რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაქარეიშვილმა განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე მთავრობა მზადაა, განიხილოს ახალი ნაბიჯები, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გამყარებას ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ მხარეს ჟენევის ფორმატის მხარდაჭერა დაედასტურებინა.
„უაღრესად სასარგებლო შეხვედრა იყო. აშშ ჩვენთვის სტრატეგიულად წამყვანი სახელმწიფოა. შესაბამისად, მასთან კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ მალე შედგება ჟენევის ფორმატის ახალი რაუნდი, რომელშიც საქართველოს ახალი მთავრობა მიიღებს მონაწილეობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დისკუსიების დღის წესრიგზე საუბარი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მზადაა, დისკუსიების ფორმატში მეტი დინამიკა შეიტანოს.
„მნიშვნელოვანია დაგვედასტურებია, რომ ჩვენ ცალხმრივად და ცალსახად ვუჭერთ მხარს ჟენევის ფორმატს და მზად ვართ, რომ ახალმა მთავრობამ ამ მიმართულებით მეტი დინამიკა შეიტანოს და იმ ფონზე, რომ ჩვენ მკაფიოდ გვჯერა დასავლეთის მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ახალი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გამყარებას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.