ზაურ შირიევი “Todays Zaman”
ევროკავშირის საქმიანობის გააქტიურება შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2004 წლიდან პოლიტიკური სტრატეგებისა და მეცნიერების დისკუსიის საგანია.
თუმცა, ბოლო თვეებში, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის (EUSR) პიტერ სემნების მოღვაწეობის ვადის დასრულებასთან ერთად (2011 წლის თებერვალი), ბლოკი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ადგილობრივი ანალიტიკოსები უკმაყოფილონი არიან იმ წინააღმდეგობით, რაც ერთი მხრივ მასშტაბური პროექტების ამოქმედებითა და მეორე მხრივ ბლოკის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაუქმებით იქმნება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის რეკომენდაციით, სემნები სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კონფლიქტში სპეციალური წარმომადგნელის რანგში გამოცდილმა დიპლომატმა ფილიპ ლეფორტმა შეცვალა. ლეფორტი ამ თანამდებობაზე 2011 წლის პირველი სექტემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. სამხრეთ კავკასიაში პირველი ვიზიტის დროს, ევროკავშირის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სერიოზულ ყურადღებას დაუთმობს კონფლიქტების გადაწყვეტას. ამ განცხადებით მან წინამორბედთა დაპირებები გაიმეორა. 2006 წლის 11 სექტემბერს Mediamax-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში სემნებიმ მტკიცედ განაცხადა „ჩემი მთავარი პრიორიტეტი რეგიონის გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაა“.
ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული მიმდინარე პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასაც მოიცავს, საკითხი, რომელიც ყოყმანის საგანია აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში, რომლებისთვისაც ევროკავშირის პოლიტიკის ეს გეოგრაფიული განზომილება არადამაჯერებელია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ არიან დარწმუნებულნი არიან თუ არა ამ რეგიონის ნაწილი. 2009 წელს, ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მისი „აღმოსავლური პარტნიორობის“ ინიციატივაში ჩართო. პროექტი „რბილი ძალის“ პოლიტიკას ეფუძნება.
თუმცა ამ „რბილი ძალის“ სტრატეგიას თანმიმდევრული ქმედებები თითქმის არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 20 მაისს ევროპარლამენტმა „სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სტრატეგიის საჭიროების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, სადაც ხაზგასმულია ის, რომ „გაყინული კონფლიქტები დაბრკოლებაა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის და ხელს უშლის სამხრეთ კავსკასიის რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ისევე როგორც „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ [ENP] „აღმოსავლური პარტნიორობის“ სრულყოფილ განვითარებას; მაშინ როდესაც კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“
სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დღემდე ელოდებიან მნიშვნელოვან წინსვლას ამ კონფლიქტების გადაწყვეტაში. ევროკავშირმა სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა იმით, რომ ამ წლის 20 იანვარს ახალი რეზოლუცია მიიღო „ევროკავშირის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში“. ორი დამოუკიდებელი რეზოლუციის მიღებამ (ერთში აქცენტი კეთდება სამხრეთ კავკასიაზე, მეორე შავი ზღვის რეგიონისკენაა მიმართული) ერთი ინსტიტუტის მხრიდან მთელი შავიზღვისპირეთის რეგიონის ირგვლივ პოლიტიკური გაურკვევლობა შექმნა.
არცერთი სიტყვა მთიანი-ყარაბახის კონფლიქტზე
პირველ რიგში, არის თუ არა სამხრეთ კავკასია შავი ზღვის სტრატეგიის ნაწილი? თუ არის, მაშინ რატომ ზღუდავს ეს ბოლო რეზოლუცია თანამშრომლობას – ანუ არ შეუძლია რეგიონის პრობლემების უფრო ღრმა ანალიზი? მეორეც, ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია ხაზს უსვამს რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას რეალურ საფრთხედ აღწერს და იმავდროულად არ ახსენებს კიდევ ერთ და უფრო მნიშვნელოვან მთიანი-ყარაბახის კონფლიქტს. ასეთი უთანასწორობა დაურწმუნებლობის განცდას აჩენს და ამცირებს ნდობას ევროკავშირის და მისი ინსტიტუტების მიმართ.
ევროკავშირის პოლიტიკის ორაზროვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კონფლიქტების მიმართ 20 იანვრის რეზოლუციით არ შემოიფარგლება. ევროკავშირი, ყოველთვის აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს; თუმცა აზერბაიჯანი მთიან-ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებულ ევროკავშირის მიდგომებში ორმაგ სტანდარტებს ხედავს. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტი (24-26 აპრილი, 2011 წელი) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა დაგმო და რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაგეგმა.
მეორე მხრივ, ევროპარლამენტის წევრები დრო და დრო სტუმრობენ აზერბაიჯანის მთიანი- ყარაბახის რეგიონს, რომელიც სომხეთს აქვს ოკუპირებული და ევროკავშირის ჩინოვნიკები ამაზე არ რეაგირებენ თითქოს იმ მოტივით, რომ ეს „პარლამენტის წევრების დამოუკიდებელი ვიზიტებია“ და არა ევროკავშირის ოფიციალური ვიზიტები. ეს შერეული გზავნილები, რომელიც ევროკავშირისგან მოდის, სერიოზულად არყევს მის ისედაც შეზღუდულ უნარს ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარების პროცესს და ზიანს აყენებს მთელ მის რეგიონალურ სტრატეგიას.
