[იზო რიკაძე]
„2008–2010 წლების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ (2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) და მაქსიმუმ 26-ჯერ (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები) აღემატება ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ,” - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ მიერ გაკეთებულ ანგარიშში, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსებას ეხება. ზემოაღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების დირექტორს ნინა ხატისკაცს ვესაუბრეთ:
- ჩვენ შევამოწმეთ იმ პოლიტიკურ პარტიათა წლიური შემოსავლები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. შემოწმდა ის სახელმწიფო სახსრები, რომელიც ოპოზიციური პარტიებს გადაეცათ 2010 წლის არჩევნების წინა პერიოდში ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად და დაფინანსება, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა 2008 წლის საპრეზიდენტო, საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოიზიდეს.
რამდენიმე წელია პარტიების დაფინანსება ისეთი კანონმდებლობით ხორციელდება, რომელიც რეალურად არ არეგულირებს ამ საკითხს და ბევრ თეთრ ლაქას ტოვებს. იმის გამო, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი გარემო არ არსებობს და ერთი პარტია მართავს ქვეყანას, ვიფიქრეთ, აღმოგვეჩინა პრობლემები, რომელიც პარტიების დაფინანსებას უკავშირდება და აქედან გამომდინარე გვესაუბრა მის გამოსწორებაზე.
კანონმდელობით პარტიების დაფინანსება სუსტად რეგულირდება. არ არსებობს ერთიანი ფორმა, რომლის თანახმად პარტიები წარადგენენ წლიურ ანგარიშგებებს, იმის თაობაზე თუ როგორ ხარჯავენ წლის განმავლობაში თანხებს. არ არსებობს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორ ფინანსდებიან პარტიები და ხდება თუ არა თანხების ჩრდილოვანი ხარჯვა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პარტიები თავის ნებაზე არიან მიშვებულები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს მხოლოდ პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ევალება, ხოლო პარტიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს. ზოგიერთი პარტია ხარჯების დიდ ნაწილს „სხვა ხარჯების“ გრაფაში აერთიანებს. ეს მაჩვენებელი ხშირად მთლიანი ხარჯების 70%-ია, ზოგ შემთხვევაში კი მილიონ ლარსაც აჭარბებს. ასეთი ფაქტების გამო პარტიათა ხარჯების ანალიზი მნიშვნელოვნად რთულდება.
„სხვა ხარჯებში“ მოთავსებული თანხები ნებისმიერი რამისთვის შეიძლება დაიხარჯოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პარტიას არ აქვს ინვოისების და ქვითრების წარმოდგენის ვალდებულება. როდესაც იცით, რომ მილიონობით ლარი შეიძლება „სხვა ხარჯებში“ გაატაროთ, საკმაოდ თავისუფალი ხართ, რომ ეს თანხა რისთვისაც დაგჭირდებათ, იმისთვის გამოიყენოთ.
დიდი პრობლემაა საკანომდელო ხარვეზები, რომელიც პარტიებს სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს შეუძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ წინასაარჩევნო კამპანიის ფონდში. ეს თანხა შეიძლება იყოს მილიონები და პარტიას არ ევალება პარტიიდან გადარიცხული თანხების წარმომავლობის განსაჯაროება. ბოლო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ მთლიანი დაფინანსების 96% გადარიცხა პარტიის ანგარიშიდან საარჩევნო ფონდში. ჩვენ 2011 წლის თებერვლამდე არ ვიცოდით ამ თანხების წარმომავლობა, ვინ რამდენი თანხა შესწირა მმართველი პატრიის სააჩევნო ფონდს და რამდენად კანონიერად იყო განხორციელებნული ეს შემოწირულობები. ჩვენ მოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ რადგან ვალდებულება არ ჰქონდა, მმართველმა პარტიამ კეთილი ნება არ გამოიჩინა ეს ინფორმაცია მაშინვე საჯარო გაეხადა. აქედან გამომდინარე 13,5 მილიონი ლარის წარმომავლობა გაუმჭვირვალე იყო. რადგან იურიდიულ პირს უფლება არ აქვს 100 ათას ლარზე მეტი შესწიროს პარტიის საარჩევნო ფონდს, ხშირად რომელიმე კომპანიის დამფუძნებელი სხვა შვილობილი კომპანიების საშუალებით ახროციელებს მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვას.
იქნებ კოკნტერული ფაქტები დაასახელოთ.
- 2010 წელს „თეგეტა მოტორსის“ 5-მა შვილობილმა კომპანიამ ჯამში 500 000 გადარიცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში. კანონმდებლობა ამით არ იღრვევა, რადგან კანონში წერია, რომ ერთ იურიდიულ პირს შეუძლია პარტიას შესწიროს მაქიმუმ 100 ათასი ლარი. ასევე შვილობილი კომპანიების საშუალებით გადაურიცხა მმართველ პარტას 100 ათას ლარზე მეტი „ავერსმა“.
არის შემთხვევები, როდესაც იურიდიული კომპანია თანხებს ცალკე პარტიას ურიცხავს და ცალკე საარჩევნო კამპანიის ფონდს. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ თანხა შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზეც და ამავე პარტიის წინასაარჩევნო ფონდშიც. ჯამში, ამ კომპანიამ მმართველ პარტიას 175 ათასი ლარი გადაურიცხა.
ასეთი ტიპის მანიპულაციები პარტიას საშუალებას აძლევს მეტი დაფინანსება მიიღოს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ პარტიებს არათანაბარი ხელმისაწვდომობა აქვთ ფინანსურ რესურსებზე. ეს კი იმას იწვევს, რომ პოლიტიკური კონკურენცია ქვეყანაში არაეფექტიანია. ამის შედეგია ის, რომ მმართველი პარტიის დაფინანსება წინასარჩევნო პერიოდში ზოჯგერ 26-ჯერაც კი აღემატება ყველა სხვა პარტიების დაფინანსებას ერთად აღებულს.
მე ვნახე თქვენი ორგანიზაციის კველვა, სადაც აღმოვაჩინე, რომ ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „ქრიტიან-დემოკრატებსა“ და „მრეწველებს“ მიუღიათ იურიდიული პირების დაფინანსება.
- იურიდიული პირები ერთი-ორი გამონაკლისის გარდა მმართველ პარტიას აფინანსებენ. თუმცა, თანხობრივად იმდენად დიდია სხვაობა ყველა სხვა პარტიისა და მმართველი პარტიის დაფინასებას შორის, რომ თამამად შეიძლება თქმა - პოლიტიკური კონკუნეცია ქვეყნაში პრაქტიკულად არ არსებობს.
სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პარტიები მოსახლეობაში პოპულარულები არ არიან. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, - ასეთი სხვაობა როგორ არის ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების მხადამჭერებსა თუ მომწონებლებს შორის, რომელიც თანხებს არ იშურებენ სახელისუფლებო პარტიის დაფინანსებისთვის?
ხშირად საუბარია მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამ მხრივ რა აჩვენა კვლევამ?
- ეს მართლაც სერიზული პრობლემაა როგორც წინასაარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში. თუმც ადმინისტრაციული რესურების მობილიზება ინტენსიურად ხდება არჩევნების პერიოდში. ძალიან ხშირია ადმინიტრაციული ბერკეტების გამოყენებისა და ზეწოლის ფაქტები. თუმცა, ეს ისეთი მტკივნეული თემაა, რომ კომპანიები, რომლებიც თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას, ერიდებიან საუბარს ნებაყოფლობით განახორციელეს შეწირულობა თუ ვიღაცის მოთხოვნით.
ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე ფიზიკური პირი, რომელთაც სოლიდური თანხები შეიტანეს მმართველ პარტიაში წინასაარჩევნოდ. მივედით ამ ადამიანების სახლებში, ვნახეთ მათი საცხოვრებელი პირობები და ვერ აღმოვაჩინეთ, რომ სოფელ გლდანულაში ან სხვაგან მცხოვრები ოჯახები მზად იყვნენ 30 ათასი ლარი შეეწირათ მმართველი პარტიისთვის. ადამიანი, როდესაც პარტიის ანგარიშზე 30 ათას ლარს რიცხავს, მისი შემოსვალი მინიმუმ ათჯერ მეტი ხომ მაინც უნდა იყოს? ამ ადამიანების საცხოვრებელი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ დიდი შემოსავალი ჰქონდათ.
