შიში, რეალობა და მოლოდინები

შიში, რეალობა და მოლოდინები

საქართველოში ტერორისტული კერებს არსებობაზე რუსეთმა განცხადებების კეთება დიდი ხნის წინ დაიწყო და ომის რიტორიკა და მსგავი განცხადებები აღარც არასოდეს შეწყვეტილა. რუსული–ქართული კონფლიქტის განახლებაზე განცხადებები დოზირებულად და მიზანმიმართულდ ინტენსიურად ჩნდებოდა ხან რუსულ და ხანაც უცხოურ პრესაში.

 

პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთრი პიარისთვის არ იშურებს ფულს თორემ, რაც შეხება ქვეყნის იმიჯის გადარჩენას, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომშიც იმდენად უსუსურად გამოიყურება, რთული ხდება საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ მსხვერპლი ხარ.

 

ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით, ბოლოდროინდელმა განცხადებებმა  გამოიწვია ათასი მითქმა–მოთქმა, რადგან ყველა მათგანი რუსეთ–საქართველოს შორის კონფლიქტის განახლების საფრთხეზე მიუთითებდა.

 

ლოგიკურად, კონფლიქტის განახლება არცერთ მხარეს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ როცა ორივე ქვეყნის ხელისუფალი ადექვატურობასთან ცოტა მწყრალადაა, ლოგიკას მაინც და მაინც ვერ დავეყრდნობით. ამის მიუხედავად, მაინც შევეცდებით ლოგიკური პასუხი გავცეთ კითხვას – უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის მხრიდან კონფლიქტის განახლებას და აქვს თუ არა საქართველოში დასაყრდენი  ტერორისტულ ორგანიზაციებს?

 

სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის პასუხი მარტივია: „არა“. და თუ რატომ, ამაზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებთ, მანამდე კი, კიდევ ერთხელ შეგახსებეთ იმ ორი განცხადების შინაარსს, რომელმაც მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

 

„ყაბარდო–ბალკარეთში შეინიშნება ბანდფორმირებების აქტიურობა. ბანდფორმირებების ლიდერები ემზადებიან ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის რეგიონში დესტაბილიზაცის მოსაწყობად... ელბრუსკის ჯამაათსა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის კავშირი დადგენილია, მაგრამ ამჟამად ამ კავშირებს ვიძიებთ მათი ნეიტრალიზაციის მიზნით“, – ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის ყაბარდო–ბალყარეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ  პოლკოვნიკმა სერგეი კოროტკოვმა 17 სექტემბერს ნალჩიკში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

 

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ორგანიზაცია „ჯარისკაცის დედების“ სპეციალური განცხადება: „ჩვენ 3526-ე ნაწილში მომსახურე სამხედროების მშობელთა განცხადებები მივიღეთ, რომლებიც მიუთითებენ, რომ ჯარისკაცებს კონტრაქტზე ხელს იძულებით აწერინებენ. ნაწილის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხედროებმა დაღესტანში სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის დაგეგმილ სწავლებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

 

თუმცა ეს სრულიად გაუგებარია, ვინაიდან ოლიმპიადა 3 წელიწადშია დაგეგმილი, სწავლებაზე კი ის ჯარისკაცები მიჰყავთ, რომლებიც რამდენიმე თვეში სამსახურს ამთავრებენ. ამასთან, მათ მობილურ ტელეფონებს და სიმბარათებს ართმევენ. ნაღმმტყორცნელთა ბატალიონში ყოველდღიური წვრთნები ტარდება. სცენარი ძალიან ჰგავს იმას, რასაც ჩეჩნეთის ომის წინ ვხედავდით. ასეთივე შანტაჟი იყო. ჯარისკაცებს ინფორმაციის მიღების, ოჯახთან კავშირის უფლებას ართმევდნენ.  ვშიშობ, რომ დაღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა მზადდება“, - ეს განაცხადება კი „ჯარისკაცთა დედების“ თავმჯდომარემ ელა პოლიაკოვამ გააკეთა.

