ვიქტორ დოლიძე: არ მაქვს ილუზია, რომ ისინი ყველაფერზე წამოვლენ

ვიქტორ დოლიძე: არ მაქვს ილუზია, რომ ისინი ყველაფერზე წამოვლენ

საზოგადოებაში დიდი ემოციური სტაგნაციაა. თუ  ადამიანს ხალხთან ლაპარაკი არ გეზარება, ნახავ, რომ მოსახლეობა  წინააღმდეგია რევოლუციებისა და რაიმე მსგავსის. თუმცა, იმავდროულად აღარც იმის სჯერა, რომ არჩევნებით რეალური ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია. ნიჰილიზმი უკვე იმდენად ძლიერია, რომ ჩვეული ფრაზებით - ”საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაგვეხმარება” და ა.შ. - მას ვეღარაფერში დაარწმუნებ.

 

ამას ემატება ისიც, რიგითი ამომრჩევლისთვის რთულია გაიაზროს  სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის სრულიად შეცვლილი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის მნიშვნელობა. რაც კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ განწყობებს. როგორ აფასებენ საკრებულოში მუშაობის პერიოდს და როგორ აპირებენ მათ წინაშე მდგომი ურთულესი პრობლემების დაძლევას? ”პრესა.გე” ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, საკრებულოს წევრს, ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.  

 

უკვე რამდენიმე თვეა რაც თქვენ საკრებულოში მუშაობთ. გამოიკვეთა თუ არა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც უკვე დღეს შეიძლება, მაგრამ მათი მოგვარება არ ხერხდება?

- როდესაც  ჯანდაცვასთან თუ სოციალურ პრობლემატიკასთან, დასაქმებასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პროგრამები წარმოვადგინეთ, იქ ძალიან ზუსტად გვქონდა გათვლილი რა პრობლემები ჰქონდა ქალაქს და როგორ შეიძლებოდა მათი მოგვარება. რა იყო საჭირო იმისათვის, რომ ამ პრობლემების მოგვარება მართლაც უპირველეს პრიორიტეტებად ქცეულიყო. ეს ყველაფერი სულ დაწვრილებით გვქონდა გაწერილი რადგან დღეისათვის ყველაფერი აღრეულია.

 

საერთოდ რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც მერიის ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე 46 მლნ. ლარი იხარჯება ხოლო მუნიციპალურ ჯანდაცვის სისტემაზე - 33მლნ. მთელი რიგი პრობლემების მოგვარება უკვე დღეს შეიძლება. ამისთვის უბრალოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

 

ჩვენ არამარტო ლობირებას ვუწევთ ჩვენს საარჩევნო პროგრამებს საკრებულოში, არამედ ვაპირებთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. თუ რაზე რამდენი უნდა დაიხარჯოს მომავალი წლის ბიუჯეტიდან და რა პროგრამებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება განსაკუთრებით. მაგალითად გემახსოვრებათ, რომ ჩვენ გვქონდა უფასო მშობიარობის პროგრამა, ფეხმძიმობის პატრონაჟი, მუინიციპალური სააფთიაქო ქსელი, მარჩენალდაკარგულებზე, ვეტერანებზე და ა.შ. შეღავათების დაწესება. ამ ყველაფრისთვის 117-120 მლნ. ლარია მხოლოდ საჭირო. დღევანდელ 700 მლნ-იან ბიუჯეტში ამ თანხების მოძიება შესაძლებელია.

 

 და რატომ არ ხდება ეს?

- იმიტომ რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება...

 

ხელისუფლება თავისი თავის მტერი ხომ არ არის, მათაც ხომ უნდათ, რომ მოსახლეობა მათი მმართველობით კმაყოფილი იყოს...  იქნებ, ამ პრობლემების მოუგვარებლობის სხვა, ობიექტური მიზეზებია და არა, პოლიტიკური ნების არარსებობა?

