პარლამენტის, ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის მიერ, შექმნილი პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საქმეების შემსწავლელი კომისიის წარმომადგენლებმა ლევან ჩიტაძემ, ნინო გვენეტაძემ და მერაბ ტურავამ დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას, პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის შესახებ ისაუბრეს.
პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, კომიტეტის მუშაობასა და ზოგადად, სიის შესახებ, ორაზროვანი, დამაბნეველი განცხადებები გაკეთდა და საზოგადოებაში დეზინფორმაცია გავრცელდა, რაც მათი თქმით, მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გაუგებრობების გაჩენას ემსახურება.
კომისიის წარმომადგენლების თქმით, კომისიის მუშაობისას აქცენტი არ კეთდება მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ სიაზე არამედ, ისინი კომისიაში შესულ ყველა საქმეს სწავლობენ და საბოლოო ჯამში, თუ რამდენ ადამიანს გაუწევენ რეკომედაციას, რომ პარლამენტმა პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭოს, გადაწყვეტილებას საერთო კენჭისყრით მიიღებენ.
კომისიის წარმომადგენლის ლევან ჩიტაძის განცხადებით, კომისია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, მიწოდებული სიით ხელმძღვანელობს და საბოლოო გადაწყვეტილებაც, ამ სიების შეჯერებით მიიღება.
„გაჩნდა ტერმინები, როგორიცაა ერთი ორგანიზაციის სია, მეორე ორგანიზაციის სია და საზოგადოება ამ ტერმინებით დაიბნა. გაჩნდა განწყობა, რომ არის რამოდენიმე სია და რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საკუთარ სიას ლობირებს. კომისია, რომელიც პარლამენტის მიერ შეიქმნა, ყველა პოლიტპატიმრის საკითხს იხილავს. ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, მოწოდებული სიით ვხელმძღვანელობთ. აქ, არა სწორება მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ სიაზე, პოლიტპატიმრების რაოდენობა არ განისაზღვრება ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობით, პოლიტპატიმრების რაოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, შესწავლილი საქმეების და აღიარებული პოლიტპატიმრების მიხედვით“, - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
კომისიის წარმომადგენლის ნინო გვენეტაძის განცხადებით, ის რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა „საია“-მ და და „კონსტიტუციის 42 მუხლმა“ დატოვა, არ მიანიშნებს იმას, რომ მათ შორის თანამშრომლობა დასრულდა.
„სამუშაო ჯგუფი ვმუშაობთ არაორდინალურ სიტუაციაში და ვცდილობთ, ყველა შემოსული საქმე ჯგუფის მიერ, იყოს განხილული და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული. არის აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, პროფესიულად აზრების გაცვლა-გამოცვლა და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, ეს ესეც უნდა იყოს.
ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ ვართ სამუშაო ჯგუფი და ჩვენი უფლებამოსილება კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთან ხდება მხოლოდ მსჯელობა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტისათვის წინადადებების მომზადება. ჩვენ ღია ვართ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გვენეტაძემ.
კომისიის კიდევ ერთი წევრის, მერაბ ტურავას განცხადებით, თქმა იმისა, რომ კომისიამ ზედაპირულად იმუშავა და დაკისრებულ მოვალეობებს პასუხისმგებლობით არ მოეკიდა, სწორი არ იქნებოდა.
„ბუნებრივია, ჩვენ ყველა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ სიას ერთმანეთთან ვაჯერებთ და საბოლოო სია კომიეტეტს წარედგინება, რომელზეც კომისია პასუხიმგებლობას იღებს, საბოლო გადაწყვეტილება კი, პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“,- განაცხადა ტურავამ.