 

ერთი შეხედვით, ეს ორი განცხადება ერთანეთს არ უკავშირდება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მათგანი საქართველოსთვის საფრთხის შემცველად გამოიყურება და თბილისში ამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ამჯერად აღარ გავმეორდებით, ვინაიდან პრესა.გე–მ უკვე შემოგთავაზათ ქართველი პოლიტიკოსების შეფასებები. ერთს კი დავძენთ, როგორც იტყვიან „როგორც ქუხს ისე არ წვიმს“ – თუ, კოროტკოვის განცხადება რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილია, „ჯარისკაცის დედების“ განცხადება შიშს ეფუძნება.

 

მივყვეთ თანმიმდევრობით და პირველ რიგში, საქართველოს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ალბათობაზე ვისაუბროთ. გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ კოროტკოვის განცხადება აბსურდულია, რადგან პირველი – ის, რომ საქართველო ტერორისტებს არ ამზადებს, ამის დამზღვევი ამერიკა–საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობაა და მეორე – ტერორისტული ბაზები შუმჩნეველი არ რჩება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოში საიდუმლოების დაცვის საკმაოდ დაბალი ხარისხია.

 

„მე კმაყოფილი ვიქნებოდი საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიელებისგან მოხალისეთა ქვედანაყოფებს რომ ქმნიდეს, მაგალითად, ისეთს როგორც საფრანგეთში არსებობს უცხოური ლეგიონის სახით. რაღაც ამდაგვარი კავკასიური ლეგიონიც რომ არსებობდეს, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი იქნებოდა ურიგო არ იქნებოდა, რადგან საქართველოს და კავკასიაში თავისუფლების მოყვარე ერების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

 

როცა რუსეთს ომი გამოცხადებული აქვს და საქართველოს ტერიტორის ოკუპაციას ახორციელებს – რატომაც არა?! საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ დაასუსტოს რუსეთი და განდევნოს იგი სამხრეთ კავკასიიდან, რითაც ჩრდილოეთ კავკასიელებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება“, – ამბობს თავდგირიძე.

 

რუსეთს, რა თქმა უნდა, საინფორმაციო ომის პირობებში ხელს აძლევს საქართველო წარმოაჩინოს, როგორც ტერორიზმის ბუდე, რათა მსოფლიოს თვალში გაამართლოს თავისი აგრესიული მოქმედება. მაგრამ, კოროტკოვის განცხადებისგან განსხვავებით „ჯარისკაცთა დედების“ განცხადება საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა. სხვადასხვა ცნობებით დასტურდება, რომ ჯარისკაცებს კონტრაქტზე ხელს იძულებით აწერინებენ, ნაღმმტყორცნელთა ბატალიონშიც ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს და სიტუაცია, შესაძლოა, მართლაც ჰგავდეს ჩეჩნეთის ომის წინმსწრებ ვითარებას, მაგრამ ის, რომ  დაღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა მზადდება, ამას გიორგი თავდგირიძე სარწმუნოდ არ მიიჩნევს.

 

თავად ორგანიზაცია„ჯარიკაცის დედები“ ყოველთვის უპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას და ცდილობს დაიცვას ჯარისკაცების და მათი მშობლების უფლებები. ამ შემთხვევაშიც ისინი საკუთარი შვილების სიცოცხლის უფლებას იცავენ, რადგან კარგად იციან, რომ მსგავსი ავანტურები მათ ოჯახებში გვამების შეტანით მთავრდება. თუმცა, გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ დაღესტნიდან რიმე ტიპის ფართომასშტაბიან ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია:

 

„საომარი მოქმედებების დასაწყებად და განსახორციელებლად ყველაზე მომგებიანი რეგიონი მხოლოდ ცხინვალის რეგიონია. აფხაზეთის მხრიდანც კი მოუხელებელია საქართველოზე შეტევა, რადგან ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა რუსეთისთვის. არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს დაცვის ბოლო ზღუდე თბილისზე გადის, ხოლო თბილისზე აფხაზეთიდან შეტევა საკმაოდ ძნელია, თუნდაც იმიტომ, რომ ლიხია გადმოსალახი.

