ირაკლი კობახიძე: დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს

ირაკლი კობახიძე: დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს

"დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და გუნდი მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ ამ სიტუაციაში მანიპულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დროის მოგება.

"პარლამენტში მოგვიწია აგენტურის შეყვანა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც კი იკავებდა თავის დროზე უცხოელი აგენტი, თუმცა გუნდი გაიწმინდა. გახარიას ისტორია მონაყოლი მაქვს არაერთხელ. პირდაპირ ზარი გაისმა სწორედ "დიფ სთეითიდან", როდესაც მან შეინარჩუნა შსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობა და შემდეგ სწორედ ამ ზარის გათვალისწინებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ასევე 2016 წელს 10-ზე მეტი აგენტი მოხვდა საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" სიიდან და 2019 წელს პრინციპში თავად გაგვიწმინდა საკუთარი გუნდი.

გახარიას შემთხვევაშიც იგივე მოხდა, რეალურად საბოლოო ჯამში "დიფ სთეითმა" გადააყენა გახარია თანამდებობიდან, რომ არ გადაეყენებინა, შესაძლოა, მათთვის უფრო მომგებიანად წარმართულიყო სცენარი. თუმცა ჩათვალეს, რომ მაშინ პოპულარული იყო გახარია და მისი გადადგომით სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. 2019 წელსაც ეგონათ, რომ პარლამენტიდან როცა გაიყვანეს აგენტურა, ჩამოიქცეოდა "ქართული ოცნების" გუნდი, ვერ გათვალეს ვერც იმ შემთხვევაში, ვერც ამ შემთხვევაში. დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და გუნდი მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ ამ სიტუაციაში მანიპულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.