საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული ურთიერთობა აშშ-თან, იმის მიუხედავად, რომ მისივე თქმით, წინა ორი ელჩის პირობებში, ორი ქვეყნის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფუჭდა.
"შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინა ორი ელჩის პირობებში, თვისებრივად გაუარესდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და, სამწუხაროდ, კონკრეტულად, ელჩებმაც შეიტანეს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი. რა თქმა უნდა, ელჩის გადაყენება, ხოლო ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მაგრამ მთავარია, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი განვითარება და ჩვენ ამას ველოდებით.
ჩვენ ველოდებით არა იმის მცდელობას, რომ შანტაჟის ქვეშ რაღაც გზავნილები გაგვიზიარონ, არამედ ველოდებით ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას. თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, მე ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ ამ ურთიერთობების გადატვირთვას.
ჩვენ გვაქვს ძალიან ხმამაღალი განაცხადი გაკეთებული, რომ როგორც კი გადმოიდგმება ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, მზად ვართ, რომ მთლიანად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და უფრო მეტიც, მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი - როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-თვის. ამაზე ხმამაღალ განაცხადს ვერ გააკეთებ. ვართ მოლოდინის რეჟიმში და, იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შემხვედრ ნაბიჯებს," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.