთხრა, რომ ჩვენ მოვდივართ მხოლოდ პირველი სერიისთვის ერთად, 4 თვის შემდეგ იქნება ახალი არჩევნები, სადაც გადაწყვეტთ, როგორ პოლიტიკურ არჩევანს გააკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა, რადგან როგორც წესი ხელისუფლება არ უშვებს, რომ კარგი ამბები მოხდეს ქვეყანაში.
რაც შეეხება „ალიანსს“, ის არ იყო იმ ტიპის ერთობა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და, რომელსაც ქართველი ჟურნალისტები ქილიკით მოიხსენიებენ. „ალიანსი“ იყო მსგავსი პოლიტიკური იდეოლოგიური პარტიების გაერთიანება და ამ თვალსაზრისით – იყო ერთი პოლიტიკური პარტია. ჩვენც, “ახლებსაც” და ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდსაც ერთნაირი შეხედულება გვაქვს ამ ქვეყნის მომავალზე. ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური ძალები, მემარჯვენე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთნაირად ვფიქრობთ ეკონომიკურ თავისუფლებაზე და ერთი ადამინის პოლიტიკურ თავისუფლებაზე, პატარა მთავრობით, პატარა მმართველობითი სისტემით და მაქსიმალური თავისუფლებით.
ჩვენ „რესპუბლიკელები“ უკვე ვართ ევროპის ლიბერალური ოჯახის წევრი და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ირაკლი ალასანიას პარტიამაც ზუსტად იმავე ოჯახს მიმართა წევრობისთვის.
„რესპუბლიკელებს“ ხშირად მიანიშნებენ, რომ წინ გაუსწრო ქართულ საზოგადოებას და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ თქვენ არჩევნებში ვერ აგროვებთ ხმების საჭირო რაოდენობას. ხომ არ გეგმავთ პოლიტიკურ ბრძოლის მეთოდებს გადახედოთ და რაიმე შეცვალოთ ამ კუთხით? და, თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა ხართ თუ არა ამისთვის მზად?
– პოლიტიკური პარტია ყოველთვის, ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს და ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ფინანსურად მზად ვერ იქნება იმ მძიმე მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაშია.
რაც შეხება ცვლილებებს, ჩვენ ლიბერალები ვართ, ლიბერალებად დავრჩებით და შევეცდებით ქართული საზოგადეობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ ის ღირებულებები, რომელსაც ატარებდა ილია ჭავჭავაძე და, რომელსაც დასცინოდნენ ამის გამო. კონკრეტული სამოქმედო გეგმები კი მუდმივად იცვლება და შეუძლებელია პარტიას ტაქტიკური გეგმა მუდმივად ერთნაირი ჰქონდეს.
ამისთვის შეძლებთ თუ არა გაავლოთ ზღვარი ლიბერალიზმსა და ქვეყანაში არსებულ ფსევდო–ლიბერალიზმს შორის?
– მე ვფიქრობ ეს ძალიან სუბიექტური ამბავია. შესაძლოა, ადამიანი გულწრფელად თვლიდეს, რომ ის ლიბერალია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობდეთ. კი, არსებობს ესა თუ ის ნიშნები, რითაც შეგიძლია ამა თუ იმ მიმართულებას მიაკუთვნო ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, მედია ან საზოგადოება, მაგრამ ჩამოწერილი კრიტერიუმები არ არსებობს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ლიბერალები ითხოვენ, რომ განათლება იყოს უფასო, მაგრამ არასოდეს ამას ჰოლანდიელი ლიბერალი არ მოითხოვს, რადგან ჰოლანდიელ ლიბერალს სჯერა, რომ არაფერი არ შეიძლება იყოს უფასო.
მაგრამ არსებობს მთავარი ყველა ლიბერალური პარტიისთვის – თუ როგორ ხედავს სახელმწიფოს მმართველობას, რომ არ შეიძლება ეს იყოს დიდი და გაბერილი ბიუროკრატიული მმართველობა. და რა არის შენთვის მთავარი – თავისუფალი ბაზარი თუ ქვეყნის მთავარი ხერხემალი – პოლიცია. ძალიან მარტივი ტესტია.
