ახალი კონსტიტუციის გამო ქრისტიან-დემოკრატებმა შენიშვნა მიიღეს, ასე თუ გააგრძელეთ, მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვედებითო. სამაგიეროდ, დეპუტატი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა შაბათს, გვიან ღამით ამერიკიდან თბილისში დაბრუნებულ პრეზიდენტს პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაახვედრებს, შესაძლოა, ბევრი დღევანდელი მმართველიც ვეღარ ვიხილოთ მომავალ პარლამენტში.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მუხლობრივი განხილვა დაიწყეს. პირველი მოსმენით ეს ცვლილებები პარასკევის სხდომაზე გავა. ოპოზიცია გუშინ იურიდიულ კომიტეტში გამართულ სხდომაზე აცხადებდა, ნაციონალური მოძრაობა ძალიან ჩქარობს, რადგან ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე უნდა, რომ მოასწროს და მიიღოს ეს ცვლილებებიო.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიისთვის, როგორც თბილისში ვიზიტად მყოფმა ამ კომისიიის მდივანმა, ტომას მარკერტმა განაცხადა, ყველაზე პრობლემური ის მუხლია, სადაც პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებაზეა საუბარი. მარკერტის თქმით, თუ მუხლი ამ რედაქციით დარჩა, როგორც დღესაა, მაშინ პრემიერ-მინისტრს თავისუფლად შეუძლია აკონტროლოს პარლამენტი და არა – პირიქით.
პრემიერისა და მისი მთავრობის არჩევას და ნდობის გამოცხადებას უფრო ნაკლები ხმათა რაოდენობა სჭირდება, ვიდრე მათ გადაყენებას. ამავდროულად, როგორც უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით წარმართული საპარლამენტო პროცესი დროში იჭიმება საკონსტიტუციო ვადების გამო და შეიძლება, პრემიერსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება მინიმუმ 60 დღე და მაქსიმუმ 120 დღემდე გაგრძელდეს.
“ეს იმას ნიშნავს, რომ 120 დღის განმავლობაში უნდობლიობაგამოცხადებულ მთავრობას შეუძლია მართოს ქვეყანა. აქ ორ ვარიანტს მივიღებთ: პირველი, როცა მთავრობა პატიოსანია, მართლა უნდა გააკეთოს საქმე და ამის საშუალებას პარლამენტი არ აძლევს, რადგან პოლიტიკური ნდობა დაკარგული აქვს. მეორე – ცუდი მთავრობის შემთხვევაში, რადგან პარლამენტი 120 დღის განმავლობაში კონსტიტუიცაში გაწერილი პროცედურების გამო უნდობლობას ვერ უცხადებს, მთავრობა მაქსიმალურად შეეცდება გააფუჭოს ყველაფერი ახალი მთავრობის არჩევამდე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. აუცილებლად უნდა შეიცვალოს უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის ნორმა”, - თქვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თარგამაძემ.
თავისუფალი დემოკარტების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა კი მმართველ პარტიას საკონსტიტუციო წარსული შეახსენა. ისე, საინტერესო სანახავი იყო მთელი სხდომის განმავლობაში როგორი მონდომებით აკრიტიკებდნენ ძველ კონსტიტუციას ნაციონალი დეპუტატებიც და იუსტიციის ცნობილი მინისტრის, ადეიშვილის მოადგილეც, თითქოს, ის კონსტიტუცია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ამავე ადეიშვილის გუნდის წყალობით პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის შეიქმნა, სხვისი დაწერილი იყო.
აი, რა თქვა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ძაგნიძემ ძველ-ახალ კონსტიტუციაზე: “რეალურად უამრავი შეხვედრა მოხდა უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან, რათა ყოველივე დეტალისა და საკითხის აწონ-დაწონვა მომხდარიყო კიდევ ერთხელ. იმიტომ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა საერთო ჯამში წარმატებული ყოფილიყო. კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ ხელისუფლებათა შორის ბალანსი მაქსიმალურად იყოს მიღწეული. კონტროლს ძალიან ღრმა პოლიტიკური შინაარსი გააჩნია... მოქმედ კონსტიტუციაში ხელისუფლებათა შტოების ხისტი დაყოფა იყო... დღეს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს გადასინჯვის ბარიერი მაღალია. ახლა მცირდება. ამით კი, იზრდება პარლამენტის როლი”.
როცა 2004 წლის თებერვალში შევარდნაძის დროს მიღებული კონსტიტუცია იცვლებდა, მაშინ ოპოზიციის ზუსტად ამავე შენიშვნებს, რასაც ახლა ძაგნიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან აკეთებდა ადეიშვილის მომზადებულ კონსტიტუციაზე, “ნაციონალები” რა თქმა უნდა არ ეთანხმებოდნენ. დღეს კი თავად აკრიტიკებენ ძველს და იღებენ ახალს, რომელიც ასევე, ძალაში შესვლამდე ხდება ამავე ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი და რასაც კვლავ არ ეთანხმებიან მმართველები. თუ როდის დაეთანხმებიან, ამის წარმოდგენა ადვილი საქმეა, თუ მათ წეს-ჩვეულებებს გავაანალიზებთ.
