„საქართველოს შეუძლია ჩაიკეტოს, არავინ შემოიჭრება ხმლით ხელში, დიდი-დიდი გაგვებუტებიან - გვექნება ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ გვებუტებიან, ვგულისხმობ აზიას“

„საქართველოს შეუძლია ჩაიკეტოს, არავინ შემოიჭრება ხმლით ხელში, დიდი-დიდი გაგვებუტებიან - გვექნება ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ გვებუტებიან, ვგულისხმობ აზიას“

პარლამეტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განმეორებითი წერილით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს. წერილში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, ყურადღებას ამახვილებს იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება. პარლამეტის თავმჯდობარე მიმართავს პაველ ჰერჩინსკის, რომ დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციოს და ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ.

წერილი, რომლიც 30.05.2025 წლით თარიღდება საუბარია იმედგაცრუებაზე იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ. როგორც პაპუაშვილის წერს, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.

„ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთებად მიიღონ.

იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება „ევროპული ღირებულებების“ სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები. ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები.

სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორენი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. როგორც წერილში ვკითხულობთ, მსგავსი სიჩუმით წაქეზებული ჯგუფები, მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მეორედ მიმართა ღია წერილით ევროკავშირის ელჩს, ამ უკანსკნელმა, გარდა იმისა, რომ წერილი მიზანმიმართულად უპასუხოდ დატოვა, აგრძელებს ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერას და დაფინანსებას. პაველ ჰერჩისკი და არა მხოლოდ ის, არამედ საქართველოში მოქმედი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ღიად არღვევენ დიპლომატიურ სტანდარტებს, მხარს უჭერენ ქვეყანაში რადიკალური პროცესების ორგანიზებას, რაც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას.

მაგალითად, დიპლომატიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის ელჩი გაებუტა საქართველოს ხელისუფლებას და ოფიციალურად დემარშს უწყობს. მეტიც, დანიგანს ამ დრომდე საელჩოს ოფიციალურ გვერდზე არ გამოუქვეყნებია საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვა, სადაც დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.

ასეთია დასავლური „დემოკრატია“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უთხრა, რომ არავის აქვს უფლება მაგიდაზე შემოაწყონ ფეხები და ასე ესაუბრონ პატარა საქართველოს. დიპლომატები ჯიუტობენ და არ უნდათ მაგიდიდან ფეხების ჩამოლაგება, მაგრამ მოუწევთ ფეხებიც ჩამოალაგონ და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს და საქართველოს მოსახლეობის არჩევანს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია, რატომაც ჩვენ ავირჩიეთ ევროინტეგრაციის პროცესი.

„ეს ახლა წმინდა წყლის ყაჩაღობაა, პოლიტიკური ხულიგნობაა რასაც ვუყურებთ, რომ არ ჰქონდეს ასეთი მძიმე შედეგებზე გათვლა, ამაზე ცოტა შეიძლება ღიმილიანი შეფასებებიც გაგვეკეთებინა, მაგრამ გათვლა არის ძალიან ბოროტი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პროცესის საფუძველი არის ეს მიზეზი. ევროკავშირი პირდაპირ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ლამის, შურდულებით დასდევენ პოლიტიკურ ფიგურებს, მათთვის არმოსაწონ პოლიტიკოსებს.

ამ ვითარებაში თავისი პოლიტიკური და ფინანსური ასპექტებით, როდესაც პირდაპირ არის ჩარეული საერთაშორისო, მაღალი დონის წარმომადგენლობა, ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნისთვის მიუღებელია, რასაკვირველია, ეს არის წერილის მთავარი შინაარსი და მე ვფიქრობ, დღეს თუ არა ხვალ, ამ ყველაფერს გარკვეული განვითარება ექნება, მათ შორის შეფასებებშიც. არ შეიძლება მუდმივად ასეთი დაძაბულობის რეჟიმში ცხოვრობდეს მსოფლიო. მოხდება ისეთი რამ, რაც საერთოდ დაგვავიწყებს ნებისმიერი საელჩოს განცხადებას და ჰერჩინსკის გვარიც არ გვეხსომება, მოვლენები იმ მიმართულებით თუ განვითარდა, რასაც ომის პარტია ლამობს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პაპუაშვილის სიხისტე კარგია და აუცილებელი, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა საქართველოა, როდესაც საჭიროა საპასუხო შეტევა. მისი თქმით, მთელი უბედურება სწორედ ის არის, რომ დიპლომატმა უპასუხოდ დატოვა წერილი.