თუ შენი შს მინისტრი ამბობს, რომ ყველა სოფელში გაიხსნება პოლიციის შენობა და ყველა რაიონულ ცენტრში არის პოლიცის შენობა, რომელიც ყველაზე ლამაზი შენობაა, ეს არის სირცხვილი ლიბერალურ–დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სირცხვილია, რადგან შეუძლებელია სახელმწიფოს იმდენი ფული და შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ სახელმწიფო დაწესებულება იყოს ყველაზე უფრო მაგარი და ლამაზი და არა ბანკი, სადაზღვევო კომპანია ან, სხვა რაიმე ბიზნესსდაწესებულება, რომელსაც პოტენციურად უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს არქიტექტორის დაქირავებისთვის და უკეთესი შენობის აშენებისთვის. თუ ეს არ არის, ეს ნიშნავს, რომ ძალიან შორს ხარ ლიბერალური სახელმწიფოსგან და ძალიან დიდი პრობლემა გაქვს.
არასოდეს ლიბერალური პარტია არცერთ ქვეყანაში არ იამაყებს იმით, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 7–ჯერ, რითაც ამაყობს ჩვენი პრეზიდენტი. საამაყო არ უნდა იყოს ის, რომ ჩინოვნიკების ბიუჯეტი იზრდება, არამედ ის, რომ მოქალაქის შემოსავალი იზრდება 7–10–ჯერ.
14–მა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი „ლეიბორისტების“ ინიციატივას, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და, რომელშიც 5 წლით შეზღუდვა უნდა დაწესდეს მოქმედი პრეზიდენტისთვის პრემიერ–მინისტრის პოსტის დასაკავებლად, თქვენ რატომ არ შეუერთდით ამ ინიციატივას?
– სხვათა შორის, პირველად ეს წინადადება ირაკლი ალასანიას პარტიამ გააჟღერა და არა „ლეიბორისტებმა“ და პირველი დღიდან ვამბობდით, რომ ეს არის დამოკიდებულება, რომ სხვანაირად ვერ მოერევი და ამიტომ, კონსტიტუციაში წერ რომ იმ ადამიანისთვის შუძლებელი გახადო ხელისუფლებაში დარჩენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დამარცხებული პოზიციიდან ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილს ჩვენ უნდა მოვუგოთ ამ ქვეყანაში ყველაფერი და უნდა გავისტუმროთ სასამართლოს დარბაზში, სადაც მის ბედს გადაწყვეტს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.
15 წლის მანძილზე პირველად ვეთანხმები გიგი წერეთელს, როდესაც მან თქვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში – დიდი მადლობა ოპოზიციას, რომელმაც შემდეგ არჩევნებშიც გამარჯვება ჩვენ დაგვიტოვაო. სწორედ ამას ნიშნავს ასეთი მოთხოვნა კონსტიტუციაში. გადარჩენაზე, რევოლუციურ ცვლილებებზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ძალები ასეთი პოზიციით არ უნდა იწყებდნენ სახელისუფლებო ძალასთან ურთიერთობას.
თქვენ საკრებულოში არცერთ ფრაქციაში არ გაერთიანდით, ყველას ემიჯნებით და აპირებთ საკუთარი ძალების მოსინჯვას თუ, რამე სხვა მიზეზი გაქვთ?
– არავის არ ვემიჯნებით, უამრავი ღონისძიება მქონდა ვიქტორ დოლიძესთან ერთად მის კომისიაში, გიორგი ტყემალაძესთან ერთად მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ და მგონი, რაღაც პროცესს დავძრავთ კონკრეტულ მიმართულებებში, უბრალოდ, ჩემი ხედვა იყო, რომ ფრაქციაში იქნები თუ არა ვინმესთან, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალია, როცა დამოუკიდებელი დეპუტატი ხარ. მე მირჩევნია ვიყო „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოში, ვიბრძოლო იმ ადამიანებისთვის, ვინც მე ყოველდღიურად მომმართავს თავისუფლად ყოველგვარი კონიუნქტურის გარეშე. ფრაქცია კი აუცილებლად ნიშნავს კონიუნქტურას და თუ ის არ არის შენი ფრაქცია, პრობლემების მოგვარებაში, ხანდახან ეს პრობლემებს ქმნის ხოლმე.
თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით დატოვა ირაკლი ალასანიამ „ალიანსი“, რაც მაშინ „რესპუბლიკელებისთვის“ გაუგებარი აღმოჩნდა. რა სხვაობას ხედავთ მის და თქვენს პოზიციას შორის?
– ძალიან დიდი სხვაობაა. შედეგი, რომელიც „ალიანსმა“ აჩვენა ეს იყო „ალიანსის“ შედეგი, ადამიანებმა დაიჯერეს ამ ერთობის. ამ ერთობას, ამ ხმებს და მხარდაჭერას ირაკლი ალასანიამ უღალატა, როცა ის წავიდა „ალიანსიდან“. მან დიდი შეცდომა დაუშვა, მან გაფლანგა ის მაღალი ნდობა, რაც „ალიანსს“ ჰქონდა, გაფლანგა თავისთვისაც და ჩვენთვისაც, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო და ამაში ვერავინ ვერ ჩავერევით. მე მხოლოდ წარმატებები მინდა მათ ვუსურვო, რადგან მაინც მჯერა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი და პოზიტიურად ვარ განწყობილი მათი მომავლის მიმართ.
დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრისთვის...
– 5 იანვარს, ეს მწარედ ვიგემეთ ყველამ.
გაეროში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაზე გაკეთებული შეფასებების შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხი გაზრდილია?
– შარშანაც გამოვიდა სააკაშვილი გაეროში, მერე რა?
მაშინ მისი გამოსვლისთვის საეტაპო არ უწოდებიათ...
– ვინ უწოდა – გია ნოდიამ? გაეროში აჰმადინეჯადსაც უსმენენ ყოველ წელიწადს და სხვა ბევრ ოდიოზურ ფიგურებსაც. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. იქ გაჟღერებული მიმართვები კი გვესმის სააკაშვილის ინაუგურაციის პირველი დღიდან. ჩემთვის სამწუხაროდ, სააკაშვილის მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს, რა ტრიბუნაზეც უნდა იდგეს და რასაც უნდა ამბობდეს. ამ ქვეყანაში, მე ვფიქრობ, ძალინ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მის სიტყვებს არანაირი ფასი არ აქვს. ასე გამოვიდა ამ 6 წლის განმავლობაში, ბევრი რამ ითქვა, ბევრი გეგმა დაიდო, მაგრამ შედეგად გვაქვს 7 ნოემბერი, 7 აგვისტო და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.
რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას, „ნაციონალები“ არიან ძლიერი თუ ოპოზიციაა სუსტი?
– არცერთი არ არის სიმართლე. ეს საბჭოთა კავშირია, ეს არის ისეთივე ქვეყანა, ოღონდ ნაკლები პოტენციალის მქონე ლიდერით, როგორშიც ჩვენ 70 წელი ვცხოვრობდით. მე სულ მიკვირს, ის ისტერია, რომელსაც ოპოზიციის „სისუსტის“ გამო ქმნიან. 1978 წელ შეიქმნა „რესპუბლიკური პარტია“ და წარმოგიდგენიათ ვინმეს რომ მოეთხოვა რატომ არ არის „რესპუბლიკური პარტია“ ძლიერი და რატომ ვერ ახერხებს კომუნისტური პარტიის დამარცხებას? ეს იყო 5 კაციანი პარტია და 5–ვე მალევე დაიჭირეს პარტიის დაფუძნებიდან.
დღესაც იგივე ვითარებაა. როგორ უნდა აჩვენოს მეტი ძალა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც არცერთი ბიზნესმენი არ ეხმარება, რომელსაც არცერთი ნაციონალური მედია, პრაქტიკულად, არ უშუქებს არცერთ ღონისძიებას, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს ორი მთავარი ინსტრუმენტი, რაზეც იდგა საბჭოთა კავშირი – პოლიციური რეჟიმი და საბჭოური ტიპის პროპაგანდა? ამიტომ, რთულია ამ ვითარებაში ინდივიდუალური გმირობები აჩვენო, რომელიც ისეთი ღირებულებების იქნება, რომელიც უცებ შეაზანზარებს ყველაფერს. ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ და ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირის დროს.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, რომ სოზარ სუბარმა ეროსი კიწმარიშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ლევან გაჩეჩილაძესთან უფრო მეტი საერთო იპოვა, ვიდრე, თუნდაც „ალიანსში“ შემავალ პარტიებთან, რადგან, რამდენადაც ცნობილი იყო თქვენი ღირებულებები უფრო ახლოს იდგა ერთმანეთთან?
–არ ვიცი, ეს სოზარს უნდა კითხოთ. მე ამ კითხვაბზე პასუხი ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა სოზარის პოლიტიკური მომავალი მაინტერესებს. როგორ იპოვა მეტი საერთო ეროსი კიწმარიშვილთან, ვიდრე სხვებთან, ეს მგონი, ჩემი გასარჩევი არ არის. მე ვფიქრობ სოზარმა ვერ იპოვა საკუთარი ადგილი პოლიტიკაში და ის ეძებს ამ ადგილს. ვუსურვებ წარმატებებს, რადგან ვფიქრობ, რომ ალასანიას პარტიასავით, ის მნიშვნელოვანი როლის და ფუნქცის მატარებელი უნდა გახდეს ამ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალში.