თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, სახელმწიფომ რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბა და „თვითმმართველობებს ჯალათი, სახელად გიგა ახვლედიანი ჰყავს“. ამის შესახებ მან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე განაცხადა.
უგულავას თქმით, რეგიონებში მიმდინარეობს ფინანსური შემოწმების "აღვირახსნილი პროცესი", რომელსაც თბილისიდან ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე „ყოფილი ლეგიონერი" გიგა ახვლედიანი კურირებს.
მან კონგრესზე შეკრებილ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხნეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიის ტესტი ახლა მათ მხრებზე გადის.
„რასაც ყოველ დღე ვხედავთ, არის პირდაპირი ზეწოლა თვითმმართველობებზე, აქტივისტების მიქსევა და თვითმმართველობის გადაქაჩვის მცდელობა. სახიფათოა, რომ ამ პროცესში ჩართულია სახელმწიფო უწყებები. თვითმმართველობის უმეტეს ორგანოებში შესულია ფინანსური პოლიცია და ეს პროცესი რეგიონებში განსაკუთრებით აღვირახსნილად მიმდინარეობს. სახელმწიფომ ორ თვეში უკვე რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბა და თვითმმართველობებს ჰყავს ახალი ჯალათი სახელად გიგა ახვლედიანი, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე და ძველი ლეგიონერი. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვინდა. არავინ არ არის შემოწმების წინააღმდეგი, თუმცა როდესაც ეს ხდება შემოსევის სახით იბადება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს"- განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიული განვითარების ტესტს გადის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ დასრულდეს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გაჩნდა ტერმინი „კოჰაბიტაცია", რომელიც თანაარსებობას ნიშნავს, თუმცა მისივე თქმით, ამ საკითხის აქცენტირება მხოლოდ ცენტრალურ დონეზე ხდება.
„საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ჩვენ საზოგადოებას თანაარსებობის კარგი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. ამის ნიშნები დღევანდელი ცენტრალური მთავრობისგან სულ უფრო მცირდება. თანაარსებობა ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ისინი იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ წარმატებებს მივაღწიეთ თვითმმართველობებში, წლიდან წლამდე არჩევითობის არეალი ფართოვდებოდა. 2010 წელს თბილისის მერი თბილისელებმა პირდაპირი წესით აირჩიეს და ავიღეთ ვალდებულება, რომ მერების არჩევა ყველა დიდ ქალაქში პირდაპირი წესით მოხდებოდა"- განაცხადა უგულავამ.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება შეთანხმება გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თვითმმართველობებთან მიმართებაში მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებები მისასალმებელი იყო, თუმცა მთავრობიდან დღეს მომავალი ლინგვისტიკა არ იძლევა იმ იმედის საფუძველს, რომ ვიდრე თვითმმართველობები მათი კონტროლის ქვეშ არ მოექცევა, მათ ფინანსების, ან რაიმე სხვა საკითხების დამოუკიდებლად განკარგვის საშუალება მიეცეთ.
„ადგილობრივი თვითმმართველობები 4 წლით არის არჩეული და პროცესი, რაც მონათლულია ხალხის აზრად, არის წაქეზებული, შეიცავს ოხლოკრატიის ნიშნებს და ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ეს მავნე პრაქტიკა უნდა დავასრულოთ, ვგულისხმობთ სკამების ფანჯრიდან გადმოყრას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველობები აღარ გვექნება. ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შევა და დაამხობს თვითმმართველობას. გამოვა, რომ არჩევნების შემდეგ გამარჯვებული მოითხოვს ყველაფერს, საზოგადოება კი მიიღებს არაფერს. ჩვენ უნდა დავიცვათ თვითმმართველობის უფლებები, რადგან ამით ვიცავთ ქვეყნის მომავალ ნორმალურ განვითარებას" - აღნიშნა მან.
თბილისის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხნეობისკენ მოუწოდა და ურჩია, იხელმძღვანელონ პრინციპით – ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის.
„ჩვენი თავდაცვის იარაღია მართალი სიტყვა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. ჩვენი ვალია, დავიცვათ თვითმმართველობები, რომელსაც დღეს პაჭანიკებივით შეესივნენ" - აღნიშნა უგულავამ.
კონგრესი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარეობს. მას ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც ესწრება.