"ნაცმოძრაობა" საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მათი საჯარო გათავისუფლების შესახებ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ხელისუფლების მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას უკავშირებს.

კითხვაზე, რატომ გაიზარდა ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების შემთხვევები, მერაბიშვილმა განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

"ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან სერიოზული და საგანგაშო ინფორმაცია გვინდა მოგაწოდოთ, ამჟამად გადამოწმება მიმდინარეობს და არ გვინდა წინასწარ განვაცხადოთ. ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რაც არ გაგვიკეთებია არც ჩვენ 9 წლის განმავლობაში და თვით შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი, მსგავსი რამეები არ ხდებოდა. რა მოხდა ბოლო თვეებში, ამის შესახებ ჩვენ საგანგებო განცხადებებს მომავალ კვირას გავაკეთებთ - თუ რატომ ხდება გახშირებულად საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შემდეგ მათი საჯარო გათავისუფლება", - განაცხადა მერაბიშვილმა.