საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2012 წლის 30 ნოემბერს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ პაპუნა პაპასკირისა და ნინო კალანდიას გამოფენას „13/13".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების, ნინო კალანდიასა და პაპუნა პაპასკირის ერთობლივი შემოქმედება. ორივე მხატვარი წარმოშობით სოხუმიდან არის. მათი შინაგანი, მუდმივი განცდის შედეგია აფხაზეთის თემაზე შექმნილი ახალი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ გამოფენის ავტორები, 19 წლის შემდეგ, პირველად ეხებიან ამ თემატიკას.
პროექტის კონცეფციაა პირობითად გააზრებული აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოფენა არ ეძღვნება ომს და არც მშვიდობას, ის ეძღვნება შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს, ტკივილსა და სიხარულს, გაცნობიერებულსა თუ გაუცნობიერებელს, მარტოობასა და სიჩუმეს.
გამოფენა გაგრძელდება 2012 წლის 10 დეკემბრამდე.