-კარგი კითხვაა! მე ამის ობიექტური მიზეზები ვერ ვნახე. ყველაფერი ბიუჯეტსა და თანხებზეა დაფუძნებული. თუკი არსებობს შესაბამისი თანხები, მაშინ მათი გადათამაშებაც შეიძლება იმ პროგრამებზე რომლებიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ხალხს. ხალხს კი ყველაზე მეტად მძიმე სოციალური პრობლემების მოგვარება ესაჭიროება - ჯანდაცვითი და განათლების; როგორც ფედერალურ ასევე, მუნიციპალურ დონეზე.

 

თუ დავაკვირდებით ხელისუფლების მიერ თანხების ხარჯვას წინასაარჩევნო კამპანიის წინ, მისი მიმდინარეობისას და შემდგომ, აბსოლუტურად ნათელი გახდება რატომ არ წყდება პრობლემები. თუნდაც, წლევანდელი ბიუჯეტი ავიღოთ. მისი 70% პრაქტიკულად უკვე გახარჯულია და თან, წლის პირველ ექვს თვეში გაიხარჯა. დარჩენილია მხოლოდ 30%.

 

თან, ეს თანხა დამტკიცდა გასულ წელს და გაიხარჯა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ანუ მაშინ, როდესაც ოპოზიციას არ ჰქონდა კონსტროლის ბერკეტები და არ შეგვეძლო ხმა მიგვეცა ან არ მიგვეცა ამ ბიუჯეტისთვის. მით უფრო, მისი ხარჯვითი ნაწილისთვის. ამიტომაც ვამბობ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოჩნდება რისთვის არის მზად ხელისუფლება და რისთვის, არა.

 

თუმცა, რეალურად თქვენ ვერაფერს შეცვლით, რადგან საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან ცოტანი ხართ...

- გეთანხმებით, ძალთა ბალანსი მართლაც დარღვეულია და არამარტო აქ არამედ, მთლიანად ქვეყანაში. აღარაფერს ვამბობ ქალაქის მუნიციპალურ საკანონმდებლო ორგანოზე. სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ 17 ივნისის შემდეგ მუნიციპალურმა ორგანომ საქმიანობის სტილი შეცვალა.

 

და რაში გამოიხატება ეს?

- თუნდაც, ხალხთან უფრო მეტ კომუნიკაციაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ სტრუქტურებთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობასა და ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტების უფრო ეფექტურად გამოყენებაში... სულ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცით როდესაც საკრებულოში შემოვედით და მერე,  ამ კომისიას ხელმძღვანელობა ვიკისრეთ.

 

ჩვენ მიღების საათებიც კი არ გვაქვს; ყოველ დღე, დილიდან საღამომდე, ჩემი და ჩემი აპარატის თანამშრომელების კარი ღიაა ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის და გვიზიარებს პრობლემებს. უნდა გითხრათ, რომ რაღაცეები გამოგვდის კიდეც.

 

მაგალითად?

- მაგალითად, ინდივიდუალური დახმარებები თუნდაც, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის, ფარისებური ჯირკვლის ოპერაციებისთვის და ა.შ...

 

შეგიძლიათ დაასახელოთ თუნდაც ერთი ონკოლოგიური ავადმყოფი, რომელსაც თქვენი დახმარებით მუნიციპალიტეტმა ოპერაცია თუ სხვა საჭირო მანიპულაციები დაუფინანსა?

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე ერთი კი არა, არაერთი ონკოლოგიური ავადმყოფის მკურნალობა დააფინანსა მამუკა ქაცარავას სამსახურმა. გარდა ამისა, მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა შეგვიძლია ავიღოთ. იცით, რომ ნარკომანია უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვისაც კი; ჩვენ პრაქტიკულად, ამ პრობლემის გამო, ხელიდან გვეცლება მომავალი თაობა.

 

ჩვენ შევძელით ადამიანების ჩართვა მეტადონის უფასო მკურნალობის პროგრამაში. ზოგიერთი მათგანი თავიდან ფასიანი ავადმყოფი იყო, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე  ვეღარ შესძლო გაგრძელება და მისი უფასო პროგრამაში გადაყვანა იყო საჭირო - იცით, რომ ქალაქში უმუშევრობა 40-45%-ს შეადგენს.  ზოგიც, თავიდანვე უფასო პროგრამაში ჩართვას ითხოვდა... ასე რომ ინდივიდუალური დახმარების რეჟიმში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და კეთდება კიდეც.

