„სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება“

„სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება“

დიდი გამოხმაურება მოჰყვა სააკაშვილის განცხადებას 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში 2013 წლის შემდეგაც „განმსაზღვრელ როლს“ ითამაშებს.

 

ექსპერტთა თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და ლიდერის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა პრეზიდენტი „პენსიაზე გასვლისთვის ძალიან ახალგაზრდაა“. მეორე შეფასებით კი, სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება.

 

„არჩევნებში გამარჯვებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც პარტია იმარჯვებს და არა მხოლოდ ლიდერი. დღეს საქართველოში ვერც ერთი პარტია ვერ იქცა დასავლურ, ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალად, პარტიული მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა. მათ შორის, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ისეთ პარტიად, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში 2013 წლის შემდეგაც განმსაზღვრელ როლს ითამაშებს.

 

როგორც წიკლაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ფიგურაა და მისთვის უმთავრესია არა ფიქრები იმ შესაძლო თანამდებობებზე, რომლებიც შეიძლება 2013 წლის შემდეგ დაიკავოს, არამედ იმ კურსის შეუფერხებლად გაგრძელება, რომელიც დღეს საქართველოშია.

 

„ეს არის მოდერნიზაციის, ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციის კურსი. ასევე, ესაა შეურიგებლობა იმ ვითარებასთან, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყველაზე დინამიური ფიგურა, 2013 წლის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვან და განმსაზღვრელ როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აცხადებს წიკლაური.

 

თუმცა, როგორი იქნება მაშინ პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია, ამაზე წინასწარ საუბარი წიკლაურს არასერიოზულობად მიაჩნია.

 

„ჩვენთვის მთავარია, რომ 2012 წლის არჩევნებზე მივიდეთ ისე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ჩვენი მმართველობის ხელშესახები შედეგები, მივიღოთ მათი მხარდაჭერა და 2013 წლამდე ამ მხრივ გამყარებული პოზიციებით მივიდეთ. დანარჩენი, ვინ, სად და როგორ იქნება, გარწმუნებთ, პირველხარისხოვანი ამოცანები არ არის“, - აღნიშნავს წიკლაური.

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და ლიდერის შეცვლა შესაძლებელია.

თუმცა, როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პენსიაზე გასვლისთვის ძალიან ახალგაზრდაა.

 

„პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა სააკაშვილთან ერთად უფრო ადვილი წარმოსადგენია, თუმცა არც მის გარეშეა წარმოუდგენელი. ბოლშევიკების პერიოდშიც ვერ წარმოედგინათ თუ სახელმწიფო სტალინის გარეშე იარსებებდა, მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და იმ გუნდმაც, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში დარჩა, ბევრი ლიდერი გამოიცვალა“, - აცხადებს საყვარელიძე.

 

თუმცა, პოლიტოლოგი ეჭვობს, მიხეილ სააკაშვილს რეალურად ასეთი მიზანი ჰქონდეს.

 

„ის ახალგაზრდა, ენერგიით სავსე პოლიტიკოსია და ალბათ შეეცდება, რომ პოლიტიკაში დარჩეს. თავისი გუნდის სხვა წევრებზე ნაკლებად ენერგიული არ არის და პენსიაზე გასვლისთვისაც ძალიან ახალგაზრდაა“, - დასძინა საყვარელიძემ.

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება .

 

როგორც ექსპერტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში არჩევნებს ყოველთვის ლიდერი იგებდა. თუმცა, ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როდესაც პარტიის გამარჯვება ერთ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დარჩეს, თუმცა ფიქრობს, რომ მათ ეს ძალიან გაურთულდებათ.

 

ანდრო ბარნოვი, პოლიტოლოგი: „არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის გარდა, არაფერი აინტერესებს. თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე. როცა რაღაც რეფორმა ტარდება, ეს იგულისხმება და არა უბრალოდ ის, თუ ვინ რომელ სკამს დაიკავებს.

 

როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ მხრივაა ის ძალიან მნიშვნელოვანი. რა მოდელიც არ უნდა იყოს, ძლიერი პოლიტიკური გუნდი საქართველოს პოლიტიკაში ყოველთვის მოახერხებს მნიშვნელოვანი პოზიციების შენარჩუნებას. ასე რომ, სპეკულირება იმით, თითქოს, კონსტიტუციით მანიპულირება ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ხერხია, ცხადია სისულელეა. მე საზოგადოებას მოუწოდებ არ აჰყვეს ასეთ სპეკულაციებს.

 

რაც შეეხება სააკაშვილის გაპრემიერმინისტრების შესაძლებლობას. არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე. შემიძლია ვივარაუდო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 2013 წლის შემდეგაც დარჩება. ჩემი ვარაუდით, ის ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნება. ის გარემოება, რომ პარლამენტი ძლიერდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის მომავალი პოლიტიკური სარბიელი პარლამენტი იყოს. თუმცა, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, ვინაიდან 2013 წლის არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა. პოლიტიკაში, და არა მარტო საშინაო პოლიტიკაში, ბევრი რამ საკმაოდ სწრაფად იცვლება, ამიტომ, დღეს ამ თემაზე საუბარი სწორი არ იქნება.

 

ყოველ შემთხვევაში მმართველი გუნდი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გუნდია. ამ გუნდის შიგნითაც შესაძლებელია ლიდერების მოძიება, მაგრამ დღეს ამ თემაზე კონკრეტული საუბარი და ამ თემით სპეკულირება, პირადად ჩემთვის, საინტერესო არაა, და ზოგადადაც, მასზე საუბარი არაფრის მომტანია. ვიმეორებ, 2013 წლამდე ძალიან დიდი დროა. ტენდენციები კი ისეთია, რომ მე ვერ ვხედავ გუნდის შიგნით ახალი ლიდერების გაჩენის აუცილებლობას. ვფიქრობ, რომ იგივე ლიდერებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება“, – აცხადებს ანდრო ბარნოვი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანია, იდეოლოგია და გუნდი, რომელსაც წარმოადგენს, ხელისუფლებაში დარჩეს.

 

„მოხარული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი - რეფორმატორთა ჯგუფი, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელმაც საქართველოს წინსვლა უნდა უზრუნველყოს, დარჩეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.