გია ცაგარეიშვილი: “ძალიან მკაფიო წითელი ხაზი გასდევს თქვენს საქმიანობას. 2004 წლის მაისიდან ვადევნებ თვალს ამ ტენდენციებს. საბედნიეროდ, მე იმ პარლამენტში არ ვიყავი, რომლის წყალობითაც, თქვენ ე.წ თებერვლის საკონსტიტუციო გადატრიალება მოახდინეთ და კონსტიტუცია სააკაშვილს მოარგეთ. როდის იყო, რომ თქვენს დაუძინებელ კლასობრივ მტერთან, ოპოზიციასთან ანდა საზოგადოებასთან შეთანხმებულად მოახდინეთ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება?
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებითაც, თითქოსდა, საზოგადოების დაკვეთა შეასრულეთ, მაშინდელი მასობრივი გამოსვლების გამო. ზემოდან ქვემოთ წამოვიდა ისევ ყველაფერი, რადგან მოდიოდა მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დრო. შემდეგ ეს ყველაფერი ისე წარმოადგინეთ, თითქოს, ხალხის ნება იყო. ერთ-ერთ შეხვედრაზე ვახტანგ ხმალაძემ თქვა ძალიან ცნობილი ადამიანის სიტყვები: “კონსტიტუცია არის ამა თუ იმ საზოგადოებაში არსებული შიშების ასახვა”.
თქვენ გეშინიათ ძალაუფლების დაკრგვის და ამაშია საქმე. სამართლებრივ დავაში არ შემოვდივარ, რადგან ამას არ აქვს აზრი”.
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ...
იურიდიულ კომიტეტში გამართული კონსტიტუციის ცვლილებების მოსმენა თავიდან საკმაოდ საინტერესოდ, მხიარული გაბაასებების ფონზე მიმდინარეობდა. აღასანიშნავია, რომ ნაცვლად იმისა, კომიტეტის სხდომაზე პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების ვოტუმზე ემსჯელათ, მმართველები შეეცადნენ ძირითადი აქცენტები კონსტიტუციაში არსებულ ტექნიკურ, ან ამ საკითხთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე გადაეტანათ ყურადღება.
ასეთი განხილვის საგანი გახდა ორგანული კანონი. “ნაციონალებს ამ მცნების გაუქმება უნდათ, რადგან ამ იერარქიის კანონის მიღებისა თუ მასში ცვლილებების შეტანისთვის უფრო მაღალი ქვორუმი, ანუ სხდომაზე უფრო ბევრი დეპუტატის მობლიზებაა საჭრო, ვიდრე უფრო დაბალი იერარქიის კანონებისთვის. შესაბამისად, “ნაცები” აცხადებენ, რომ ორგანული კანონი საპარლამენტო საქმიანობას ამუხრუჭებს.
ოპოზიცია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან მაშინ – მაგალითად, შრომისა და საგადასახადო კანონების განხილვა ისე მოხდება, საზოგადოებას არც კი ეცოდინება, რა ცვლილებები შევა შიგნით, არადა - ორივე მნიშვნელოვანი დოკუმენტია რიგითი მოქალაქეებისთვის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე: “პრინციპული საკითხებიდან ორგანულ კანონზე გადაგაქვთ ყურადღება. საერთო სახალხო განხილვების კომისიაში შევთანხმდით, რომ ამ მცნებას დავტოვებდით”. “ნაციონალები” შეეწინააღმდეგენ, მაგრამ ბოლოს მაინც ძაგნიძემ განაცხადა:” შეიძლება, ვიფიქროთ მის შენარჩუნებაზე”.
ვეფხვაძე: “იმ სპექტაკლისა არ იყოს, თქვენი საქმე ისეა, გეკუთვნით, გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო”. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი: “რამდენი სპექტაკლი გაგახსენდებათ, იმდენი კი არ უნდა თქვათ”. ამის შემდეგ, დეპუტატებმა ეს სპექტაკლი ცოტა ხნით მიივიწყეს.
ნიკა ლალიაშვილი: “რა დამოკიდებულება გაქვთ ვენეციის კომისიასთან? რატომ ვჩქარობთ? გვინდა, მოხდეს კანონის მეორე მოსმენა, ვიდრე ვენეციის კომისია თავის დასკვნას დადებს? როგორ მოხდება მერე მათი რეკომენდაციების გათვალისწინება? ეს რეფორმები არის იმიტირებული და სანახევროდ გაკეთებული. საერთოდ, რატომ ვჩქარობთ, რომ ეს დოკუმენტი მიღებული იქნას დაბალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის მიერ?”.
“ძალიან საინტერესოდ აფასებს ბატონი ნიკა იმ პარლამენტს, სადაც თვითონ არის”, - ჩაერთო საუბარში ლალიაშვილს კუბლაშვილი. ლალიაშვილმა მაინც გააგრძელა: “უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რა პროცედურით მივდივართ, თუ პარლამენტმა ვერ გამოუცხადა მთავრობას უნდობლობა”...