 

აქტივობის თვალსაზრისით, თქვენ და ზურაბ აბაშიძეს საყვედური არ გეთქმით - დამოუკიდებელი ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებში მთელი ზაფხულის განმავლობაში სულ ჩანდა, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს ხვდებოდით... ასევე თინა ხიდაშელიც, ”ქრისტიან-დემოკრატებიც”... მაგრამ ერთია მოსახლეობასთან შეხვედრები და მეორე-მათი პრობლემების რეალური მოგვარება...

- არა, რატომ... როგორც გითხარით, რაღაცეები კეთდება. იგივე, საცხოვრისის თემა ავიღოთ... უამრავი ადამიანია საცხოვრისის გარეშე დარჩენილი. უამრავი სამ-ოთხშვილიანი ოჯახი ვიცი რომლებიც არათუ თავს ვერ ირჩენენ არამედ, პრაქტიკულად, ქუჩაში არიან რადგან თავშესაფარი არ აქვთ. განსაკუთრებით ისეთ ძველ, კოლორიტულ უბნებში როგორებიცაა ჩუღურეთი, ნავთლუღი... გარკვეული პრობლემები იმათაც მოუგვარა კომისიამ.

 

საკრებულოში ყოფნამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ დაგვენახა ის პრობლემები რომლებიც მანამდე არ ვიცოდით, რადგან აქ, შიგნით არ ვიყავით. მაგალითად, უსინათლოების პრობლემები. საქართველოში 10 000 უსინათლოა და აქედან 4 000 თბილისში ცხოვრობს. მათ უამრავი შეღავათი ჰქონდათ და უფასო ტრანსპორტის გარდა ფაქტობრივად, ყველა გაუუქმდათ. ამის აღდგენაა საჭირო.

 

ასევე, აუცილებელია ე.წ. მომვლელის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ, არ არსებობს. არადა, უსინათლოთა პრობლემაა ესეცაა, რადგან დაუხმარებლად იგი ელემენტარულად, მაღაზიაში ვერ გავა პურის საყიდლად და იმ უფასო ტრანსპორტით მგზავრობაც გაუჭირდება. ამაზეც ვფიქრობთ... გვინდა რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ყველა ეს პრობლემა გავითვალისწინოთ და მისი დამტკიცებისას აუცილებლად შევალთ ანალოგიური ინიციატივებით.

 

თუმცა, სავარაუდოდ, თქვენი ინიციატივების გატანას ვერ შესძლებთ...

- არ ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი. თუ ყველაფერზე, რასაც ”თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივა ჰქვია, თვალს დახუჭავენ და იგნორირებას მოახდენენ, ბუნებრივია, რომ ვერ გავიტანთ. თუმცა, ეს ის საკითხებია, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება დეპოლიტიზაცია.

 

საერთოდ, ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და მთლიანად დღევანდელ ხელისუფლებასთან ძალიან რთულია ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, აქ ეს კომუნიკაცია მაინც მეტ-ნაკლებად ჩამოგვიყალიბდა. ხელისუფლების რიგებშიც არიან ადამიანები რომლებიც ამ პრობლემების არსებობასაც აცნობიერებენ და მათი გადაწყვეტის აუცილებლობასაც. სწორედ ამ და ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემური ცვლილებების პროცესში გამოჩნდება ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოჩნდება - რამდენი და რა თანხები გამოიყოფა მრავალშვილიანებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, ვეტერანებისთვის, ინვალიდებისთვის და ა.შ.

 

მნიშვნელოვანია ისიც თუ როგორ მოგვარდება აგვისტოში გარეთ გამოყრილი დევნილების პრობლემა. სხვათაშორის, ამასთან დაკავშირებით, საკრებულოში მათი პრობლემების შემსწავლელი ჯგუფიც შეიქმნა.

 

ვინ შედის ამ ჯგუფის შემადგენლობაში?

