ამაოდ დამაშვრალნი - „ევროპარლამენტარები ყველაზე მთავარ კითხვას არ სვამენ - რატომ ვერ ახდენს მათი რეზოლუციები და განცხადებები გავლენას?“

ამაოდ დამაშვრალნი - „ევროპარლამენტარები ყველაზე მთავარ კითხვას არ სვამენ - რატომ ვერ ახდენს მათი რეზოლუციები და განცხადებები გავლენას?“

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ წლიური ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტში მწვავე კრიტიკაა საქართველოს ხელისუფლების მისამართით: საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის ფაქტებზე და გამოხატულია მხარდაჭერა ახალ, სამართლიან არჩევნებთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

შეჯერებულ დოკუმენტს 4 ივნისს კენჭისყრაზე მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა შესწორებებით - 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა. კომიტეტში 79 წევრია.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, ანგარიშის ავტორმა, ღიად აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტს უწევს არა პროგრესის, არამედ უკუსვლის შეფასება“, რაც, მისი თქმით, უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს და ევროკავშირის წინააღმდეგ მკვეთრ პოზიციონირებას.

კენჭისყრისა და დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი, ვიქტორ ორბანის მოკავშირე „სუვერენულ ერთა ევროპის“ წარმომადგენელი. ის ასევე არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD-ს) წევრი.

ჰანს ნოიჰოფი ანგარიშისა და, ზოგადად, სანქცირების წინააღმდეგ გამოვიდა - განაცხადა, რომ ეს იქნება „კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა“. ის ასევე შეეწინააღმდეგა პუნქტს, რომელიც, მისი თქმით, „დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს“.

მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა - „ქართულ ოცნებაში“ ამ შეფასებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ანგარიშის პროექტი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტური გავლენის შედეგია.

„რეზოლუციებში რასაც გვიწერენ, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გარკვეული სტრუქტურები აშკარად მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, რაც რეალობას აცდენილია. მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოჩენა ქვეყნის ევროინტეგრაციის მთავარ ძალად აბსურდულია და ამას საზოგადოება შესაბამის შეფასებას მისცემს.

მმართველი პარტიისთვის ევროპარლამენტის დოკუმენტები, განსაკუთრებით ისეთ ეტაპზე, როდესაც არ არის მიღებული არც საბოლოო ფორმით და არც იურიდიულ ძალას ატარებს, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების სტატუსს ატარებს. ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ძირითადი საზომი არჩევნებია და არა ბრიუსელში მიღებული პოლიტიკური შეფასებები.

მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.

„ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოების უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვს შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტების და უცხო ქვეყნის მსახურების მიმართ ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება იქნება ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები, საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე, და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიუხედავად ამ რეზოლუციების ტონისა და სიმრავლისა, ისინი „ოცნების“ შიდა პოლიტიკურ პოზიციას ვერ აზიანებენ. „ოცნებას“ საყრდენი რჩება კონსერვატიულ და პროდასავლურ ამომრჩეველთა ის სეგმენტი, რომელიც თავსდება სლოგანში: „ჩვენ არ ვუწვებით ვასალობას“.

მეორე მხრივ, დასავლური კრიტიკა არ განიხილება სისტემურად - ევროპარლამენტის რეზოლუციები განსხვავდება  ევროკომისიის ან ევროპული საბჭოს პოზიციისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წევრობის პროცესზე. მმართველი გუნდი ხშირად ახსენებს, რომ საქართველოს სტატუსი კანდიდატი ქვეყნისა ევროკომისიის რეკომენდაციით მიენიჭა და ეს გახლდათ შეფასება პროგრესზე და არა რეტროგრადულობაზე.

ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ საარჩევნო შესაძლებლობები არ არის დამოკიდებული ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, არამედ რეალურ სოციოეკონომიკურ დინამიკაზე და იმ ეფექტურობაზე, რასაც ხელისუფლება აჩვენებს ყოველდღიურ მართვაში. ამიტომაც, კრიტიკული საერთაშორისო ტექსტები შესაძლოა, გახდეს შიდა პოლიტიკის მარგინალიზაციის ინსტრუმენტი და არა პოლიტიკური საფრთხე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის კომიტეტის მიერ დამტკიცებული პროექტი მძიმე კითხვებს სვამს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მმართველი გუნდის რეაქცია უკვე მკაფიოდ აჩვენებს, რომ შიდა პოლიტიკურ რეალობაზე ამ ტიპის დოკუმენტები დიდ გავლენას ვერ ახდენენ. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება და დასავლურ ინსტიტუტებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება, თუმცა ისე, რომ არ დაკარგოს შიდა ელექტორალური მხარდაჭერა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან საუბარში ამბობს, რომ ევროპარლამენტარები და სხვა ხელისუფლების კრიტიკოსები ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კითხვას არ სვამენ - რატომ ვერ ახდენს მათი რეზოლუციები და განცხადებები გავლენას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. მისი თქმით, თუ ამ კითხვაზე პასუხს გაიაზრებენ, მიხვდებიან, რომ მათ ძალისხმევას აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლებაში ის ხალხი, ვისი მოყვანაც მათ სურთ, ქართველ მოსახლეობას არ უნდა.

„მართლა უზარმაზარი ენერგია და ფული იხარჯება საქართველოსთან დაკავშირებით და ვფიქრობ, უშედეგობა მათ ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეთ. უნდა არკვევდნენ, რა არის მიზეზი, რის გამოც მათი რეზოლუციები და განცხადებები ვერ ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას.

ხელისუფლებაზე ზეწოლა საგარეო კუთხით კი ხორციელდება, მაგრამ ქვეყნის შიგნით ის პოზიციებს ამით უფრო იმყარებს. გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის სოციალურმა ჯგუფმა საქართველოში კვლევა ჩაატარა და გამოკითხვის რესპონდენტების 51% საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა.

კიდევ იყო კითხვები რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც ევროპის რეიტინგი და ქართველების მხარდაჭერა 50%-ზე ქვემოთ ჩამოსულა, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ის 80%-ს შეადგენდა. ეს რეიტინგის ვარდნა მხოლოდ ევროპელების დამსახურებაა.

ცხადი ხდება, რომ ჩვენს „მეგობრებს“ ხელისუფლების შეცვლა უნდათ იმ ოპოზიციის ძალით, რომელიც მაღალი ნდობით არ სარგებლობს. როცა მოსახლეობა ხედავს, რომ ევროპა ცდილობს მას ხელისუფლებაში მოაყვანინოს ის, ვისი მოყვანაც არ უნდა, ბუნებრივია, მაშინ არც ევროპა აღარ უნდათ. დიდ ნაწილს ევროპის მიმართ იმედი უცრუვდება“, - ამბობს საყვარელიძე და დასძენს, რომ ანალოგიური პრობლემები ევროპის მიმართ სხვა ქვეყნების მოსახლეობასაც აქვს.

„იგივე იყო რუმინეთში, როცა ევროპის ზეწოლით ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი დაიწუნეს. იგივე მოხდა პოლონეთშიც, სადაც პრეზიდენტად ლიბერალი კი არა, კონსერვატორი აირჩიეს. ეს ლიბერალური ევროპა სულ დასჯაზე, გამტყუნებაზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური აგრესიით და რიტორიკით გამოირჩევა. ჰგონიათ, რომ ამით საქართველოს მოსახლეობის სიმპათიებს დაიმსახურებენ, მაშინ, როცა ეს მოსახლეობა, რომელიც მათ მხარს უჭერს და ამ რიტორიკას აჰყვება, მცირეა.

არჩევნების შედეგებმაც ეს აჩვენა. დღეს მით უფრო ცხადად ჩანს, რომ მცირეა და ამის ნათელი მაგალითია რუსთაველზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა.

დემოკრატიას გვიწუნებენ „ჩვენი მეგობრები“ და ამ დროს ვხედავთ - ოპოზიციას აღარ ეკარება პოლიცია და ხელისუფლებამ შეძლო ამ პროცესის მართვა. ეს იმ მაგალითზე, როდესაც დასავლეთის წამყვანმა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ოპონენტების ძალისმიერი ხერხებით შესაჩერებლად. ამას ხომ ქართველი ხალხიც უსმენს და უყურებს. ეს ხომ ხელისუფლების პროპაგანდა აღარ არის. არსებობს სოციალური ქსელები და ქართველებმა ინგლისურიც მშვენივრად იციან, რათა უცხოურ მედიას უსმინონ.

ამიტომ, ანტიდემოკრატიის ძახილით საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა და გაშავება ჩვენს მოსახლეობაში, ოპოზიციას და მათ ლობისტებს ევროპარლამენტში, აღარ გამოუვათ“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.