ასეთი ფაქტები რაზე მიანიშნებს?
- ფიზიკური პირებისაგან შემოწირულობების მიღება ბევრ ქვეყანაში არის იმ ფულის ლეგალიზების, გათეთრების საშუალება, რომლის გამოჩენაც პარტიებს არ სურთ.
ბოლო საკანონმდებლო ინიციატივით ხელისუფლებამ ფიზიკური პირების შემოწირულობის ზღვარი 30 ათასიდან 60 ათასამდე გაზარდა. ამ ინიციატივას ოპოზიციურმა პარტიებმაც მოაწერეს ხელი. ეს რას მოიტანს?
- ეს მიუღებელი ინციატივაა. ვერანაირად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ცვლილება ხელისუფლებას იმისთვის უნდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს დაეხმაროს უფრო მეტი დაფინასების მიღებაში, რადგან ოპოზიციურ პარტიებს ერთეულები სწირავდნენ 30 ათას ლარს და 60 ათასი ლარის შემწირავი უფრო ნაკლები ეყოლებათ. ეს ინციატივა შემოწირულობის ზედა ზღვარის მიხედვით საქართველოს მოწინავე რიგებში დააყენებს. მაგალითად, აშშ-ს და კანადაში ფიზიკური პირების შემოწირულობების ზედა ზღვარი 2 ათასი და 2700 დოლარია. საქართველოს რეალობაში 30 ათასი ლარი ისედაც მაღალი ზღვარი იყო და მისი გაორმაგება ეჭვებს იწვევს. არის საშიშროება, რომ ამ გზით მოხდეს თანხების გათეთრება, რაც გამჭვირვალეობის საწინაღმდეგოდ გადადგმული ნააბიჯია.
ჩვენი კვლევით დადგინდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობის არათანაბარი პირობები და რესურსებზე არათანაბარი წვდომა აქვთ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მმართველი პარტიის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყო, ოპოზიციის გამოკვეთილი კანდიდატი კი ლევან გაჩეჩილაძე, მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღო დაახლებით 52%, გაჩეჩილაძემ კი როგორც მახსოვს 30%-ზე მეტი. მაგრამ თუ დაფინანსებას შევხედავთ (22 მილიონზე მეტი დახარჯა ნაციონალიური მოძრაობის კანდიდატმა და მხოლო 600 ათასი - ლევან გაჩეჩილაძემ. სააკაშვილის დაფინანსება 42-ჯერ მეტია გაჩეჩილაძის დაფინანსებაზე), მიღებული ხმები კი არ იყო ასე რადიკალურად განსხვავებული. აქ გამოჩნდა მნიშვნელოვანი პრობლემა - ვისაც მეტი პოლიტიკური ძალა და წარმომადეგენლობა ჰყავს ხელისუფლებაში, ის პარტია მეტად „უყვართ“ და სურვილი აქვთ ფული ძლიერს შესწირონ. თუმც ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს სხვა ფაქტორებიც.
მაგალითად, წინასაარჩევნოდ იზრდება სოციალურ, ჯანდაცვის და კულტურულ პროექტებზე დახარჯული თანხების მოცულობა. არჩევნების მერე კი ამ პროგრამების დაფინანსება ხშირად ნულამდე ჩამოდის. ადმინისტრაციული რესურსების ასეთი გამოყენება სხვადახვა პირობებში აყენებს პარტიებს.
P.S. პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მსჯელობას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამბობენ, რომ ეს ცვილელებები საარჩევნო გარემოს დიდად ვერ წაადგება და საარჩევნო კანონში ცვლილებების შემდგომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ბედი კვლავ ხელისუფლების კეთილი ნების ამარა დარჩება. წამოგიდგენიათ, რომ სააკაშვილი და მმართველი გუნდი ოდესმე ისე აენთოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილით, რომ ნებით თქვას უარი ადმინიტრაციული რესურსის გამოყენებაზე, „ნებაყოფლობით“ შემოწირულობებზე და ოპოზიციასთან თანაბარ ორთაბრძოლაში გავიდეს?