2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო.
„ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ. ეს არის ის დოკუმენტი, რომლის გაცნობისას ნებისმიერი ადამიანი ნახავს რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და როგორი ფაქტები იყო", - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა დასკვნის პროექტზე მსჯელობისას.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 5 თებერვლის შემდეგ კომისიამ 46 სხდომა გამართა, 139 პირი გამოჰკითხა, მათ შორის, ოთხი პირი ორჯერ, ასევე გამართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონში, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი მე-13 დაწესებულება დაათვალიერა.
„დასკვნას საფუძვლად დაედო გამოკითხულ პირთა ახსნა- განმარტებები და განცხადებები, რომელთა რაოდენობაც დღეის მდგომარეობით არის 775. შევისწავლეთ ყველა ის საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, ასევე, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, განაჩენებიდა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც მოცემულ პერიოდში იყო გამოცემული და საკვლევ საკითხებს ეხებოდა", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დასკვნა რამდენიმე თავისგან შედგება და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; სახელმწიფოს წარმომადგენლების მის ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას; ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს; მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათი უფლებების დარღვევებს; მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების გაკეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს; 2008 წლის აგვისტოს ომს და ასევე, 2012 წლიდან დღემდე ომის პროპაგანდასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა 430-გვერდიანია და მასში იმ დანართების ნუსხა არ შედის, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს.
„იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოებს გამოადგება, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც მოწოდებული არიან აწარმოონ ნამდვილი კვლევა და ის საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის გამოიყენონ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის გადაწყვეტილებით, დასკვნის განუყოფელი ნაწილი იქნება ყველა ის განცხადება, რომელიც მოქალაქეებმა კომისიაში წარადგინეს.
„არაერთი განცხადება ამ დასკვნაშია ასახული, მაგრამ არის განცხადებები, რომლებიც დასკვნაში შეიძლება სრულყოფილად ასახული არ იყოს და ეს გასაგებიც არის. ამიტომ, ყველა განცხადება ჩაითვლება ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად და მას შემდეგ, რაც კომისია მუშაობას დაასრულებს, თითოეული განცხადების შესწავლა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება", - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე რიცხვებში საკითხს განსახილველად შეიტანს პლენარული სხდომების დღის წესრიგში.
„საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება და ამ დოკუმენტის პუნქტობრივი განხილვა მოხდება. ვიდრე საქართველოს პარლამენტი ამ დასკვნას არ მოისმენს, ბუნებრივია, ჩვენ, მესამე პირებთან მასზე მსჯელობას ვერ გავმართავთ", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.