- მე, კოკი იონათამიშვილი, ტარიელ ხიზანეიშვილი, კახა კუკავა და ალბათ თინა ხიდაშელიც ჩაერთვება. ამ ჯგუფის მიზანია უკლებლივ ყველა გამოსახლებული ლტოლვილებისთვის შესაფერისი საცხოვრისის მოძებნა. თან, მარტო თავშესაფარი ხომ არ არის? ელემენტარულად, ფოცხო-ეწერში სკოლაც კი არ არის. სად უნდა ისწავლონ ბავშვებმა? ამ მიდგომაზეა ლაპარაკი.

 

ახლა, ინტერვიუს პოლიტიკურ ნაწილზე გადავიდეთ... თქვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და პრაგმატული თანამშრომლობისთვის ხართ მზად. როგორ აპირებს თქვენი პარტია ამ მართლაც მეტად სერიოზული პრობლემის მოგვარებას?

- გააჩნია, რას ვეძახით თანამშრომლობას...

 

ნებისმიერ საკითხში...

- თუ ლაპარაკია იმაზე, რომ საკრებულოში ურთიერთობა გვაქვს მათ შორის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებთან... ეს იმისთვისაა საჭირო, რომ იმ ადამიანების პრობლემები მოვაგვაროთ ვინც ჩვენ ხმა მოგვცა.

 

თუ თანამშრომლობას ვეძახით იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვცდილობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას... თქვენ იცით, რომ ირაკლი ალასანიას ვიზიტის მერე გამოიყო 30 მლნ. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის. ამ თანხის შემოდინება სულ მალე დაიწყება და უპირველეს ყოვლისა, სწორედ საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ იქნება მიმართული. თავად საარჩევნო გარემოს შეცვლაში კი, ჩართულია არამარტო ჩვენი არამედ, 10 პოლიტიკური ძალა. პირველ რიგში, ”ეროვნული ფორუმი”. თუ ამას ჰქვია თანამშრომლობა, მაშინ არ ვიცი...

 

თუნდაც იგივე, საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ურთიერთობა რა ფორმატში წარმოგიდგენიათ?

- ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საფუძველია მომავალში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების. ჩვენ ასე გვჯერა! კომბლებით ხელში ჩვენ არაერთხელ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. ამის გაგრძელებას და მხარდაჭერას ჩვენ არ ვაპირებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბოლომდე ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

 

საარჩევნო გარემოს შეცვლა იქნება ინდიკატორი იმისა, შევძლებთ თუ  არა რაღაც სხვა პრობლემების მოგვარებასაც. საარჩევნო გარემო ხომ მხოლოდ სიები, ან მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი და მისი გამოყენების დაუშვებლობა არაა. ეს, პოლიციის დეპოლიტიზაციაცაა, მედიის და სასამართლოს თავისუფლებაც...

 

რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ვერ მივაღწიეთ. შესაძლოა, მინიმუმზე ნაკლებსაც კი მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ. თან, საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა მთლიანად შეცვლილია - ყველა ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ მხარს აღარ დაუჭერენ საქართველოში კიდევ ერთი უსამართლო არჩევნების ჩატარებას.

 

კი, ბოლო არჩევნები ძალიან შორს იყო ევროპული სტანდარტებისაგან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალი არჩევნები სხვაგვარად და სხვაგვარ გარემოში ჩატარდეს. თუ ოპოზიციური ძალები ამაში ერთიანნი იქნებიან, თუ ჩვენი პოზიციები იქნება ადექვატური და  შედეგზე ორიენტირებული, ჩვენ სერიოზული შედეგების მიღწევას შევძლებთ.

 

ცხადია, შეიძლება ყველაფერი არ გამოგვივიდეს, მაგრამ არის მთელი რიგი თემები, რომლებთან დაკავშირებითაც რეალური შედეგების მიღწევა ძალიან დიდი მონაპოვარი იქნება.თუნდაც, იგივე ბიომეტრიული პასპორტების თემა და სხვა.

 

ბუნებრივია, მე არ მაქვს ილუზია, რომ ისინი ყველაფერზე წამოვლენ და ხელისუფლება იდეალურ საარჩევნო გარემოს შექმნის. თუმცა, გარკვეული შანსები არსებობს.

