მაია ნიკოლეიშვილი მზად არის, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულთა ექსპერტიზაში ჩაერთოს

მაია ნიკოლეიშვილი მზად არის, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულთა ექსპერტიზაში ჩაერთოს

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მზად არის, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზაში ჩაერთოს.
როგორც ნიკოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაბამისი შეთავაზება მან დაღუპულთა ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე სახალხო დამცველისგან მიიღო, რასაც დათანხმდა.
"თანახმა ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მივიღო ექსპერტიზაში მონაწილეობა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე განმარტებით, საპროცესო კანონდებლობით, პროცესის მწარმოებელს უფლება არ აქვს ოჯახის მიერ მოთხოვნილი ექსპერტის ჩართვაზე უარი განაცხადოს.
"საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებდა სააკაშვილის პერიოდამდე, გამოძიებას უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა ექსპერტიზის პროცესში ოჯახის მიერ მოთხოვნილი ექსპერტის ჩართვაზე. მერე სააკაშვილმა საოცრად დაამახინჯა საპროცესო კოდექსი, თუმცა პროცესის მწარმოებელს - პროკურატურას და შსს-ს უარის თქმის უფლება, პრინციპში, არც ახლა აქვს, მიუხედავად ამისა, რატომღაც ხდება ისე, რომ შსს პერსონალურად არჩევს, ვინ მიიღოს პროცესში მონაწილეობა და ვინ - არა. გაურკვეველი და გაუგებარი სიტუაციაა", - აღნიშნა დამოკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

ნიკოლეიშვილის აზრით, თავად შსს უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთონ, რათა დადებულ დასკვნასთან დაკავშირებით მოგვიანებით კითხვები არ გაჩნდეს.

"წესით და კანონით, შსს თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული უწყების წარმომადგენელმა მიიღოს ექსპერტიზაში მონაწილეობა, რომ მერე არ გახდეს სალაპარაკო, არ გართულდეს და ა.შ. მას ამასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და სახალხო დამცველის თხოვნა კი არ უნდა სჭირდებოდეს, არამედ, თავად უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ აღნიშნულ გვამებზე ერთხელ უკვე მოახდინა ექსპერტიზა _ გვამებს გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა, ფოტოები გადაღებული იყო, თუმცა შედგეები თავიდან ბოლომდე დაიკარგა. სამსახაულის ცენტრმა ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების დაცვა-შენახვა. სისხლის სამართლის საქმის დაცვაზე არსებობს მთელი რიგი ნორმატივები, მის დაკარგვაზე კი კონკრეტული პირია პასუხიმგებელი. ისე, ისიც საინტერესოა, ამას რატომ არ იძიებენ? ახლა გამოდის, რომ ისევ იმ დაწესებულებამ უნდა ჩაატაროს ხელახალი ექსპერტიზა, რომელმაც მტკიცებულებების დაცვა ერთხელ უკვე ვერ უზრუნველყო. თქვენ გგონიათ, მისი შედეგები არ დადგება ეჭვქვეშ? ამიტომ შსს თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ პროცესში ჩაერთოს მაია ნიკოლეიშვილი და ყველა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება გააჩნია", - აღნიშნა მან.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი პირის ცხედრის ექსჰუმაცია 8 მაისს მოხდა. გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების - ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. შსს მათ ექსპერტიზას გეგმავს, რაშიც ოჯახის სურვილის საფუძველზე დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სახალხო დამცველი.