 

გადმოლახვის შემთხვევაშიც კი რუსეთს აჭარა, გურია და მთლიანად სამხრეთ საქართველო თვითკმარ, დამოუკიდებელ ფრონტის ხაზებად ხვდება. აქედან გამომდინარე, რუსებმა აფხაზეთიდან შეტევის შემთხვევაში, თუ მთელი საქართველო არ გაწმინდეს, თბილისზე შეტევა შეუძლებელი ხდება“.

 

რაც შეხება რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას, როგორც ჩანს, ამას თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ, თავდგირიძის აზრით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში გარკვეული ქვედანაყოფები ყავს, რეგიონში დამატებითი კონტიგენტის შემოყვანა ძალიან ძვირი დაუჯდება და იძულებულია ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული ძალები სპეციალურად გამოყოს, რათა ამ ქვედანაყოფისთვის  რეზერვი უზრუნველყოს. ანუ, ჩრდილოეთ კავკასიაში ყავდეს გარკვეული ქვედანაყოფები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას აღმოუჩენენ სამხრეთ კავკასიაში მყოფ ქვედანაყოფებს.

 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ეს პერიოდი ყოველთვის კრიტიკულია რუსეთისთვის, რადგან ჩრდილოეთ კავკასია იმ დენთის კასრს ემსგავსება, რომელიც შიძლება ყოველ წუთს აფეთქდეს. ამდენად, ბუნებრივია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას ცდილობს.

 

„ის ღიად ვერ განაცხადებს, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჭირდება სამხედრო კონტიგენტი და მისთვის მომგებიანია გააპიაროს, თითქოს ეს ყველაფერი სჭირდება საქართველოში „მყოფი ტერორისტების“ წინააღმდეგ“, – ამბობს თავდგირიძე.

 

გარდა ამისა, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სანამ ახალი პრეზიდენტის არჩევა არ მოხდება, რუსეთს არ აწყობს რაიმე სამხედრო მოქმედების დაწყება.

 

„ამ შემთხვევაში, როცა შიშველია შეხება და რუსეთისა და საქართველოს შიარაღებულ ძალებს შორის არავინ დგას, მაღალია ალბათობა პროვოკაციებისა, მაგრამ თუ სამზადისს დავუკვირდებით, რუსეთი დღეს მხოლოდ იმისთვისაა მზად, რომ ისე გაამაგროს ცხინვალის რეგიონი, საქართველომ ვერ მოახერხოს მისი ქვედანაყოფების განადგურება.

 

საქართველოს კი აქვს იურიდიული და მორალური უფლება განახორციელოს ოპერაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების განსადევნად ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მითუმეტეს, რომ ქვეყნებს შორის არანაირი ზავი არ არსებობს“, – ამბობს თავდგირიძე და დასძენს:

 

„საქართველოს სახელმწიფოს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, საკუთარ ტერიტორიაზე დეოკუპაციისთვის დაიწყოს ოპერაცია. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთმა იცის და ამიტომ სჭირდება, რომ რამენაირად შეინარჩუნოს მშვიდობა, ხოლო ქვედანაყოფები ისე ჰქონდეს განლაგებული, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ქართული სპეცოპერაციის არსი“.

 

მოკლედ, თავდგირიძე ამბობს, რომ ეს არის ამ განცხადებების მთელი ანატომია და არ ღირს მათზე ზედმეტი ნერვიულობა. თუმცა, ეს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ლოგიკური ვარაუდია, რომელიც შესაძლოა, ერთმა პატარა პროვოკაციამ თავდაყირა დააყენოს. ამდენად, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს „ერთი პატარა პროვოკაცია“ არ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს.