სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ნათია გურული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გურულის გათავისუფლების მიზეზი გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმება იყო.
"სამსახურებრივი შემოწმებით გაირკვა, რომ ნათია გურული 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე შვებულებაში იმყოფებოდა და პირადი საქმის გამო გასული იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამასთან, საზღვარგარეთ მოგზაურობისას ნათია გურული სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობდა. სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობისას კი პირზე მოქმედებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეღავათები და სხვა პრივილეგიები, ამიტომ დაუშვებელია მისი გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისთვის ხელმძღვანელობის ინფორმირების გარეშე. ამდენად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნათია გურულმა აღნიშნული ქმედებით ჩაიდინა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის "გ" პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მის მიერ სამსახურებრივი (პასპორტის) პრივილეგიის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებაში გამოიხატა, რითაც ასევე უგულვებელყო "საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 941-ე ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ("სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გამოყენება ხდება მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ") მოთხოვნები", - აღნიშნულია განცხადებაში.