„რას უნდა ნიშნავდეს? - ერთი მხრივ კარგს არაფერს, მაგრამ დავაზუსტოდ ვისთვის კარგს და ვისთვის ცუდს? - ჩვენ სულ გვაქვს განცდა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ცუდია ასეთი დამოკიდებულება, ამას ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი. წარმოიდგინეთ რა დღეში არიან პოლიტიკური წრეები აი, ამ დასავლეთის სივრცეში! იქამდე არიან მისული, რომ ელჩებისგან ითხოვენ არ დაიცვან თავიანთი ეტიკეტი. ის, რომ ელჩები ასე იქცევიან, ეს ხომ მოთხოვნის შედეგია და არა ელჩების უზრდელობა. ელჩებს უშვებენ დარტყმის ქვეშ.

როგორც ჩვენი ჩართვა უნდოდათ ომში და დარტყმის ქვეშ ჩვენი გაშვება, ანალოგიურად თავიანთ ელჩებს უშვებენ დარტყმის ქვეშ. ხომ შეიძლება ადგე და გაიწვიო ელჩი. ეს იმ ელჩისთვის, ალბათ, დიდი პლუსი არ იქნება, თუმცა არც დიდი მინუსი, ყოველ შემთხვებაში მის ბიოგრაფიაში იქნება კონფლიქტური გვერდი. ისინიც ძალიან ცუდ დღეში არიან, არეულები არიან, ბოდიში ჟარგონისთვის და აჭრილები არიან. ერთი ერთს ამბობს და მეორე - მეორეს. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია აქვთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, რასაც ჰერჩისკის საყვედურობს პაპუაშვილი, იგივე სულისკვეთების არის ამერიკის მეორე პირის მოლოცვა და მისგან რადიკალურად განსხვავებული მოლოცვა ამერიკის პირველი პირის მხრიდან.

„მოლოცვლის მთელი პათოსი იყო აბსოლუტურად განსხვავებული. სახელმწიფო მდივნის აქცენტები იყო ისეთივე, როგორც ევროპელების მოლოცვა, რომ ვულოცავთ ხალხს, არ გვიყვარს „ოცნების“ ხელისუფლება. იგივე გაიმეორა ამერიკის მეორე პირმა. ასეთ პირობებში შესაცოდნი ისინი არიან, იმიტომ რომ გაუგებარი მდგომარეობაში ჰყავთ თავიანთი ელჩები და მეორეც, თვითონაც გაუგებარ მდგომარეობაში არიან. ახლა გამოქვეყნდა განცხადება და ქართულ ოპოზიციას მოუწოდეს ჩაერთონ არჩევნებში. ორი დღის წინ მათგან წამოსული მესიჯები უბიძგებდა ოპოზიციას, რომ დარჩენილიყვნენ ქუჩაში და ებრძოლათ. რომელია საღი აზრი მათი პოზიციიდან? - არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუ პროტესტი უნდა გააგრძელონ? ასეთი არეულობა აქვთ, რაც ჩვენზეც აისახება, მაგრამ ეს დასავლური სამყაროს კრიზისის მაჩვენებელია. საქართველოს ამ შემთხვევაში შეუძლია ჩაიკეტოს და სანამ არ დალაგდება ვითარება, იყოს ჩაკეტილი. დიდხანს ვერ გაძლებს ეს არასტაბილური რყევა დასავლეთში, გადაიღებს, დალაგდება. ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო არაა. ბოლოსდაბოლოს არავინ შემოიჭრება ხმლებით ხელში როგორც შუა საუკუნეებში ხდებოდა, დიდი-დიდი გაგვებუტებიან, თან ისე გვებუტებიან, რომ სანქციებს დაგვადებენ, რაც არც ისე დიდი სასაჯელია. თუ გაგვებუტებიან, ვიცხოვრებთ დამოუკიდებლად რაღაცა პერიოდი, გვექნება ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ გვებუტებიან, ვგულისხმობ აზიას. მერე, უკვე, როცა ნახავენ დალაგებული გვაქვს ურთიერთობები აზიასთან, ამასობაში თვითონაც დარბილდებიან და მერე გამოიხედავენ თვალში. ახლა მართლა ძალიან არეულები არიან. როდესაც ისეთ მდგომარეობას შექმნი, რომ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს აიძულებ ასეთი ტექსტით ილაპარაკოს, ე.ი. არ ხარ ნორმალურ მდგომარეობაში. უბრალოდ, უფრო მეტი ძალაა შენს მხარეს, ვიდრე აქ საქართველოში, თორემ ვიმეორებ, საქართველოს შეუძლია კარები ჩაკეტოს და დაიცადოს სანამ გადაივლის პოლიტიკური უამინდობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში აფინანსებს მათ მიერვე აღზრდილ-დამუშავებულ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც მიზანმიმართულად, წინასწარ დაგეგმით ცდილობენ საზოგადოებაში გაავრცელონ ზიზღის ენა, გამოიწვიონ დაძაბულობა, მოახდინონ საზოგადოების გახლეჩა.