ამ რეგიონში კონფლიქტების ეფექტურ მოგვარებას ხელს უშლის ის, რომ მშვიდობის აღდგენის ფუნდამენტურ პროცესში კონსტრუქციული მონაწილეობის სურვილი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის მოლაპარაკებათა სტრუქტურებია შექმნილი (მაგალითად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფი) ეს ყველაფერი გახანგრძლივებულ და უაზრო მოლაპარაკებების პროცესში ცარიელ დაპირებებად რჩება. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი რეგიონში ეს „არც ომი, არც მშვიდობა“ სიტუაცია შენარჩუნდება როგორც ორმხრივი/მრავალმხრივი სამშვიდობო შეთანხმებების, ასევე მოლაპარაკებების გზით დარეგულირების გარეშე, მაშინ იმ შედარებით სტაბილურობას და მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს ერთი მხრივ აზერბაიჯანს და სომხეთს და მეორე მხრივ რუსეთს და საქართველოს შორის, საფრთხე ემუქრება. დღევანდელ დღემდეც, სწორედ ამ „ცარიელმა სტრუქტურებმა“ განამტკიცეს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი სამხრეთ კავკასიაში.
ცხადია, რომ ეს „არც ომი, არც მშვიდობა“ სიტუაცია ის დამატებითი ფაქტორებია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვრების ტრანსფორმაციაზე აისახება. სამხრეთ კავკასია არამდგრადი და არასტაბილური რეგიონია. 2008 წლის აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო რთული და მყიფე „სტატუს ქვოს“ მიმზიდველობა სოციოლოგიურ „მეგობარი-მტერი“ დისკურსთან შედარებით. ამ შემთხვევაში, იმ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც დღემდე „ნულოვანი საწყისის“ პრინციპებს ეფუძნება, მხოლოდ სტატუს-ქვოს მოწინააღმდეგეებმა შეიძლება გაიმარჯვონ. შედეგად, შავი ზღვის რეგიონი რუსეთის სათამაშო მოედანი ხდება. რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მისი სამხედრო შესაძლებლობების გაფართოვება, უკრაინის მთავრობასთან შავი ზღვის ფლოტისთვის სევასტოპოლში საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაზრდა 2042 წლამდე იმის მაჩვენებელია, რომ მოსკოვისთვის შავი ზღვის რეგიონი ახალი რუსეთია.
თითქმის ოცი წელია, რაც ევროკავშირმა გააფართოვა თავისი საზღვრები აღმოსავლეთით ბერლინის კედლიდან შავ ზღვამდე. ამ გეოპოლიტიკურ ძვრას ახალ შესაძლებლობებთან ერთად ახალი გამოწვევებიც მოჰყვა. მიუხედავად ამისა ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა მოსაწყენია, და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ის გაფართოვდა, თუმცა შეზღუდულია პოლიტიკური ძალაუფლებისა და მოქმედების მხრივ. ძალიან ხშირად, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება რეაქტიულობის პრინციპებს, ნაცვლად კონფლიქტების პროაქტიური და ეფექტური მართვისთვის მკაფიო სტრატეგიული ხედვის განსაზღვრისა.
თუკი ევროკავშირი სერიოზულად აპირებს აქტიური როლის შესრულებას შავი ზღვის რეგიონში, უფრო ფართო პერსპექტივის გახსნას კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებული პროცესების ხელშეწყობისთვის (როგორც ეს ნათქვამია მთელ რიგ დოკუმენტებსა და მაღალი რანგის ჩინოვნიკების განცხადებებში), მაშინ მან ერთდროულად უნდა შექმნას როგორც ძლიერი სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი, ასევე შეიმუშაოს კონფლიქტების მართვის ადეკვატური სტრატეგია. დღევანდელ დღეს, ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისგან გაუცხოების საფრთხე ემუქრება, რომლებსაც მობეზრდათ გაუთავებელი განცხადებები, დოკუმენტები და დაპირებები, რომლებსაც ჩვეულებრივ შედეგი არ მოჰყვება. 2011 წლის 12 სექტემბერს ევროკავშირმა მიიღო მანდატი, რომ მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ტრანსკასპიურ მილსადენზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტის მხარდასაჭერად შეთანხმების წინადადებით გამოდის. შესაბამისად, მოცემულ მომენტში, ამ პერსპექტიულმა რეგიონალურმა ენერგეტიკულმა ინტერესებმა უნდა უბიძგოს ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში მისი პოლიტიკური სტრატეგიის დეტალური შესწავლისკენ.
ზაურ შირიევი – საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბაქოს სტრატეგიული კვლევების ცენტრში და კავკასიის საერთაშორისო ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი
foreignpress.ge
2548
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85