 

ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ევროპის საელჩოებთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან... ამ შეხვედრების დროს, ყოველთვის, ყველა ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. ეს, მათი თვალთახედვითაც საშური საქმეა. თან, დროა ძალიან ცოტა - 2012 წელი კარსაა მომდგარი. თუმცა ეს დრო, პოლიტიკური  ნების არსებობისა და ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის შემთხვევაში, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ კონკრეტულ შედეგებსა და მშვიდობიან ცვლილებებს მიაღწიო.

 

არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ახერხებთ მოსახლეობა დაარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოში რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარებაც შესაძლებელია და მათი შედეგებით, რეალური ცვლილებების მიღწევაც?

- დავიწყოთ იმით, რომ შეცვლილია არა მარტო საგარეო არამედ, შიდა პოლიტიკური კონიუნქტურაც. საზოგადოებაში დღეს, სიმწიფის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ეს, თუნდაც მაისის არჩევნებამდე იყო. ხალხი უკვე ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ რეალური ცვლილებები უნდა გახორციელდეს რადგან ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.

 

მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. სწორედ ამიტომ, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით როდესაც საკრებულოში შემოვედით და თან, ყველაზე რთული კომისია ავიღეთ...

 

გეკითხებით: შეძლებთ მოსახლეობა დაარწმუნოთ, რომ თქვენი პოზიცია სწორია?

- მაქამდე მივდივარ... აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიაზე თუ ჩვენი პარტიის სხვა ლიდერებზე... პირადად მეც, ყოველდღიური შეხვედრები მაქვს ხალხთან თბილისსა თუ რეგიონებში.

 

ჩვენი პარტია - ”თავისუფალი დემოკრატები” - ინფრასტრუქტურულადაც და ადამიანური რესურსითაც, გაფართოების გზაზე ვართ. დავდივართ რეგიონებში: გავხსენით ოფისი ზუგდიდში; ახლა გორში ვაპირებთ და კახეთშიც გაიხსნება... და ამ ეტაპზე ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ  ძველი აგრესია აღარ უნდა ხალხს; აღარ უნდათ რევოლუცია და ”მოლოტოვის კოქტეილები” - სიტყვაზე ვამბობ, ცხადია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, სააკაშვილს, ახალი კონსტიტუცია თავის თავზე არ მოარგებინოს.

 

საზოგადოებამ რა შეიძლება გააკეთოს?

- ჩვენ სწორედ ამიტომ ჩავერთეთ. ოღონდ ჩავერთეთ არა თავად პროცესში - ეს არ იქნებოდა სწორი - არამედ, საზოგადოებას შევთავაზეთ ჩვენეული ხედვა. გარდა ამისა, ცვენს პარტიაში კონსტიტუციის პრობლემატიკაზე ინტენსიურად მუშაობენ თეა წულუკიანი და ლევან იზორია.

 

ჯერ კიდევ სულ საწყის ეტაპზე წარმოადგინა ჩვენმა პარტიამ თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება სწორედაც თავის თავზე ირგებს ამ ახალ კონსტიტუციას და სულაც არ არის ეს რეალური დემოკრატიული ცვლილებები როგორც ამაზე ხელისუფლება საუბრობს. ეს საკითხები ირაკლი ალასანიამ ბაქრაძესთან შეხვედრაზეც დააყენა. 

 

თუ არ ჩავერთვებით, თუ არ ვესაუბრებით მოსახლეობასაც და ხელისუფლებასაც, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? განზე გავდგეთ და რადიკალური განცხადებებით შემოვიფარგლოთ? ეს ჩვენ არ გვჩვევია და არც ვაპირებთ.

 

ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალასანიას მტკიცებით, თქვენმა პარტიამ ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი გადმოიბირა. მართლაც გადმოიბირეთ თუ არა ვინმე და თუ გადმოიბირეთ - ვინ?

- არა, ჩვენ არავის გადმობირებას არ ვცდილობთ. საერთოდაც, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში გადმობირება-გადაბირება. თუ ჩვენი პარტია ვინმესთვის მომხიბლავი იქნება ვინმესთვის და მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება. ბუნებრივია, წესიერ და კომპეტენტურ ხალხზე ვლაპარაკობ. სხვა დანარჩენი, ნებისმიერ გადმობირება-გადაბირებაზე ლაპარაკი ზედმეტია.