„პატივცემული ჰერჩინსკი აღასრულებს იმას, რასაც მას კორუმპირებული ევრომმართველი ფონ დერ ლაიენები, კუბილიუსები, გლუკსმანები და სხვა ე.წ. „დიფ სტეიტის“ აღმასრულებელი მონები ავალებენ. ავალებენ კი მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს რამეს - რადაც არ უნდა დაუჯდეს შეამზადოს და მოახდინოს ადგილობრივ მეხუთე კოლონაზე დაყრდნობით საქართველში სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მათდა საუბედუროდ ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტების და ხალხის ერთიანობის გამო, ბოლო ოთხი წელია, მიუხედავად უდიდესი მცდელობებისა, ვერანაირად ვერ ახერხებენ. ეს რომ ასეა, ამას წინათ არაორაზროვნად აღიარა მეხუთე კოლონის ერთ-ერთმა „თვალსაჩინო“ წარმომადგენელმა, ვინმე რესპუბლიკელმა, უმადურმა, გაცვეთილმა მოპოლიტიკოსო ტიპმა დავით ზურაბიშვილმა. ამასვე მოსთქვამენ ყოველ წუთსა და ყოველ წამს მეხუთე კოლონის სხვა „ღირსეული“ წარმომადგენლები. ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა „ტაივანჩიკი“; ყოფილი პრემიერი გახარია, ყოფილი დეპუტატი გუბაზა და მრავალი სხვა ყოფილი თუ ახლანდელი მეხუთე კოლონელი.

ასე რომ, ყველამ იცოდეს და ყველამ გაიგოს, რომ სანამ ბრიუსელის საქმიანობას წარმართავს ოკეანისგაღმელ იმპერიალისტების მონა დღევანდელი ევრობიუროკრატია, მანამ იქნება მუდმივი მცდელობები საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და შემდეგ საქართველოს ომში ჩართვის. ამიტომაც ფრთხილად საქართველოს მოსახლეობავ! თქვენ წინ, გვერდით და უკან არიან შემოგზავნილ-დაფინანსებული, ფულისათვის ყველაფრის მკადრებელი და ყოველივე სიბინძურეზე წამსვლელი „კოლექტიური ჯინჯოლიების“ ბანდა“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

მარბიელი ბ-ნი პაპიაშვილი რასაც ამბობს უცხოელ ელჩებთან ასო-ებთან და მედიასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მართალია, მაგრამ სადაც სიმართლე არა აქვს, არც ის ერიდება ტყუილებსროგორც ხაბე, როგორც გიგაური, როგორც ჰერჩინსკი; შეკითხვაზე პასუხობს, რომ მალე 12 გახარიელს შეუწყდებათ დეპუტატის მანდატი ... აქამდე ყველაფერი სწორია, მაგრამ მერე ამბობს - პარლამენტში არ იარო და პარტიული დაფინანსება მიიღო, ეს მუქთახორობააო(?) შევახსენებთ ბ-ნ სპიკერს, რომ პარტიულ დაფინანსებას პარტიები იღებენ არა პარლამენტში სიარულის, არამედ მიღებული ხმების გამო, ანუ დაფინანსებას მათ პაპუაშვილი კი არ აძლევს, არამედე ხმის მიმცემი! პარტიულ დაფინანსებას იღებს პარლამენტში ვერშესული პარტიები: ხვიჩია, ალტინფო, პ/ალიანსი ... გახარია ამბობს, "რომ არ გაგეყალბებინათ, დეპუტატიც მეტი მეყოლებოდა და დაფინანსებაცო" ... გაყალბება იყო თუ არა, ეს გვერდზე გადავდოთ და გახარიების ლოგიკა კანონშესაბამისია, პაპუაშვილი კი, სამწუხაროდ გვატყუებს, როგორც ხაბე, ხაზარა, გვარამია, გიგაური...
გახარიებს პარლამენტში რომ არ ევლოთ და დეპუტატის ხელფასი აეღოთ, მაშინ იმუშავებდა სპიკერის გზასაცდენილი "ლოგიკა"!
1 დღის უკან