სომხეთი სავაჭრო და სატრანზიტო პრობლემებში ეხვევა და ცდილობს, საქართველო დაადანაშაულოს

სომხეთი სავაჭრო და სატრანზიტო პრობლემებში ეხვევა და ცდილობს, საქართველო დაადანაშაულოს

სომხეთი სატრანზიტო ტვირთის გადაადგილებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს. ბოლო პერიოდში, მეზობელ ქვეყანას ძალიან დაეძაბა ურთიერთობა რუსეთთან, სომხეთის ეკონომიკა კი, დიდწილად, სწორედ რუსეთზეა მიბმული. მოსკოვი თანდათან ბლოკავს სომხეთიდან, როგორც ექსპორტს, ასევე იმპორტსაც. ამ შემთხვევაში, საქართველოს როლი მხოლოდ ტვირთების გატარებით შემოიფარგლება, მაგრამ აქცენტი, რატომღაც, მაინც ჩვენზე კეთდება.

როგორც თხევადი გაზის იმპორტიორ სომხურ კომპანიებში აცხადებენ, პროდუქტით დატვირთული ასობით მანქანა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ქართულ მხარეს ჰყავს გაჩერებული, უცნობი მიზეზებით.

„ჩემი მძღოლები 8-9 დღეა გაჭედილები არიან. არანაირი ნიშანი არ გვაქვს, რომ ქართველები გამოატარებენ“, - განუცხადეს „რადიო თავისუფლებას“ ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც დაადასტურეს, რომ საუბარია 500-მდე სატვირთოზე.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს, პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე განცხადება, ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მინისტრის ერთადერთი ოფიციალური განცხადება იტყობინებოდა, რომ ორშაბათს, სომხეთში, თხევადი გაზით დატვირთული 44 სატვირთო შევიდა, შაბათ-კვირის განმავლობაში კი - 99. გევორგ პაპოიანმა ისიც აღნიშნა, რომ თხევადი გაზი კიდევ უფრო გაძვირდებოდა, ქვეყანაში ამ რაოდენობის საწვავის შეტანაც რომ ვერ მოეხერხებინათ. შეფერხებაზე არ საუბრობს ქართული მხარეც.

ამ ორი თვის წინ, უკვე შეფერხდა სომხეთიდან კონიაკის მრავალმილიონ-დოლარიანი ექსპორტი რუსეთის მიმართულებით. შედეგად, სომხური კონიაკით დატვირთული არაერთი სატვირთო ავტომობილი საქართველოში შეყოვნდა. მიზეზი რუსეთ-სომხეთის დაძაბული ურთიერთობაა, რომელსაც მოსკოვმა სავაჭრო მარყუჟი მოუმარჯვა.

თუმცა, სომხეთში ამის დაჯერება არ უნდათ. მათ ჰგონიათ, რომ რუსეთში ტრანზიტს საქართველო აფერხებს. ჯერ კიდევ მაისში, ერევანში, საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივი კონტროლის პროცედურებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ დროში გაწელილი პროცესი მათ ფინანსურ ზარალს აყენებთ. სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე, გაგიკ მაკარიანი მაშინ აცხადებდა, რომ საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული მანქანების დიდი ხნით გაჩერების საკითხზე, სომხეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს უნდა მიმართონ, რადგან ქართული მხრიდან პრობლემის გადაჭრის ნაბიჯებს ვერ ხედავს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს.

საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა ხოფერიამ განაცხადა, რომ საერთოდ საეჭვოა, სომხეთისნაირ პატარა ქვეყანას 500 ერთეული, 20-ტონიანი სატვირთო ჰყავდეს.

„სომხეთში თხევად გაზზე ფასის მატებას კრიტიკულ ამბად ნამდვილად ვერ შევაფასებ, რადგან სეზონის სხვადასხვა მონაკვეთებში, ფასების ასვლა-ჩასვლა ჩვეულებრივი პროცესია. ამ ყველაფერს ადასტურებს წლების სტატისტიკა, რასაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა შეიძლება ჩახედოს.

ფასების მატება განსაკუთრებით სწორედ ამ პერიოდიდან იწყება და ყველაზე უფრო მასშტაბურად აგვისტო-სექტემბერში აისახება, როცა ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონია.

საერთოდ, გაზვიადებული მგონია სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში გაჩერებული სატვირთოების რაოდენობა 500 ერთეულია - თითო ასეთი სატვირთო 20 ტონამდე ტვირთს იტევს და ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი სატვირთო ჰყავს?! ცხადია, არ ვამბობ იმას, რომ სატრანზიტო მარშრუტის უცხო ქვეყანაში გაჩერება კარგი ფაქტია, მაგრამ რიცხვი აშკარად გაზვიადებულს ჰგავს“, - განაცხადა ხოფერიამ.

ბოლო პერიოდში, სომხეთის მიმართულებით საქართველოზე გამავალი ტრაილერების ნაკადი შემცირდა. ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში, ყოველდღიურად, 1300-მდე სატრანზიტო ტრაილერი შემოდის. მთლიანობაში, 2025 წლის განმავლობაში, საქართველო სულ 229 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით ნაკლებია. თითოეული ტრაილერი ტრანზიტისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის გადასახადს იხდის, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავალი, ამ მხრივ, წლის პირველ ნახევარში, 80 მილიონ ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ყველაზე აქტიურად სწორედ სომხეთი იყენებს, რადგანაც წელს, სომხეთის მიმართულებით, საქართველო 57 500-მა ტრაილერმა გადაკვეთა, ამასთან, სომხეთისკენ მიმავალი ტრაილერების რაოდენობა წელს 2%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 38 600 ტრაილერით, სადაც მიმავალი ტრაილერების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა. მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს - 37 000 ტრაილერით, ამასთან, თურქეთთან 16%-იანი კლება ფიქსირდება.