სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 5 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ბათუმში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელია.
მისი თქმით, ეს არ არის საბოლოო თანხა და შეიძლება მისი რაოდენობა ან გაიზარდოს, ან მოაკლდეს. მინისტრის განცხადებით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი აჭარას მიაყენა. კერძოდ, ქობულეთში დაზიანდა 61 კერძო სალხი და 2 მრავალბინიანი კორპუსი, დანგრეულია ქობულეთის სანაპირო ზოლი. კალაძის ცნობით, იგივე მდგომარეობაა ბათუმის სანაპიროზე, რომელიც მოითხოვს რებილიტაციას. ხელვაჩაურში დაზიანებულია 102 კერძო სახლი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გორის რაიონში 38 მრავალბინიანი კორპუსი და 110 კერძო სახლია დაზიანებული. რაც შეეხება ოზურგეთს, იქ დაზიანდა 124 კერძო სახლი, სკოლის ორი შენობა და ამდენივე ადმინისტრაციული ობიექტი.
კალაძის ინფორმაციით, დაზიანებულია ურეკის პარკიც, რომლის ზარალი ჯერ დათვლილი არ არის და მინისტრი ვარაუდობს, რომ ურეკსა და ოზურგეთში მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა მილიონ ნახევარი ლარი შეადგინოს.
თბილისში, სამაშველო სამსახურში 300-მდე გამოძახება დაფიქსირდა, არის დაზიანებული სახლები და როგორც კალაძემ განაცხადა, მერია ამ სახლების შეკეთების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
"ელექტროენერგიის მომარაგების კუთხითაც იყო პრობლემები. გვარწმუნებენ, რომ დღის ბოლომდე ყველა იქნება ჩართული. საერთო ჯამში სიტუაცია სტაბილურია. ქარი ჩადგა, მიდის აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს დღეებში ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული",-განაცხადა კალაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კი აღნიშნა, რომ სადაც დაფიქსირდა პრობლემები, შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბი.
"სამინისტროსთან კოორდინაციით ხდება ინფორმაციის მიწოდება, სადაც მცირეა ზიანი, საკუთარი რესურსებით ახდენენ ამის აღდგენას თვითმმართველობები, სადაც დიდი ზიანია, როგორიც არის გორი, ოზურგეთი, ასეთ შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, დაეხმაროს თვითმმართველობებს. ყველა კონკრეტულ შემთხვევას ვსწავლოთ. ბევრი სარეაბილიტაციო სამუშაო დაწყებულია და უახლოესი დღეები გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად წავალთ წინ. 2-3 დღის განმავლობაში ძირითადი დაზიანებული სახურავები აღდგენილი იქნება",-დასძინა ნარმანიამ.