დანიგანს ჩემოდნები ჩაალაგებინეს და კორექტულად გაიწვიეს

დანიგანს ჩემოდნები ჩაალაგებინეს და კორექტულად გაიწვიეს

გამოცდილი რევოლუციონერი რობინ დანიგანი საქართველოდან ისე წავიდა, რომ ხელისუფლება ვერ დაამხო. აშშ-ს აწ უკვე ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ მიიღო პირადი გადაწყვეტილება, გავიდეს პენსიაზე და აქვე აზუსტებს, რომ მისი გაწვევა თეთრი სახლის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია. „მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ“, - ნათქვამია რობინ დანიგანის განცხადებაში.

დანიგანმა საქართველოში ამერიკის ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანი შეცვალა. დიპლომატი ელჩის თანამდებობას 2 წლის განმავლობაში იკავებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის ივლისში წარადგინა, მაგრამ მეაბოხე დანიგანი ტრამპის ადმინისტრაციამ გაიწვია და თან ისე, რომ სწორედ საქართველოთი დაასრულა მისი დიპლომატიური კარიერა, როგორც მისმა ასევე აჯანყებულმა წინამორბედმა.

რობინ დანიგანის დიპლომატიური კარიერა საქართველოში უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ელჩი უშუალოდ ლობირებდა მის კოლეგებთან ერთად ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. მიუხედავად ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებისა, ელჩის ხელწერაში არაფერი შეცვლილა, იგივე ტემპით განაგრძნო რადიკალების ღია მხარდაჭერა. იმდენად შეიჭრა პროცესებში, რომ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებდა და ამ მოტივით უარს აცხადებდა ხელისუფლებასთან კომუნიკაციაზე.

ითხოვდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იმ მოტივით, რომ თითქოს ტრამპის გზავნილები უნდა გადაეცა, მაგრამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ის არ მიიღო, რამაც დანიგანის კურატორები, როგორც ჩანს, ძალიან გააღიზიანა. ელჩი რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას არ იზიარებდა, ეს გამოიხატა თუნდაც იმით, რომ ამ დრომდე არ გამოაქვეყნა საელჩოს ოფიციალურ გვერდზე საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის წერილი, რასაც, დიდი ალბათობით, გადაყვა კიდეც.

მაშ ასე, აჯანყებული დანიგანი დეგნანის გზას დაადგა და ქართული ოპოზიცია ლიდერის გარეშე დარჩა. „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს გული წყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება აშშ-სთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება ვაშინგტონში სავარაუდოდ, დაემთხვევა MEGOBARI აქტის მიღების პროცესებს. ელჩის დამტკიცების პროცესების სწრაფად წარმართვა ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო უპატრონოდ არის დატოვებული ვაშინგტონში და ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახლა მნიშვნელოვანია ვინ იქნება ახალი ელჩი და ვინ გახდება აშშ-ში საქართველოს ელჩი, რაც განსაზღვრავს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.

პენსიაზე გასულ დანიგანს წარმატებას უსურვებენ მართველი გუნდის წევრები, რომელთა განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აშშ-ის ელჩმა არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს.

„ბოლო გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არ გამოქვეყნება. როგორც ჩანს, მას გამოყოლილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის დავალება და დღემდე ამ ხაზს მიჰყვებოდა, სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ უნდა დაინიშნოს ის კაცი, რომელიც ახალ ხაზს გაატარებს საქართველოსთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო, რომ ან ამერიკის პრეზიდენტი წასულიყო თანამდებობიდან, ან ამერიკის ელჩი საქართველოდან. „სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო გამომდინარე მათი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებიდან. ამ შემთხვევაში ლოგიკურად დასრულდა ისე, რომ ამერიკას ეყოლება საქართველოში ახალი ელჩი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას განცხადებით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ტრამპის წერილის თემა, რომელიც ამერიკის საელჩომ არ გამოაქვეყნა თავის გვერდზე, გააკეთა სრული იგნორი და შესაბამისად, არც პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით დიპლომატიური ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„თუ გავითავისწინეთ იმას, რომ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან ორ ფაქტს ემთხვევა ამერიკის ელჩის წასვლა, ვფიქრობ, რომ პენსიაზე გასვლის საბაბი ძალიან ორიგინალურად აქვს მიგნებული ქალბატონ დანიგანს. მან, ალბათ, ნებართვა აიღო, რადგან გაგდება უხერხული იქნებოდა. ამერიკა ჩვენს რეგიონში არ გააკეთებდა ასეთ რამეს და არც ელჩს არ მისცა იმის უფლება, რომ ისე წასულიყო, როგორც წავიდა უკრაინის ელჩი. ანალოგიური მოხდა, უბრალოდ, უფრო კორექტული ფორმა არის მოძებნილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ხოფერია.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის ნაადრევ წასვლაზე კიდევ ბევრი დაიწერება და ითქმება ამ დღეებში. თუმცა, მას ინტუიცია ეუბნება, რომ დანიგანს ვაშინგტონიდან უბრძანეს ჩემოდნების ჩალაგება.

„ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მოვლენილმა, მან არათუ ვერ შეძლო წინამორბედის მიერ სერიოზულად გაფუჭებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ოდნავ მაინც გამოსწორება, არამედ ზოგჯერ ცეცხლზე ნავთს ასხამდა. გავიხსენოთ თუნდაც მასპინძელ სახელმწიფოსთან საელჩოს ე.წ. „ქარდების“ ენით საუბარი. ხოლო თუ ეს ელჩის პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც არ უნდა იდგეს ამის უკან, უნდა დავუფასოთ. ფაქტობრივად, რობინ დანიგანმა ცოტა დახვეწილად გაიმეორა უკრაინაში აშშ-ს ელჩის ბრიჯიტ ბრინკსის, (მას ადრე საქართველოში უპირებდნენ დანიშვნას) დემარში, ელჩის ნაადრევი წასვლით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში სერიოზული გარდატეხა ჯერ ვერ მოხდება, თუმცა მისი წასვლა, ჩემი აზრით, მაინც არის ამის „პირველი მერცხალი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, ელჩის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით ორი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ. პირველი - ელჩი წავიდა იქიდან გამომდინარე, რომ მისი პოლიტიკა რისთვისაც იყო მოვლენილი, არ შეესაბამება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიზნებს და ამ ვარაუდს აქვს საფუძველი. მეორე - ის ფლანგი, რომელიც ფიქრობდა, რომ საქართველოში რეჟიმი უნდა შეცვლილიყო, უკმაყოფილო იყო დანიგანის მუშაობით ამ მიმართულებით.

„ამ სფეროში მაღალი გამოცდილების კომპეტენციის გათვალსიწინებით იქნა აქ მოვლინებული, რომ ახალი სული შთაებერა საპროტესტო მოძრაობისთვის და მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა იმედები. ორივე ვარიანტი განსახილველია, თუ დავინახავათ იმ განსხვავებას, რომელიც დავინახეთ მარკო რუბიოსა და დონალდ ტრამპის წერილებს შორის.

ჩვენ ვიცით, რომ დანიგანი აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში, ორგანიზებას უწევდა, აქვეყნებდა „ქარდებს“, ხვდებოდა თავის ფავორიტ ოპოზიციონერებს. აორგანიზებდა ოპოზიციის სტრატეგიას და ტაქტიკას. მასთან თანხმდებოდა მოქმედებები, რომლითაც მოქმედებდა ოპოზიცია. არჩევნების არცნობა, რევოლუციის გეგმა, ტაქტიკა, სტრატეგია - ეს ყველაფერი მასთან თანხმდებოდა, მაგრამ ამან არ გაამართლა. ერთი მხრივ შეიძლება ქალბატონი დანიგანი ორმხრივი ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. ვერც მოლოდინები ვერ გაამართლა და ასევე, არ შეესაბამება ამერიკის თანამედროვე პოლიტიკას. შესაბამისად, ის ვეღარ გაჩერდებოდა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ამავე დროს პოლიტოლოგის განცხადებით, დანიგანმა ქართული საზოგადოების უმრავლესობის აგრესია გამოიწვია ამერიკული პოლიტიკის მიმართ - სრულიად დისკრედიტაცია მოხდა ამერიკის.

„რაც არ უნდა ცალმხრივი და არაობიექტური იყოს ამერიკელების მიდგომა ქართული პოლიტიკური რეალობის მიმართ, რაც არ უნდა უჭერდნენ მხარს თავიანთ აგენტურას, ეს აგენტურა მხილებულია და შესაბამისად, ეს მხარდაჭერა გარდა აგრესიისა, არაფერს არ იწვევს. ანუ, პირდაპირ გამოიწვიეს ანტიამერიკული აგრესია თავისი ასეთი თავხედური, ქედმაღლური პოლიტიკით. დანიგანი ამას განასახიერებდა და კარგია, რომ მოაცილეს.

იმედია ახალი ელჩი მაინცდამაინც გიგაურს და ლომჯარიას არ მიიჩნევს ქართველი ხალხის ისტორიული ოცნებების განსახიერებად და კვლავ სალომე ზურაბიშვილს არ აღიარებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და დაიჭერს ურთიერთობას ნორმალურ ადამიანებთან და დაიწყება გადატვირთვის პოლიტიკა. სულ არ გვინდა და არც გვაქვს ამის ფუფუნება, რომ ვიყოთ ანტიამერიკული ქვეყანა, როგორც უილსონი წარმოგვაჩენს და რომელიც „გვიცავს“ ირანის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და რუსეთის გავლენებისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.