სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, საპატიმრო დაწესებულებებს უახლოეს მომავალში 6 500-მდე პატიმარი დატოვებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემა „მთავარ კითხვაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღების პირველსავე დღეს სასჯელი მთლიანად 2 ათასამდე პატიმარს მოეხსნება.
„დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეფარდებული 2-3 მუხლიდან ორი მოეხსნება და დარჩება ერთი, რომლით გათვალისწინებული სასჯელიც, შესაძლოა, მოხდილი აქვს. კიდევ 3500 მსჯავრდებულს „უდო" შეეხება. არის პატიმართა ნაწილი, რომლებსაც დაუდგებათ პირობით ვადამდე გათავისუფლება. ამას თუ შეკრებითობის გაუქმებასაც დავუმატებთ, ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა" - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ამნისტიის ახალი რედაქცია ფრთხილი მიდგომებით არის გაკეთებული - ისე, რომ ქუჩაში კრიმინალი არ გაიზარდოს და საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
„იმის მიუხედავად, რომ ამნისტია რთულად სამართავი პროცესია, ის ნაკლებ საფრთხეს ქმნის, ვიდრე პრეზიდენტის შეწყალება. პრეზიდენტმა 200-ზე მეტი ისეთი ადამიანი გამოუშვა, ვინც რეციდივის ჩამდენია. მათ შორის იყვნენ მკვლელობისთვის გასამართლებულებიც, მაშინ, როდესაც ასეთ დანაშაულებს ამნისტია არ ეხება" - აღნიშნა სუბარმა.