ირაკლი კობახიძე:

ირაკლი კობახიძე: "დიპ სტეიტის" ინტერესია, რომ ომი გახანგრძლივდეს რაც შეიძლება დიდხანს. რა თქმა უნდა, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა"

"რეალურად, ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას, პირიქით - თქვენ თუ დააკვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას (უმრავლესობას ვგულისხმობ), მთლიანად არის მომართული ომის გახანგრძლივებისკენ, პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, "დიპ სტეიტის" ინტერესშია ომის რაც შეიძლება გახანგრძლივება და სწორედ ამ ინტერესების ფარგლებში ექცევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაც. პრემიერი ამბობს, რომ "დიპ სტეიტს" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სჭირდება რუსეთის დამატებითი დისკრედიტაციისა და სამხედრო მიზნებისთვის.

"დიპ სტეიტის" ინტერესი არის, რომ ომი გახანგრძლივდეს რაც შეიძლება დიდხანს. რამდენ ხანს გაგრძელდება, რთულია ამის პროგნოზირება, მაგრამ აშკარად იკვეთება "დიპ სტეიტის" ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტად გახანგრძლივდეს ომი.

რა თქმა უნდა, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ბუნებრივია, ეს შესაძლო თეორიული და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ "დიპ სტეიტისთვის" იქნება ძალიან მომგებიანი სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეს მოახდენს რუსეთის ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პროპაგანდამ არ დაკარგოს თავისი ძალა და მეორე - სამხედრო თვალსაზრისითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. გავიხსენოთ უკრაინელების მიერ ჩატარებული კურსკის ოპერაცია - აქ საუბარია, რეალურად, კურსკის ოპერაციაზე, ოღონდ ცოტა უფრო დიდი მასშტაბებით. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება რუსეთისთვის და ამას ესწრაფვიან "დიპ სტეიტის" წარმომადგენლები, ამას ესწრაფვის მათი აგენტურა.

აქედან გამომდინარე, მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც - გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი და ამაზე საუბრობს დღენიადაგ ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა, სახეზეა მეორე ფრონტის ინტერესიც. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება, ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.