შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "დედათა და ბავშვთა საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც აბორტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს".
ამის შესახებ სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა, რომ არსებული სტატუსის შენარჩუნება სწორი არ იქნება და აუცილებელია, რომ ცვლილებები გატარდეს, თუმცა აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ აბორტის პრობლემა საქართველოსთვის უნიკალური არ არის, თუმცა ეს ჩვენ შეღავათს არ გვაძლევს. ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად წყვეტენ, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ რეალობას, კულტურულ-სოციალურ-რელიგიურ სტატუსებს. ასე, რომ ცვლილებები რა თქმა უნდა, გასატარებელია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გატარდეს კომპლექსურად. ზოგადი პასუხით რომ არ შემოვიფარგლო, ვაცხადებ, რომ ახლადშექმნილი დედათა და ბავშვთა საბჭოს ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ პროექტისა და სტრატეგიის გაწერით დაკავდება. საბოლოო დაგროვილი სტატისტიკა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, საკმარისია და ვფიქრობ, რომ ასეთი მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს", - განაცხადა სერგეენკომ.