აქ კუბლაშვილს ვეფხვაძის დასახელებული ფილმი გაახსენდა და ლალიაშვილის ნაცვლად ვიცე-სპიკერს მიუბრუნდა: “რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ”, ჰქვია მაგ ფილმს”. დარბაზში სიცილი ატყდა. გიორგი თარგამაძე: “როგორც ჩანს, ვეფხვაძის გამონათქვამები თქვენი უშრეტი ფანტაზიის წყაროა”. ისევ სიცილი. ვეფხვაძისა და სპექტაკლის ამბავი არც აქ დასრულებულა და ორი კომიტეტის “ნაციონალი” თავმჯდომარეების გამოსვლაშიც გაგრძელდა.
მაგალითად, აკაკი მინაშვილმა, ვიდრე საუბარს დაიწყებდა ვეფხვაძე კატეგორიულად გააფრთხილა: “ბატონო ლევან, არ ჩამეჭრათ ლაპარაკში. ძალიან უცნაური პარტია ხართ. ერთის მხრივ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე საუბრობთ და მეორეს მხრივ, აგრესიულები ხართ იმათ მიმართ, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ბატონო ლევან არ ჩამეჭრათ (ვეფხვაძემ რაღაც დაუძახა მართლაც), გჩვევიათ ხოლმე, როცა მე გამოვდივარ სიტყვით”. “ვა, მე რომ გამოვდივარ, მაშინ არ იცის ხოლმე. რატომ მარტო შენ”, - წამოიძახა ნუგზარ წიკლაურმა. დარბაზში ჩუმად იცინოდა ყველა. მინაშვილმა გააგრძელა: “თქვენ შეშინებულები ხართ, რომ ვერ მოხვალთ პარლამენტში უმრავლესობით და ვერ მოიყვანთ თქვენს პრემიერ-მინისტრს. ამიტომ გაქვთ ასეთი სევდიანი გამოსვლები”.
ლალიაშვილი: ”ცნობილი რუსი რეჟისორი უნიჭო სპექტაკლზე ამბობდა – არ მჯერა. ჩვენ თქვენი მიზანსცენები არ მოგვწონს. საქმე გვაქვს სანახევრო რეფორმასთან. ეს არის იმიტაცია და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა”, - ამ დროს ლალიაშვილი მის უკან მჯდომ ვეფხვაძეს მიუბრუნდა და რაღაც ჰკითხა. წიკლაურმა კი მაშინვე შენიშნა მახვილგონივრულად: “ვეფხვაძე ამათი სუფლიორია”. დარბაზში ისევ სიცილი ატყდა, ხოლო თავის გამოსვლაში კომიტეტის თავმჯდომარემ მრავალმნიშვნელოვნად უთხრა ქრისტიან-დემოკრატებს: “თქვენი ქცევით იმას იზამთ, ქრისტიან-დემოკრატების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება მომავალ პარლამენტში. თქვენი პრიმიტიული მიდგომებით ამას გამოიწვევთ საზოგადოებაში”.
“უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური სისტემის მონარქიზაცია და არ დავუშვათ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის, თუნდაც კონსტიტუციის ანარქიზაცია. ჩვენ გვაქვს ოქროს შუალედი მონარქიზაციასა და ანარქიზაციას შორის. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების სურვილისა, როცა ქრისტიან-დემოკრატები უმრავლესობაში იქნებიან პარლამენტში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კლასიკური საპარლამენტო მოდელისკენ”, - უპასუხა თარგამაძემ წიკლაურს.
ხმაურიანი საკომიტეტო სპექტაქლის შემდეგ ცაგარეიშვილმა პრესა.გე-ს უთხრა: “ამათ ცვლილებები პირველი მოსმენით რომ არ მიიღონ და სააკაშვილს არ დაახვედრონ შაბათს თუ კვირას, როცა ამერიკიდან ჩამოვა, კარგი დღე არ დაადგებათ. წერეთელმა დაუბარა, სანამ ჩამოვალ, მიღებული გქონდეთო. რომელი საერთო სახალხო განხილვა ჩაატარეს? აგერ თურქეთში კონსტიტუციას ვიდრე მიიღებდნენ, რეფერენდუმი ჩაატარეს. რეფერენდუმია საერთო სახალხო განხილვა. ევროკავშირის კონსტიტუცია როცა შეიმუშავეს, ყველა წევრ სახელმწიფოში რეფერენდუმი ჩატარდა. ჰოლანდიაში ჩავარდა ეს კონსტიტუცია და ორჯერ ჩაატარეს რეფერენდუმი. ესენი არათუ რეფერენდუმს არ ატარებენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებამდე უნდათ, მიიღონ ცვლილებები. ერთი დღე ვითხოვე, პარასკევს არ გინდათ პირველი მოსმენით განხილვა, ორშაბათს ჩავატაროთ-მეთქი და ერთ დღეზეც არ არიან თანახმა. მოკლედ, წერეთელმა დაუბარათ, ჩემს ჩამოსვლამდე მიიღეთო”.